ფეხბურთი

20:46 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ”
“ჩემი ოცნება “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში იყო”

“ჩემთვის მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ – ვმუშაობ და ვვარჯიშობ ყოველდღე. შესაბამისად მაქვს ამბიცია საუკეთესოობაზე. თუმცა, საბოლოოდ, ეს სხვების სამსჯელო და გადასაწყვეტია”, - განუცხადა კრიშტიანუ რონალდუმ ავტორიტეტულ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტს”.

აღნიშნული იტალური გაზეთი ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ესპანურ “მარკასთან” ერთად ავლენს და 2015-2016 წლების სეზონის მიხედვით, საუკეთესოდ რონალდუ დასახელდა. ამასთან დაკავშირებით 31 წლის პორტუგალიელი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მას “გაძეტას” ჟურნალისტი ჯანი ვალენტი გაესაუბრა.

ინტერვიუ ძირითადად ჩემპიონთა ლიგას, უშუალოდ რონალდუსა და იტალიურ ფეხბურთზე საუბარს დაეთმო.

- რონალდუ, ვსაუბრობთ ჩემპიონთა ლიგის შესახებ, რომელიც უკვე სამჯერ გაქვთ მოგებული. ესაა განსაკუთრებული ტურნირი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. საინტერესოა, ფეხბურთელებიც ასევე აღიქვამთ?

- დიახ, განსხვავებული ატმოსფეროა, საოცარი. არ ვამბობ, რომ სხვა ტურნირებზე მოტივაცია მაკლია, მაგრამ განსხვავებულად ნამდვილად ვგრძნობ ლიგაზე თავს. ასევეა გუნდებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ჩვენ მოვიგეთ მე-11 თასი და გავხდით მსოფლიოში ისევ საუკეთესოები.

- გაიხსენებთ “ატლეტიკოსთან” გადამწყვეტ თერთმეტრიანს?

- ვიცოდი, რომ გადამწყვეტი იყო. თუმცა, სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ გავიტანდი.

- შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 16 გოლი გაიტანეთ. შეგიძლიათ ამ შედეგის გაუმჯობესება?

- ამბიცია ყოველთვის მაქვს – მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, ეს მეხმარება ჩემს სპორტულ წარმატებებში. ცოტა ხნის წინ სერიოზული ტრავმა მქონდა და ორთვენახევარიც გამიცდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ, დავბრუნდი და საუკეთესო რონალდუს იხილავთ კიდევ ერთი საოცარი სეზონით.

- ლიგაზე 95 გოლი გაქვთ გატანილი და 100 შორს არაა...

- ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი, მაგრამ თუ შევძლებ კარგი იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, “რეალმა” ჯგუფირ ეტაპი გადალახოს პირველი ადგილით.

- სხვათა შორის, კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- სიურპრიზები არ იქნება. როგორც ყოველთვის, იგივე გუნდები.

- მათ შორის, ტურინის “იუვენტუსიც”?

- რა თქმა უნდა, შორს გაღწევს ეს გუნდი. “იუვე” ბოლო წლებში კარგად თამაშობს, ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით, როდესაც “იუვენტუს სთედიუმზე” თამაშობს, სადაც მათი დამარცხება მართლაც ურთულესია.

- არგენტინულ დუეტს, იგუაინი-დიბალა შეუძლია გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო?

- ვფიქრობ, რომ კი. იგუაინის თანაგუნდელი ვიყავი და კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. თუმცა იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე თავს ვერ წარმოაჩენს, რადგან ჩვენ გვინდა გავხდეთ პირველი გუნდი, რომელსაც ზედიზედ ორჯერ ექნება ჩემპიონთა ლიგა მოგებული. თუ მეტყვიან, რომ “იუვე” სკუდეტოს მოიგებს, ეს ნამდვილად არ მეწყინება...

- და “ნაპოლი” თქვენი მეგობრით, ხოსე კალეხონით?

- ვნახე “ბენფიკასთან” თამაში და დავრწმუნდი, რომ ძლიერი ჯგუფია. კალეხონმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და კმაყოფილი ვარ.

- “ინტერმა” ზაფხულში თქვენი თანამემამულე ჟოაო მარიო დაიმატა. შეძლებს იგი გუნდის სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებას?

- დიახ, მჯერა, რომ რეალურად გააძლიერებს. ჟოაო ძალიან ძლიერი ბიჭია. ჩვენ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ იტალიის ჩემპიონატში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და იქ თამაში რთულიაო. იგი ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის, არ იცის იტალიური ენა, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს პრობლემა არ იქნება.

- სხვათა შორის, 2003 წელს, ახლოს იყავით ლისაბონის “სპორტინგიდან” სერია A-ში გამოდსვლასთან. რა მოხდა მაშინ?

- “ინტერი” და “იუვენტუსი” მეპატიჟებოდნენ და შანსის მოცემას მპირდებოდნენ. თუმცა, ჩემი ოცნება “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში იყო და იქ წავედი.

- რას ფიქრობთ იტალიის ჩემპიონატის შესახებ?

- ურთულესი ჩემპიონატი გაქვთ. რამდენიმე წელში ისევ ნომერ პირველი იქნება. ეს ევროპული ფეხბურთისთვისაც კარგია, რადგან ჩემპიონთა ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

- იტალიაში ისევ თამაშობს ფრანჩესკო ტოტი, რომელიც 40 წლისაა...

- ის ძალიან დიდია და ასე იქნება ყოველთვის. მჯერა, რომ ორი-სამი წლის განმავლობაში თამაშს კიდევ შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, ასაკი არაფერს ნიშნავს.

- და თქვენ?

- ჯერ არასდროს მიფიქრია კარიერის დარულებაზე. ჩემს თავს მოედანზე კიდევ დიდი ხნით ვხედავ, ვინაიდან სხეული მეუბნება, რომ თამაში სიამოვნებას მანიჭებს.

- წელს მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად...

- ეს იყო ალბათ ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი. სახლში ორი თასი წავიღე ერთ წელიწადში. ასევე გავხდი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და უეფას წლის ფეხბურთელი – ეს ნამდვილად ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

- და მეოთხე “ოქროს ბურთიც” ახლოსაა...

- ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვიგებდი.

- “რეალში” 2009 წელს მიხვედით, ახლა კი, თქვენი კონტრაქტის გახანგრძლივება თითქოს კუთხეშია. ხედავთ ამ გუნდში თავს დიდი ხნით?

- “რეალში” თავს იდეალურად ვგრძნობ, ჩემს გულშია. დავამხე რაულისა და დი სტეფანოს რეკორდები, ეს იყო ფანტასტიური. ახლა, ყველაზე მეტად რაც მინდა, დავრჩე აქ რაც შეიძლება დიდხანს.

- ბოლო კითხვა თქვენს მწვრთნელ ზიდანზე: რა არის მისი თვისებები?

- ის გამოცდილი ადამიანია და ჯგუფსაც ძალიან კარგად იცნობს, რადგან ანჩელოტის დროს მეორე მწვრთნელად მუშაობდა. კარგი პრფესიონალია და უყვარს მუშაობა. უსმენს ფეხბურთელებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

0.119701