ფეხბურთი

13:20 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის უქმობა გრძელდება

იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელმაც “ნიცაში” გადასვლის შემდეგ ქომაგთა ყურადღება წარმატებული თამაშით ისევ მიიპყრო, მოედანზე გასვლას ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

26 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში “სენტ ეტიენთან” (1:0) დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, გუშინ კი “შალკესთან” შეხვედრა (0:2) ტრავმის მიზეზით გაუცდა.

როგორც გელზენკირხენელებთან თამაშის შემდეგ “ნიცას” თავკაცმა ლუსიენ ფავრმა განაცხადა, მარიო გუნდს სავარაუდოდ, პსჟ-სთან დაპირისპირებამდე (11 დეკემბერი) ვერ დაეხმარება. შესაბამისად, უახლოეს ტურებში “ბასტიას”, “გენგამისა” და “ტულუზას” წინააღმდეგ ნიცელებს მის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა.

ბალოტელი “ნიცაში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და ლიგა 1-ის 6 მატჩში ამდენივე გოლი მიითვალა, მისი გუნდი კი, ბევრისთვის მოულოდნელად, 13 ტურში მოპოვებული 32 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია.

0.111197