ფეხბურთი

14:55 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსები ჯიქიას ნაკრებში გამოძახებას აპირებენ

22 წლის მცველი გიორგი ჯიქია, შესაძლოა, რუსეთის ნაკრებში გამოიძახონ. რუსულ პრესაში გამოქვეყნდა პერმის "ამკარის" მწვრთნელ გაჯი გაჯიევის კომენტარი. გაჯიევი ამბობს, რომ რუსეთის ნაკრების თავკაც სტანისლავ ჩერჩესოვს ესაუბრა ჯიქიას საკითხზე.

"გავიგეთ, რომ ჯიქიათი საქართველოს ნაკრებში დაინტერესდნენ. ჩერჩესოვს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ჯიქია ნაკრების გაფართოებულ კანდიდატთა სიაში ჰყავს, ხოლო მომდევნო წელს შეკრებაზე გამოძახებას აპირებს. "ამკარის" სხვა ფეხბურთელებს თუ გამოიძახებს? არ ვიცი, მხოლოდ ჯიქიას თემას შევეხეთ".

ჯიქია კარგ სეზონს ატარებს "ამკარში", რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასებებიც მიიღო. თავად ფეხბურთელმა სანაკრებო თემაზე ერთხელ მცირე კომენტარი გააკეთა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ მცირე დროს ითხოვს მოსაფიქრებლად.

აქ ლეგიონერების ლიმიტის საკითხია. თავად ჯიქიამ ადრე აღნიშნა, რომ უარს ნამდვილად არ იტყოდა იმ ნაკრებზე, სადაც ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებენ. თუმცა დაამატა, ამ ეტაპზე პრიორიტეტული სტაბილური თამაში და რუსულ პრემიერლიგაში თავის უკეთ დამკვიდრებააო.

გაჯიევმა ასევე თქვა: "უღირს კი ჯიქიას საქართველოს ნაკრებში წასვლა? უპირველესად, ეს ფეხბურთელის ასარჩევია, მე არც აგენტი ვარ და არც მენეჯერი. შემიძლია მხოლოდ მისი თამაში შევაფასო, რადგან მწვრთნელი ვარ. ჯიქიათი კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, გიორგი არ უნდა აჩქარდეს, რადგან ჩერჩესოვს ის კანდიდატთა შორის მონიშნული ჰყავს".

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯიქიას შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სფფ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება მიეცეთ.

შეგახსენებთ, გიორგი ჯიქია რუსეთში დაიბადა და რუსული პასპორტი აქვს.

0.113499