ფეხბურთი

13:15 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები - დაუძლეველი სენი, მცდარი ტაქტიკა, არასწორი შეცვლები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს ვერ მოუგო და სტადიონზე იმედით მოსული გულშემატკივარი გაწბილებული დატოვა. ჩვენმა გუნდმა ფეხბურთი ისევ 45 წუთი ითამაშა და ერთი ტაიმი კვლავ ჩააგდო. იმედია, ეს მალე გამოსწორდება...

WORLDSPORT.GE კი, ტრადიციულად თამაშის შემდეგ წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შეფასებებს. ჩვენი მხრიდან ყველაზე დაბალი ქულები მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და მეკარემ, გიორგი ლორიამ მიიღეს. დანარჩენს კი, დაწვრილებით ქვემოთ გაეცნობით.

გიორგი ლორია 4.5 – მისი დღე არ იყო – ლორიას გაშვებულ გოლში დიდი წვლილი მიუძღვის: კარიდან დაუფიქრებლად გამოვიდა, მერე კი უკან დაბრუნება დროულად ვერ შესძლო და კარი დაკარგა. შესაბამისად, ალექსანდრუ გაცკანის დარტყმული ბურთი თავზე გადააფრინა. კარგად გამოჩნდა გამეორებაზე, რომ სწორი პოზიციის შემთხვევაში ბურთი აუღებელი არ იყო. გარდა ამისა, მანამდეც ბევრჯერ შენიშნავდით კარიდან გამოსულს იმ დროს, როცა ამის აუცილებლობა არ იყო...

ოთარ კაკაბაძე 5.5 – ისევე როგორც მთელმა გუნდმა, კაკაბაძემაც პირველი ტაიმი ჩაატარა მაღალ დონეზე. შეტევაშიც ნაყოფიერად ერთვებოდა და დაცვაშიც კაგი იყო. მეორე ნახევარში კი ჩრდილში მოექცა. თუმცა, ეს ნაკრების თამაშის ბრალიც იყო. გოლის დროს სწორედ ამნ ვერ გამოიტანა საჯარიმოდან ბურთი კარგად, რასაც ფატალური შედეგი წამებში მოჰყვა.

საბა კვირკველია 6 – იმის ფონზე, რომ სათამაშო პრაქტიკა კლუბში დიდი ხანია არ აქვს, ცუდ ფორმაში მაინც არაა. გუშინაც ხარვეზები განსაკუთრებულად ბევრი არ ჰქონია, სხვებთან შედარებით.

გურამ კაშია 6 – იგივე ითქმის კაშიაზეც. დაცვის ცენტრი უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სხვა სათამაშო ზონები.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო. სწორედ მან გაუკეთა კარგი გადაცემა გიორგი ქვილითაიას, რასაც ვაკოს გოლი მოჰყვა. პირველ და მეორე ტაიმშიც გიორგი შეტევაში ჩართვას სცდილობდა და კარგი შანსიც ჰქონდა, ფლანგიდან ჩაწოდების, მაგრამ ყოველთვის მცველები მუხტავდნენ სიტუაციებს.

ვალერიან გვილია 5.5 – ისე ვერ ითამაშა, როგორც ირლანდიასთან და უელსთან. ჯანო ანანიძის არყოფნაში ბურთის განაწილება თითქმის მარტოს უწევდა, თუმცა არც ისე კარგად გამოსდიოდა. 71-ე წუთზე ვაისმა შეცვალა.

ბუბა დაუშვილი 5.5 – როგორც ყოველთვის ბრძოლა და მეტი არაფერი. მეორე ტაიმის დასაწყისში აშკარა გოლს გადაგვარჩინა მისმა თავგანწირულმა თამაშმა, როცა კარში მიმავალ ბურთს თავით გადაეღობა.

გიორგი ჭანტურია 5 – პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ მცველმა დაუფარა ბოლო მომენტში. გარდა ამისა, ორ-სამ ეპიზოდში ინდივიდუალურად მაღალ დონეზე ითამაშა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია. მეორე ნახევარში ერთადერთხელ მიიქცია ყურადღება, როცა პენალტის დანიშვნას ითხოვდა. საერთოდ, გიორგის ტექნიკური არსენალი ბევრი აქვს, მაგრამ გუშინ რჩებოდა შტაბეჭდილება, რომ ამას ნელა იყენებდა.

ვაკო ყაზაიშვილი 6 – ამ შეფასებას მხოლოდ გოლის გამო ვაძლევთ. იმ ეპიზოდში მართლაც უნაკლოდ და შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, სხვა მხრივ გამოსარჩევი დიდად არაფერი შეუქმნია.

თორნიკე ოქრიაშვილი 5.5 – მისგან ქომაგი გაცილებით მეტის ელოდა. თვითონ ოქრიმ მიგვაჩვია ყოველივე ამას. ეპიზოდურად (განსაკუთრებით პირველ ნახევარში) მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ მისი დღეც არ იყო. საწყის 45 წუთში გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბადეს გარედან მოარტყა ბურთი, მეორე ტაიმში კი პენალტს ითხოვდა. არცთუ უსაფუძვლოდ.

გიორგი ქვილითაია 5.5 – ვლადიმირ ვაისმა თქვა, ქვილითაია იმიტომ შევცვალე, დავლელები ვერ შეასრულაო. ფაქტია, რომ 64 წუთში ბერი იბრძოლა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ მეკარემ კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი. სხვათა შორის, მთელ თამაშში ეს იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში, გარდა გატანილი გოლისა.

ჯაბა კანკავა 5 – თვითონაც აღიარა, ჯერ კარგ კონდიციებში არ ვარო. კაპიტანი მონდომებული იყო, მაგრამ თამაშს ღირებული ვერაფერი შემატა. მეტიც, შეიძლება იმაზე ფიქრიც, რომ მისი გამოყვანით სათამაშო სქემა აირია.

ვლადიმერ დვალიშვილი 5 – 19 წუთი მოედანზე, არცერთი მოგებული ორთაბრძოლა – წერტილი...

დავით სხირტლაძე შ.გ – სხირტლაძეს მხოლოდ 10 წუთი მიეცა თავის გამოსაჩენად და ისეთ ცუდ მომენტში ჩაერთო თამაშში, რომ ვერც ვერაფრის გახერხება შესძლო.

ვლადიმირ ვაისი 4.5 – თამაშს იგებს გუნდი და აგებს მწვრთნელიო, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მაგრამ გუშინ სლოვაკი ალბათ შეცდა. პირველ რიგში ცვლილებების დროს, რაც თავადაც აღიარა და პასუხისმგებლობაც აიღო. ამასთან, ალბათ არ იყო სჭირო 1:0 ფრთხილი ტაქტიკის არჩევა და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა. შესაძლოა ძირითადი შემადგენლობის დაყენების დროსაც შეცდა. ყოველშემთხვევაში მოედანზე მყოფმა რამდენიმე ფეხბურთელმა ძალიან ცუდად ითამაშა.

P.S წერილის სათაურში დაუძლეველი სენი ვახსენე და განვმარტავ: საქართველოს ნაკრებს ყოველთვსი უჭირს მაშინ თამაში, როცა აუცილებლად მოსაგები მატჩი აქვს, წნეხი მეტია და ფავორიტად მიიჩნევა. გუშინაც ასე იყო, ისევ ვერ მოვიგეთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126229