ფეხბურთი

18:27 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შემტევი უნივერსალის თვისებებით

კარგი დრიბლინგი, გოლის ალღო, მაღალი სასტარტო სისწრაფე - დავით სხირტლაძეს ეს თვისებები აქვს და მთავარი, რაც აკლია, მასშტაბია. 23 წლისაა და პირველად გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში გაგვეცნო, როცა მის გვერდში თამაშობდნენ გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, დავით ხოჭოლავა და სხვები.

სხირტლაძე სწრაფად არა, ეტაპ-ეტაპ მიდიოდა განვითარებისკენ და ეტყობა, რომ მარაგში აქვს პოტენციალი, რომელიც ჯერ არ გამოუმჟღავნებია. დანიის "სილკებორგში" თამაშობს, სექტემბრის თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სავარაუდოდ, არც ოქტომბერში ეყოლება მოცილე. წინა ტურში ხომ სამი გოლი გაუტანა "ვიბორგს"... (VIDEO)

ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა თენგიზ კაციას გაწვრთნილ თბილისის "სასკოში" გოლი გოლზე გაჰქონდა, 17 წლის ასაკში კი ჯერ პრაღის "სლავიაში" მიიყვანეს, მერე დანიის "ორჰუსში", სადაც კონტრაქტი გააფორმა და იქ 5 წელიც გაატარა. დანიაში ქართველი მენეჯერების, გუგა კაჭახიძისა და მალხაზ მუსერიძის მეშვეობით მოხვდა, ბიჭმაც გაამართლა, რადგან ჯერ "ორჰუსის" 19-წლამდელებში, მერე კი დუბლებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სხვაგვარად ძირითად გუნდში მალევე არ დააწინაურებდნენ.

კაჭახიძისგან ვიცით, რომ ხუთი წლის წინ ბრემენის "ვერდერს" სურდა სხირტლაძე, "მუსიკოსების" წარმომადგენლები დანიაში ჩავიდნენ თამაშის სანახავად და ფეხბურთელმა იმ მატჩში ტრავმა მიიღო. რატომ ვერ დამკვიდრდა "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. თავად გუნდიც აირია, ევროტურნირების ზონაში მოხვედრას სუპერლიგიდან გავარდნა მოსდევდა, მწვრთნელი შეიცვალა, ამ ცვლილებას კარგი არაფერი მოუტანია.

შესაძლოა, ახლა ნანობენ სხირტლაძის გაშვებას. ფაქტია, ქართველმა "სილკებორგში" ხელახლა იგრძნო ნდობა. იქ "ორჰუსის" ექს-თავკაცმა სიორენსენმა მიიწვია, რომელმაც იცის ჩვენიანის შესაძლებლობები.

სხირტლაძე ჭკვიანი, ჩუმი და თავისი საქმის დაუზარლად გამკეთებელი ფეხბურთელია. შესაძლოა, მის ადგილზე სხვას ხელი ჩაექნია დანიაზე, წასულიყო უფრო სუსტ ჩემპიონატში და ჩაკარგულიყო, მაგრამ მან დაუცადა თავის შანსს და არც წააგო.

პოზიციას რაც შეეხება, "სილკებორგი" ორი თავდამხმელით თამაშობს და ერთ-ერთი ქართველია, მაგრამ ზოგადად, ფორვარდობა მისი საყვარელი ამპლუა არაა. სხირტლაძე უფრო შემტევი ნახევარმცველია და უთამაშია 8 ნომრადაც, ანუ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ფლანგზეც კარგია, მარცხნივ არაერთხელ უთამაშია.

ვლადიმირ ვაისმა "სილკებორგში" კარგი თამაში დაუფასა და საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. ორჯერ ათამაშა და ორივეჯერ შეცვლაზე. პირველად ეს იყო ავსტრიასთან, მერე კი ირლანდიასთან. დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა, აი, დუბლინში კი ასე მწვავედ ვეღარ ითამაშა.

უნივერსალი შემტევი - ეტყობა, ვაისმა სწორედ ამიტომ უხმო ნაკრებში, რომ სხვადასხვა პოზიციაზე გამოყენება შეუძლია. დანიის სუპერლიგა კი, ვისაც ფრაგმენტები მაინც უნახავს, დაგვერწმუნება, რომ იოლი სათამაშო ნამდვილად არაა, ქარივით დაჰქრიან ფეხბურთელები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117492