ფეხბურთი

10:30 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
ვლადიმირ ვაისი: "ამ ჯგუფში ჩვენს სათქმელს ვიტყვით"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მოლდოვასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 8 ნოემბერს თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ორჯერადი ვარჯიში ჰქონდა. მთავარი მწვრთნელის საწვრთნელ პროცესში, დღეიდან უკვე 23 ფეხბურთელი მონაწილეობს. ტრავმის გამო გუნდს ჯანო ანანიძე კვლავ ვერ ეხმარება. წლის მეოთხე ოფიციალური მატჩისთვის გამოძახებული სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით მოლდოვასთან შეხვედრისთვის მზადების პროცესშია ჩართული. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უკრაინული "ზორიას" წევრი ჯაბა ლიპარტია დაუბრუნდა, ფეხბურთელმა ნაკრებთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

"ქვეყნის სახელით თამაში ყველასთვის უდიდესი პატივია და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვხვდები მოლდოვასთან მატჩს და მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში". - განაცხადა ფეხბურთელმა.
მოლდოვასთან განაცხადში ერთი დებიუტანტია, ვლადიმირ ვაისმა შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გამოიძახა. მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელი პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ჩვენ ველით კარგ თამაშს. გვსურს, საკუთარ სტადიონზე პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ და კვლავაც ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. მართალია, ჩვენ ბოლო შეხვედრები არ მოგვიგია, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით, კარგად გამოვიყურებოდით.ეს განსაკუთრებით უელსთან შეხვედრის მეორე ტაიმს ეხება, თუმცა, ავსტრიასაც და ირლანდიასაც კარგად ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, ჯერ გამარჯვება არ მოგვიპოვებია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრაში გავიმარჯვებთ.ეს რთული იქნება, რადგან იოლი თამაშები დღესდღეობით აღარ არსებობს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ჯგუფში კიდევ ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ვიბრძვით ჯგუფიდან გასვლისთვის, სანამ კიდევ არის ამის იმედი. აღსანიშნავია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვხედავთ გუნდის პროგრესს.

-ანანიძეს კუნთის ტრავმა აქვს. ის ამჟამად ჩვენს ექიმებთან მკურნალობს, თუმცა, მოლდოვასთან თამაშში ის ჩვენ სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება. მე პატივს ვცემ ჩვენს მომავალ მეტოქეს. მას ხელმძღვანელობს კარგი მწვრთნელი, რომელიც თვითონაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. ახლანდელ ნაკრებშიც რამდენიმე გამოცდილი და ხარისხიანი მოთამაშეა, როგორც ეპურიანუ, გაცკანი და ბუგაიოვი, რომელსაც მე ყაზახეთის ჩემპიონატიდან კარგად ვიცნობ. ჩვენ ვაკვირდებით ამ გუნდის თამაშს, მის ძლიერ და სუსტ წერტილებს. შემდგომ კი, უკვე მატჩის დროს გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში სწორად და ყურადღებით თამაშს, რაც ჩვენ დადებითი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და მოლდოვას საფეხბურთო ნაკრებები, ფიფას 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს, 12 ნოემბერს, 21 საათზე "დინამო არენაზე" გამართავენ.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116206