ფეხბურთი

14:14 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:  კალაძე-იაშვილის 4+4 და სეზონის საინტერესო დასაწყისი!

23 ოქტომბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. რიგით მეცხრე სეზონმა სუპერლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი.

პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. სადებიუტო შეხვედრაში უნიკრედიტმა ლიგის დებიუტანტს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია 7-4. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და გამარჯვებაც სწორედ „ფინანსისტებს“ დარჩათ. გამარჯვებით აღნიშნა ჩემპიონატის დაწყება სპორტული კლუბ „ჯვაროსნების“ მეორე გუნდმა, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა 4-1. სენსაცია დაფიქსირდა პირველივე ტურში, რომლის შემოქმედიც ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტი, სკ თელავი აღმოჩნდა. კახელების მეტოქე შარშანდელი ნახევარფინალისტი და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული, ევროკრედიტის საფეხბურთო გუნდი იყო - მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი სათამაშო უპირატესობისა, თელაველებმა ჩვეული კახური სიდინჯე გამოავლინეს და მეტოქის შეტევებს ორი უპასუხო გოლი „დაახვედრეს“ – 2-0. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ზესტაფონის „ფეროსა“ და დებიუტანტ „ფანდაი ენტერტაიმენტის“ გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი საგოლე მომენტების სიმრავლისა, იმერლებმა გამოცდილების ხარჯზე ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში. ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ვივუსის გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

23.10.2016. სუპერლიგა B. I ტური

Unicredit.ge - ეთა 7-4

სკ საქართველოს უნივერსიტეტი - სკ ჯვაროსნები -2 1-4

სკ თელავი - სკ ევროკრედიტი 2-0

სკ ფერო (ზეს) – Funday Ent 2-0

კსუ - სკ Vivus.ge 2-2

კვირასვე აიღო სტარტი სუპერლიგა A -ს გათამაშებამ. პირველი ტურის პირველი დაპირისპირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სპორტული კლუბ „ჯვაროსნების“ პირველ გუნდებს შორის გაიმართა. საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ს გამარჯვებით 5-2 დასრულდა. პოკერი შეასრულა კახა კალაძემ, რომელმაც ოთხივე გოლი ალექსანდრე იაშვილის პასებით გაიტანა. სუპერლიგა A-ს სადებიუტო ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერლიგა B-ს შარშანდელი ფინალისტები, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდები, ისევე როგორც ფინალში, ამჯერადაც გამარჯვება პრევენციის ცენტრს დარჩა 3-1. სეზონის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს, ლიგის ორი პრინციპული და ლამის ისტორიული მეტოქეებიც - სკ პსპ და მფკ ნატახტარი. „ფარმაცევტებმა“ 5-2 სძლიეს მეტოქეს და თავიანთი თამაშით საკმაოდ ამბიციური განაცხადიც გააკეთეს. სათამაშო დღე ტელეკომპანია იმედის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვერაში გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ შეძლეს თავის გამოჩენა, საბოლოოდ ფრე 1-1.

23.10.2016. სუპერლიგა A. I ტური

სფფ - სკ ჯვაროსნები 5-2

CFCP – GM ჭიათურა 3-1

სკ პსპ - მფკ ნატახტარი 5-2

ტვ იმედი - სდსს 1-1

მომდევნო კვირას, 30 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.151116