ფეხბურთი

13:38 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: გალიდერებული დებიუტანტი, გაფერმკრთალებული ლიდერი...

“კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”, - ამ ფრაზას აქამდეც ხშირად გაიგონებდით, მაგრამ ირლანდიასთან მატჩის მერე სრულად შეესაბამება სინამდვილეს. ერთმა სერიოზულმა შეცდომამ მატჩის ბედი გადაწყვიტა, არადა შეგვეძლო მოგვეგო კიდეც დუბლინში...

ტრადიციულად, მატჩისშემდგომ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს, გავყვეთ თანმიმდევრობით:

გიორგი ლორია 5.5 – გიორგის მთლიანობაში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა როცა მიეცა, ვერ ვიტყვით, რომ დამაჯერებელი იყო. ერთ ეპიზოდში ბურთი ხელიდან გაუვარდა და ლამის კურიოზული ავტოგოლი მიითვალა. და რაც მთავარია, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ გოლის ეპიზოდში მეკარეს უკეთ გარჯა შეეძლო...

ოთარ კაკაბაძე 6 – უჩა ლობჟანიძე შეიძლება ითქვას, კაკაბაძემ კარგად შეცვალა. ოთარს ტარაგონას “ხიმნასტიკში” გადაბარგება აშკარად დასტყობია და ეს კარგია. ჩაწოდებების დროს მოიკოჭლებდა, თუმცა მთლიანობაში მისი თამაშით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ. მოკლედ, მომავალში უჩას წესით უნდა გაუჭირდეს სასტარტოში დაბრუნება.

სოლომონ კვერკველია 5 – უთამაშებელი რომ არის, გუშინდელ პაექრობაში კარგად გამოჩნდა. საბა ვერ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორც სჩვევია. პირველ ტაიმში ირლანდიამ ერთადერთი ხიფათი ჩვენს კართან სწორედ მისი შეცდომის შედეგად შექმნა, გოლის დროსაც ისე არ უთამაშია, როგორც მაღალი დონის მცველს შეეფერება...

გურამ კაშია 6 – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კაშიას ადგილი დაცვის ცენტრშია და არა შუახაზში. შეიძლება ითქვას, მთელი თამაში დამაჯერებლად ჩაატარა – და მაინც, არ ვიქნებით მართლები, გოლის ეპიზოდში მის ბრალეულობასაც თუ არ ვახსენებთ. ისეთი ბურთი გავუშვით, მთელი დაცვის ხაზის ბრალი რომ იყო, მათ შორის კაშიასიც. ჰო, აღვნიშნოთ, რომ ტაიმის მიწურულს გურამის დარტყმული კარის ძელს მოხვდა და რომ გასულიყო, იქნებ არც წაგვეგო...

გიორგი ნავალოვსკი 5 – ცუდი მატჩი ჩაატარა. სეამუს კოულმენთან გამკლავება მთელი შეხვედრა უჭირდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კელტებმა მისი ფლანგიდან არაერთხელ შეგვიტიეს და გოლიც ასე გაგვიტანეს. კოულმენმა გიორგი არც შეიმჩნია და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით.

ბუბა დაუშვილი 6 – ახალი არაფერი: იშრომა, იბრძოლა, არაფერი დათმო – მისგან შექმნას არავინ ითხოვს, ჩაშლისას კი ურიგოდ მართლაც არ მოქმედებდა.

ვალერიან გვილია 7 – ნაკრების დებიუტანტი მოედანზე საუკეთესო იყო ცალსახად – გვილიას განსაკუთრებით დიდებული პირველი ნახევარი გამოუვიდა. პასების ჩინებული განაწილება, მოედნის ხედვა, ჩაჭრები, ზონების გადაკეტვები... მოკლედ, “ბატეს” ფეხბურთელს პროგრესი აქვს აშკარად და მისი სახით საქართველოს ნაკრებმა ჩინებული შევსება მიიღო.

თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 – პირველი ტაიმი გვილიას მსგავსად ძალიან კარგი ჰქონდა. ირლანდიელები “ოქრის” ბურთს ფაქტობრივად ვერ ართმევდნენ და რამდენჯერმე კარგი გაგრძელებაც იპოვა ქართველმა შემტევმა. თუმცა, თამაში რაც უფრო დასასრულისკენ წავიდა, თორნიკეს დაღლა დაეტყო.

ჯანო ანანიძე 5 – სამწუხაროდ, ჩვენმა მთავარმა იმედმა ცუდი მატჩი ჩაატარა – ანანიძემ 73 წუთში დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა. ერთადერთი, ვაკო ყაზაიშვილის გაყვანას ცდილობდა მეკარესთან პირისპირ და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ესეც არ იყო იდეალური გადაცემა. სხვა მხრივ, ფაქტობრივად მის არსებობას მოედანზე ნაკლებად შეამჩნევდით და ალბათ ლოგიკური იყო, რომ ვაისმა იგი პირველი შეცვალა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 – “ლეგიაში” უთამაშებლობა მასაც ეტყობა – ყოველ შემთხვევაში ჩინებული პირველი ტაიმი ჰქონდა: ჯერ ახლო მანძილიდან სიზუსტემ უმტყუნა, მერე კოულმენს აჯობა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ითამაშა ზუსტად. აი, მეორე ნახევარში კი, ვაკო ფაქტობრივად ჩაიკარგა. რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება, მაგრამ პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ისეთი პროდუქტიული ვერ იყო.

ლევან მჭედლიძე 6 – მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ცუდად ითამაშა. მჭედლიძე ბევრს ცდილობდა, უთავისუფლებდა სივრცეებს თანაგუნდელებს და ორთაბრძოლებსაც იგებდა. ოქრიაშვილის ჩაწოდების შემდეგ თავით ჩინებულად მოიგო პოზიცია, დაარტყა, მაგრამ ხარიხამ ხელი შეუშალა. ცოტა ხანში, ინდივიდუალურად ითამაშა კარგად, თუმცა მეკარე მიუხვდა ჩანაფიქრს... მეორე ნახევარი როგორც სხვებისთვის, არც მისთვის ყოფილა ისეთივე კარგი, როგორც პირველი.

დავით სხრიტლაძე შ.გ – დანიური “სილკებროგის” ფორვარდს 17 წუთი ჰქონდა თავის გამოსაჩენად, მაგრამ ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.

სანდრო კობახიძე შ.გ – იგივე ითქმის კობახიძეზეც, რომელსაც კიდევ უფრო ცოტა დრო დაეთმო.

ნიკა კაჭარავა შ.გ – ამას ალბათ, უფრო ავანტურული ცვლილება ერქვა, რომელმაც რა თქმა უნდა, ვერ გაამართლა.

ვლადიმირ ვაისი 6 – ვაისმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად დაგეგმა და შემადგენლობაც ზუსტად დააყენა. საწყის 45 წუთში ფეხბურთელები მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. მეორე ტაიმის დასაწყისი ცუდი გამოგვივიდა, მიუხედავად ამისა, მერე არაფერი შეცვლილა. ცვლილებების გამოყენება შესაძლოა, გაცილებით ადრეც მართებდა, ვინ იცის...

0.112938