ფეხბურთი

1:20 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალისტების მოლოდინში

დღეს, სამკვირიანი პაუზის მერე უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება და მერვედფინალის სია კიდევ უფრო შეივსება. რამდენიმე მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – “სევილია” – “იუვენტუსი”, “მონაკო” – “ტოტენჰემი”, “სპორტინგი” – “რეალი” და “კოპენჰაგენი” – “პორტუ” კი, განსაკუთრებით.

E ჯგუფი

ცსკა – “ლევერკუზენი”

ამ ჯგუფში ცსკა-სთვის ამოცანა მარტივად დგას: მხოლოდ მოგება დაუტოვებს პლეი-ოფში გასვლის შანსს. ამის გაკეთება კი, ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფ არმიელებს წესით უნდა გაუჭირდეთ. თავის მხრივ, გარანტირებული არც “ლევერკუზენს” აქვს რამე და რომ გაიმარჯვოს, მერვედფინალის საგზურს ვერ დაიბევებს. ისიც შესაძლოა, რომ ფრის შემთხვევაში გაინაღდოს მომდევნო ეტაპის საგზური. მოკლედ, გარდა ამ მატჩის შედეგისა, ყველაფერი პარალელურ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ამ გუნდთა პირველი წრის მატჩს გამარჯვებული არ გამოუვლენია. მაშინ, “ბაიერი” 2:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორი ქულა გაანიავა.

დღევანდელ შეხვედრაში “ლევერკუზენს” კისლინგი, ბენდერი და ბელარაბი, ხოლო ცსკას ცაუნია, პომაზუნი და იერემენკო ვერ დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი საერთოდ ცალკ თემაა: უეფამ ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

სავარაუდო შემადგენლობები:

მოსკოვი, “ცსკა არენა”

22 ნოემბერი, 21:00 საათი

ცსკა (4-5-1): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; ნათხო, გოლოვინი, ტოშიჩი, ვერნბლუმი, მილანოვი; ჩალოვი

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, ტოპრაკი, ტაჰი, ვენდელი; ბაუმგარტლინგერი, არანგიზი; ბრანდტი, ჩალჰანოღლუ, კამპლი; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

“მონაკო” – “ტოტენჰემი”

ამავე ჯგუფის მეორე თამაში უფრო პრინციპულია – “მონაკო” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” მიიღებს და არაა გამორიცხული მერვედფინალის საგზური გაიფორმოს. ამისათვის საჭიროა, ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ლონდონელებთან უბრალოდ არ წააგონ. ამ გუნდთა პირველი მატჩი “უემბლიზე” “მონაკომ” მოიგო (2:1). შესაბამისად, დღესაც ფავორიტია. საერთოდ, “მონეგასკები” აქამდე გაცილებით კარგად გამოიყურებიან ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე ლიგა 1-ში. სამაგიეროდ, “ტოტენჰემია” ლიგაზე უსახური და პრემიერლიგაში უკეთესი, სადაც უკვე 12 წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდა.

სხვათა შორის, “ლუი II”-ზე მაურისიო პოჩეტინიოს გუნდსაც 3 ქულისთვის მოუწევს გასვლა, რადგან თუ ვერ მოიგო, დიდი შანსია, ჯგუფში დღესვე ჩარჩეს.

ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრილან და სრული თანაფარდობაა: თითო-თითო მოგება/წაგება/ფრე.

დღევანდელ მატჩს ინგლისური კლუბი სერიოზული დანაკლისით ხვდება – ლამელა, ალდერვეილდი, უოლკერი და დევისი. ფრანგთა მხრიდან კი მხოლოდ ჟოაო მოუტინიოს თამაშია საეჭვო.

სავარაუდო შემადგენლობები:

მონაკო, “ლუი II”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი; სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; ჟერმენი, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიე, დაიერი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა, დემბელე; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

F ჯგუფი

“დორტმუნდი” – “ლეგია”

დორტმუნდის “ბორუსიას” პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს და ვარშავის “ლეგიასთან” მხოლოდ იმისთვის თუ გავა მოედანზე, პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს. ამისთვის კი, ტომას ტუხელის გუნდს ბოლო ტურში მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა. მანამდე იმ “ლეგიას” ეთამაშება, რომელიც ერთი ქულით ჯგუფის აუტსაიდერია და რომელსაც, პირველ ტურში 6:0 მოუგო.

ვარშაველთა მთავარ მიზანს კი ახლა მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური თუ წარმოადგენს. “სპორტინგთან” ჩამორჩენა ორქულიანია და ბოლო ტურში შინ მიიღებს ლისაბონურ გუნდს. ვაკო ყაზაიშვილსა და მის თანაგუნდელებს ამ სეზონში საუკეთესო პერიოდი უდგათ და უკვე 5 თამაშია არ წაუგიათ. მათ შორის, მადრიდის “რეალთან” წინა ტურში (3:3), სადაც მოგებაც კი შეეძლოთ.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს – მასპინძლებს, ბენდერი და ბურკი, ხოლო სტუმრებს ბერეჟინსკი არ ეყოლებათ. რაც შეეხება ყაზაიშვილს, უეფას ვებგვერდს იგი სავარაუდო შემადგენლობაში არ ჰყავს მოხსენიებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ვაინდეფელერი, პასლაკი, გინტერი, ბარტრა, შმელცერი; როდე; რამოსი, კასტრო, პულიშიჩი, დემბელე; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ლეგია” (4-2-3-1): მალარსჟი; ბერესჟინსკი, პაზდანი, რჟენიჩჟიაკი, ჰლუსეკი; კოპჩჟინსკი, მულინი; გილერმე, ოჯიჯა, რადოვიჩი; ნიკოლიჩი

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

მსაჯი: მარტინ სტრომბერგსონი (შვედეთი)

“სპორტინგი” – “რეალი”

დიდ ინტერესს იწვევს ლისაბონში, “სპორტინგისა” და “რეალის” მატჩი – “სამეფო კლუბმა” ვარშავაში ქულების დაკარგვით ძალიან გაირთულა სიტუაცია და ახლა პორტუგალიის დედაქალაქში მოგებაზე მოუწევს ფიქრი, ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ მადრიდელებს ჯგუფიდან გასვლის საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვთ და მეორეც, პირველი ადგილით გასვლა თუ უნდა, დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს.

თავის მხრივ, “სპორტინგი” კარგი გუნდი რომაა, გამოჩნდა. მიუხედავად სამი თამაშის წაგებისა. ჟორჟე ჟესუსის გუნდმა სამჯერვე ბოლომდე იბრძოლა და თავისუფლად შეიძლებოდა რომელიმე მატჩში ქულები აეღო. “რეალთან” კი, ალბათ გახსოვთ რა დრამტულად წააგო ბოლო წუთებში.

დღეს ზინედინ ზიდანი კაზემიროს, კროოსს, მორატასა და პეპეს მოისაკლისებს. როგორც ხედავთ, დანაკლისი სერიოზულია. სამაგიეროდ მადრიდულ დერბიში ჰეთ-თრიქის მერე დიდებულ განწყობაზე უნდა იყოს კრიშტიანუ რონალდუ. სხვათა შორის, რონალდუ მშობლიურ ქალაქსა და სტადიონზე ბრუნდება - 13 წლის შემდგომ იგი "სპორტინგის" წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება “სპორტინგს”, მას მხოლოდ ბრუნო პაცი ვერ დაეხმარება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“სპორტინგი” (4-5-1): რუი პატრისიო; ჟოაო პერეირა, კოატეში, რუბენ სემედო, ზეეგელაარი; კარვალიო, ადრიენ სილვა, ჟელსონი, ბრაიან რუისი, ბრუნო სეზარი; დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო; ბეილი, რონალდუ, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

G ჯგუფი

“ლესტერი” – “ბრიუგე”

ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” პრემიერლიგაში იმდენად ცუდად თამაშობს, გასავარდნ ზონასთან ძალზე ახლოსაა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ჯერაც წაუგებელი და გოლგაუშვებელია... კლაუდიო რანიერის გუნდი ევროსარბიელზე სხვა აღმაფრენით გამოდის. დღეს, “ლესტერი” ჯგუფის ღრმა აუტსაიდერ “ბრიუგეს” დაუხვდება და ერთი ქულაც ჰყოფნის, რომ მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე გაიფორმოს. წესით, მაჰრეზსა და კომპანიას ამის გაკეთება არ უნდა გაუძნელდეთ.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, ორი თვის წინ შეხვდნენ და მაშინ ინგლისის ჩემპიონმა 3:0 ადვილად მოიგო.

კლაუდიო რანიერის სასტარტო შემადგენლობის წევრები შმეიხელი, სლიმანი და მენდის იმედი ვერ ექნება, ხოლო მის ვიზავის დიაბის, ენგელსისა და ვორმერის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“ლესტერი” (4-4-2): ცილერი; ერნანდესი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, კინგი, მუსა; ოკაზაკი, ვარდი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“ბრიუგე” (4-2-3-1): ბუტელე; ვან რინი, პულანი, დენსვილი, კულსი; კლაუდემირი, სიმონსი; იზკუიერდო, ვანაკენი, ლიმბომბე; ვოსენი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

“კოპენჰაგენი” – “პორტუ”

ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს “კოპენჰაგენისა” და “პორტუს” შეხვედრას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯგუფიდან მეორე გამსვლელი გუნდის ვინაობა დღეს, “პარკენზე” გადაწყდება. პორტუგალიელები დანიელებს ორი ქულით სჯაბნიან, მაგრამ დღეს თუ წააგეს, ფაქტობრივად შანსს დაკარგავენ. თავის მხრივ, სტალე სოლბაკენის გუნდი საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და ორი თვის წინ, “დრაგაუზეც” დადებით შედეგს უწია. შესაბამისად, ეჭვი გვაქვს, მხოლოდ მოსაგებად გავა მისი გუნდი მოედანზე.

“კოპენჰაგენი” გადასარვე ფორმაშია და შიდა ჩემპიონატში ყველას უგებს. “პორტუზე” იგივეს ვერ ვიტყვით: “დრაკონები” სამი დღის წინ პენალტების სერიაში უცნობ “ჩავესთან” დამარცხდნენ და პორტუგალიის თასის მიღმა დარჩნენ. ასე რომ, ნუნუ ესპირიტუს პოსტის შენარჩუნება თუ უნდა, დღეს მინიმუმ არ უნდა წააგოს სკანდინავიაში.

“კოპენჰაგენს” კორნელიუსი და სანტანდერი დააკლდება, რაც დიდი დანაკლისია. სწორედ სანტანდერმა გაიტანა ამ გუნდთა პირველ მატჩში. “პორტუს” კი, ლაიუნისა და რუბენ ნევეშის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

კოპენჰაგენი, “პარკენი”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“კოპენჰაგენი” (4-1-4-1): ოლსენი; ანკერსენი, იოჰანსონი, იორგენსენი, აუგუსტუნსონი; კვისტი; ფალკი, დელანი, ვერბიჩი, ტუტუ; პავლოვიჩი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ოტავიო, ოლივერ ტორესი; ანდრე სილვა, ჟოტა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

H ჯგუფი

“დინამო” – “ლიონი”

“დინამოსა” და “ლიონის” შეხვედრა ალბათ, ყველაზე უინტერესოთა კატეგორიაში გადის დღევანდელ დღეს. ცოტა რთულია ჩემპიონთა ლიგის მატჩი ასე მოიხსენიო, მაგრამ ფაქტია, რომ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტს. “დინამომ” რომც მოიგოს, მესამე ადგილზე გასვლა მაინც ოცნების სფეროს უნდა მივაკუთვნოთ, ისევე როგორც, “ლიონის” ჯგუფიდან გასვლა გამარჯვების შემთხვევაში.

“ლიონს” 4 ქულა აქვს, “დინამოს” 0 – შესაბამისად, ბოლო ტურში კალენდარს თუ გადავხედავთ, ფრანგებს “იუვენტუსის” ვერმოგება და თავიანთი გამარჯვება დასჭირდებათ, ხოლო თუ დღეს ზაგრებელები იმძლავრებენ, მაშინ მესამე ადგილზე გასასვლელად ბოლო ტურში “იუვენტუსის” გასვლაზე დამარცხებაც დასჭირდებათ...

არადა, ბრუნო ჟენესიოს გუნდს ხორვატებთან ფანტასტიური მოგონებები აკავშირებთ: სამი თამაში, სამი მოგება, 12 გატანილი და ერთადერთი გაშვებული გოლი.

დღეს, “ლიონს” მამანა, ჟალე და გეძალი ვერ დაეხმარებიან, ხოლო მასპინძლებს ანტოლიჩი, ლოვრენი, სოსა, სუდანი და ტოიანოვიჩი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ზაგრები, “მაქსიმირი”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“დინამო” (4-5-1): ლივაკოვიჩი; მატელი, ბენკოვიჩი. შილდენფელდი, პივარიჩი; ჟონასი, პავიჩიჩი, სიტუმი, ჩორიჩი, ფერნანდესი; ენრიკეზი

მწვრთნელი: ივაილო პეტევი

“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; რიბუსი, დიახაბი, ნკულუ, რაფელი; გონალონსი, ტოლისო, ფერი, დარდე; ფეკირი, ლაკაზეტი

მწვრთნელი: ბრუნო ჟენესიო

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

“სევილია” – “იუვენტუსი”

სამაგიეროდ, ჯგუფის მეორე მატჩია ყურადღების ცენტრში – “სევილიასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება პირველი ადგილის ბედს გაარკვევს. მასპინძლებს ფრეც აწყობთ, თუმცა ხორხე სამპაოლის განცხადებით, მისი გუნდი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებს. “იუვენტუსი” კი, რომელსაც ამ სეზონში 17-დან 13 მატჩი აქვს მოგებული, ანდალუზიაში შესუსტებული შემადგენლობით ჩადის. მარკო პიაცასა და პაულო დიბალას, გონსალო იგუაინიც შეუერთდა ლაზარეთში. ამიტომაცაა, რომ დღეს მასიმილიანო ალეგრი შეტევაში მარცხენა მცველ ალექს სანდროს უპირებს გამწესებას.

“იუვესი” არ იყოს, მშვენიერ ფორმაშია “სევილიაც”. ამ გუნდთან ურთიერთდაპირიპირება სმა მატჩს ითვლის და თანაფარდობაა: 1-1 მოგება/წაგება/ფრე. “ბებერ სინიორას” უკეთესი ბურთების ბალანსი აქვს (2:1). ზუსტად ერთი წლის წინ, “სევილიამ” “იუვეს” 1:0 მოუგო ფერნანდო ლორენტეს გოლით და ჯგუფიდან თვითონ ვერ გავიდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონს დააკარგვინა პირველი ადგილი. ვნახოთ, იძიებს თუ არა ტურინული გრანდი შურს.

დღევანდელ მატჩში ხორხე სამპაოლი დანაკლისის გარეშეა, ხოლო მის ვიზავის პიაცას, იგუაინის, ბენატიას, დიბალასა და ბარძალის დახმარების იმედი არ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

22 ნოემბერი, 23:45 საათი

“სევილია” (3-5-2): სერხიო რიკო; მერკადო, რამი, პარეხო; მარიანო, ნასრი, ნ’ზონზი, ვასკესი, ესკუდერო; ვიტოლო, ვიეტო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, რუგანი, ევრა; ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი; კუადრადო, მანჯუკიჩი, ალექს სანდრო

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

0.116361