სხვა

14:47 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსებს ოლიმპიური კომპენსაციები გამოუწერეს

რუსი მძლეოსნები, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები დიდი დოპინგსკანდალის გამო გამოატოვებინეს, რუსეთის ოლიმპიელთა მხარდაჭერის ფონდისგან სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია 42 მძლეოსანზე, რომლებზეც საერთო ჯამში 40 მილიონი რუბლი გადანაწილდება.

ამ თანხიდან ყველაზე მეტს - 4-4 მილიონს სამი ტიტულოვანი სპორტსმენი მიიღებს, რომელთა ვინაობაც ჯერ არავის დაუსახელებიათ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი უხვტიტულა ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევაა.

2015 წლის ნოემბერში, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა, რაც ამ ქვეყანაში დოპინგის მოხმარების გახშირებული შემთხვევებით ახსნა. შედეგად, რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა, ყველა რუს მძლეოსანს აეკრძალა, სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინას გარდა.

0.121769