ავტოსპორტი

18:22 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოჟიე მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

სებასტიან ოჟიემ ესპანეთის რალი მოიგო და რალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. სეზონის დასრულებამდე ჯერაც ორი ეტაპია დარჩენილი, მაგრამ ფრანგი მრბოლი თავის უახლოეს მდევარს, ბელგიელ ტიერი ნოივილს 95 ქულას უგებს, რაც ორ ეტაპზე გადაულახავი სხვაობაა.

ამგვარად, ფრანგმა მრბოლებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ 13-ჯერ მოიპოვეს. ამათგან პირველი ცხრა ლეგენდარული სებასტიან ლოების (მას ყველა ტიტული „სიტროენთან“ ერთად აქვს მოგებული) ანგარიშზეა, ვინც იშვიათად კვლავ უბრუნდება ხოლმე WRC-ს არენას, თუმცა მეტწილად სხვა სერიებზეა ორიენტირებული და საკუთარ გუნდსაც ფლობს.

„ფოლკსვაგენის“ პილოტს, კატალონიური ეტაპის დაწყებამდე 16 ქულაღა აკლდა ტიტულის გასანაღდებლად. ამისათვის მესამე ადგილი და სუპერ სპეცმონაკვეთზე მოწინავე სამეულის დროის ჩვენება იყო საკმარისი. მან კი საკმაოდ იოლად მოიგო - 15.6 წამით ჩამოიტოვა დანი სორდო, სუპერ სპეცზე კი მეორე დრო აჩვენ და ორი ქულაც მიიღო.

კატალონური ეტაპი ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებს შორის, რომელიც შერეულ ზედაპირზე - ასფალტიან და გრუნტიან გზებზე ტარდება, რაც პილოტებსაც და გუნდებსაც საქმეს ურთულებს. მაგრამ ოჟიემ მისი დისტანცია პრაქტიკულად უშეცდომოდ გაიარა და ამ სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 37-ე გამარჯვება მოიპოვა.

„რთული და იმავდროულად, ფანტასტიური სეზონი იყო. ორი რბოლით ადრე ჩემპიონობა შესანიშნავია. ამაზე მეტი შეუძლებელი იყო. ძალიან მიხარია, რომ ოთხგზის ჩემპიონების სიაში მეც ჩავეწერე“, - განაცხადა ოჟიემ, ვინც რბოლის მესამე დღის დაწყებამდე, იმ მომენტში ლიდერ სორდოს 5.8 წამით ჩამორჩებოდა.

ამგვარად, ოჟიე მეოთხე მრბოლია, ვისაც ოთხი და მეტი ტიტული აქვს მოგებული. მათ შორის პირველი ლოებია. ოთხ-ოთხი გამარჯვება კი ფინელებს, იუჰა კანკუნენს და ტომი მაკინენს აქვთ.

სეზონის მე-13 ეტაპი უელსის ტყეებში, 27-30 ოქტომბერს გაიმართება, ბოლო ეტაპს კი ავსტრალია ნოემბერში უმასპინძლებს.

ესპანეთის რალი

  1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 3:13:03.600
  2. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) +00:15.600
  3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 01:15.000
  4. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 01:27.800
  5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:24.400
  6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 05:24.900
  7. კევინ აბრინგი (ჰოლანდია, ჰიუნდაი) 07:31.300
  8. იან კოპეცკი (ჩეხეთი, შკოდა) 09:05.100
  9. პონტუს ტიდემანდი (შვედეთი, შკოდა) 09:20.400
  10. კრეიგ ბრინი (ირლანდია, სიტროენი) 09:57.100

კლასიფიკაცია 12 ეტაპის შემდეგ

1. სებასტიან ოჟიე - 223 ქულა; 2. ტიერი ნოივილი - 128; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) - 127; 4. ჰეიდენ პადონი - 114; 5. დანიელ სორდო - 112; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 101; 7. მადს ოსტბერგი - 90; 8. ოტ ტაენაკი - 61; 9. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) - 54; 10. კრეიგ ბრინი - 36...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110518