ფეხბურთი

2:35 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: სტამბულის ქამ-ბექი, "ბაიერნს" ყინვაში ფეხი დაუცდა (+VIDEO)

“ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” – მხოლოდ ამ ორმა გუნდმა გაინაღდა დღევანდელი სათამაშო დღის შემდგომ მერვედფინალში თამაში. ძალიან დაიძაბა სიტუაცია B ჯგუფში, სადაც მე-6 ტურში ძალზე საინტერესო მატჩები გველის. მიუნხენის “ბაიერნმა” მოულოდნელად როსტოვში წააგო და ჯგუფში პირველ ადგილს ხელი დაუქნია.

A ჯგუფში ლონდონის “არსენალსა” და პსჟ-ს პლეი-ოფში თამაში კარგა ხანია გრანტირებული ჰქონდათ, მაგრამ გასარკვევი იყო თუ ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე. ეს ყოველივე კი დასკვნით ტურში გაირკვევა. “ემირეითს სთედიუმზე” გუნდებმა ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს. ახლა ბოლო ტურის წინ უპირატესობას ფრანგული კლუბი ფლობს, რადგან ურთიერთშეხბედრებში უკეთესი მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, თუ უნაი ემერის გუნდი ბოლო ტურში მოიგებს, ჯგუფშიც იპირველებს. სხვათა შორის, ამ მატჩში უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე გუნდებმა კარის ჩარჩოში ზუსტად დაარტყეს. ამის მიზეზი კი, ორი ავტოგოლია. სხვათა შორის, მარკო ვერატი გახდა პსჟ-ს პირველი მოთამაშე ვინც ლიგაზე ავტოგოლი მიითვალა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, სადაც მესამე ადგილისა და ევროპა ლიგის საგზურის ბედი ირკვეოდა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სოფიაში, “ლუდოგორეცი” და “ბაზელი” უგოლოდ გაიყარნენ. პსჟ-სი არ იყოს, უპირატესობა ამ შედეგით ბულგარეთის ჩემპიონმა მიიღო და თანაბარი ქულების შემთხვევაში უეფას რანგით მეორე ტურნირზე ის გადაინაცვლებს.

B ჯგუფში მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ კიევის “დინამო” ბოლო ადგილს ვერ მოსცილდება. მიუხედავად ამისა, სერგეი რებროვის გუნდმა დღეს ნეაპოლში, “ნაპოლისთან” არაფერი დათმო და ქულას გამორჩა. სხვათა შორის, მასპინძლებმა მეტოქის კარისკენ 17-ჯერ დაარტყეს, რაც პირადი რეკორდია 2012 წლის შემდგომ (მაშინ “ნაპოლიმ” ჩელსის” კარისკენ 23-ჯერ დაუმიზნა), თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და შესაბამისად ჯგუფში სიტუაცია ძალიან, ძალიან გაირთულეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ქვეჯგუფის ლიდერია.

დიდებული სანახავი გამოდგა და ალბათ, დღევანდელი სათამაშო დღის ყველაზე მაგარი მატჩი შედგა “ვოდაფონ არენაზე” – “ბეშიქთაშმა” ლისაბონის “ბენფიკას” ქულა სასწაულებრივ გამოგლიჯა. სტამბულის ხსენებაზე ფეხბურთის ქომაგს ხშირად 2005 წლის “ლივერპული” – “მილანის” ფინალი ახსენდება. რაღა თქმა უნდა, ამ მატჩს არ ვადრით, მაგრამ სცენარით ნამდვილად დაემსგავსა დღევანდელი თამაში. “ბენფიკა” თურქეთის ჩემპიონს პირველი ტაიმის მერე 3-0 უგებდა, თუმცა შენოლ გიუნეშის გუნდმა ფანტასტიურად ითამაშა მეორე ტაიმში და ქულის მოპოვება შესძლო. დიდებული გოლი გაიტანა ჩენიკ ტოსუნმა, რომელიც დამერწმუნეთ ნახვად ნამდვილად ღირს. ახლა, “არწივები” (“ბეშიქთაში”) მესამე ადგილზე არიან, თუმცა თუ ბოლო ტურში მოიგებენ, პლეი-ოფში გავლენ. ასევე ითამაშებს მერვედფინალში თუ თვითონ აუტსაიდერ “დინამოსთან” ქულას ირგუნებს, ხოლო პარალელურ მატჩში “ბენფიკა” “ნაპოლის” აჯობებს. პორტუგალიელი “არწივების” ბედი კი, მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელშია – ლისაბონელებს “ნაპოლისთან” მოსაგები აქვთ, თორემ მერე კიევის “დინამოს” იმედად მოუწევთ დარჩენა.

C ჯგუფში კატალონიის “ბარსელონამ” გლაზგოში “სელტიკს” ლიონელ მესის დუბლით მოუგო და პირველი ადგილი ერთი ტურით ადრე დაიბევა. სხვათა შორის, მესიმ ამ ლიგაზე კარში ზუსტად 10-ჯერ დაარტყა და მის ანგარიშიზე 9 გოლია. “ბარსამ” რომ ჯგუფი უკვე მოიგო, “გლადბახის” დამსახურებაცაა, რომელმაც შინ “სიტისთან” ქულა მოიპოვა. ამ ფრით გერმანელებმა მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური გაინაღდეს. არადა, ანდრე შუბერტის გუნდს რომ მოეგო, მეორე ადგილზე გასვლის შანსს იტოვებდა. ახლა კი, ამ ჯგუფში მე-6 ტური სრულ ფორმალობად იქცა.

D ჯგუფში მხოლოდ ის ინტირგა შემორჩა თუ ვინ გავა მესამე ადგილზე. ამჟამად “როსტოვი” პსვ ეინდჰოვენს 3 ქულით კი სჯაბნის, მაგრამ ბოლო ტურში მარცხის შემთხევაში ევროპა ლიგაზე ჰოლანდიის ჩემპიონი გადაერთვება. ჯგუფი კი “ატლეტიკომ” მოიგო, რომელმაც პსვ-ს 2:0 მარტივად აჯობა. სხვათა შორის, “როხიბლანკოს” 5-დან 5 მოგება აქვს და ასეთი კარგი შედეგი ჯგუფში ამ გუნდმა პირველად დააფისქირა.

მანამდე კი, მიუნხენის “ბაიერნი” როსტოვში შერცხვა – რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა კარლო ანჩელოტის გუნდთან ისტორიული თამაში მოიგო. ამ მარცხით “ბაიერნმა” პირველ ადგილზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა და ახლა ბოლო ტურში “ატლეტიკოსთან” მხოლოდ ფორმალურად თუ იასპარეზებს.

“არსენალი” – პსჟ 2:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 კავანი (18), 1:1 ჟირუ (45, პენ), 2:1 ვერატი (60 ა.გ), 2:2 ივობი (77, ა.გ)

“ლუდოგორეცი” – “ბაზელი” 0:0 (0:0) VIDEO

“ბეშიქთაში” – “ბენფიკა” 3:3 (0:3) VIDEO

გოლები: 0:1 გუედეში (10), 0:2 სემედო (25), 0:3 ფეისა (31), 1:3 ჩენიკ ტოსუნი (58), 2:3 კვარეჟმა (83), 3:3 აბუბაკარი (89)

“ნაპოლი” – “დინამო” 0:0 (0:0) VIDEO

“გლადბახი” – “მანჩესტერ სიტი” 1:1 (1:1) VIDEO

გოლები: 1:0 რაფაელი (23), 1:1 დავიდ სილვა (45)

“სელტიკი” – “ბარსელონა” 0:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 მესი (24), 0:2 მესი (56. პენ)

“როსტოვი” – “ბაიერნი” 3:2 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 დუგლას კოშტა (35), 1:1 აზმუნი (44), 2:1 პოლოზი (50, პენ), 2:2 ბერნატი (52), 3:2 ნობოა (67)

“ატლეტიკო” – პსვ ეინდჰოვენი 2:0 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 გამეირო (55), 2:0 გრიზმანი (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.747586