ფეხბურთი

16:23 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჭუმბურიძე: "გულშემატკივრის მესმის, მაგრამ სჯობს, არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა და შედეგი სამომავლოდ მიიღო"

დღეს საფრანგეთი-საქართველოს 21-წლამდელების დაპირისპირებაა. გია გეგუჩაძის გუნდმა ევროშესარჩევში გამოსვლა დაასრულა, ხოლო "მამლებს" რამდენიმე დღეში გადამწყვეტი, ბოლო მატჩი ელით შესარჩევში. ადრეც ვწერდით, რომ გეგუჩაძემ აღარ გამოიძახა 1994 და 1995 წელს დაბადებული ფეხბურთელები, რადგან მომდევნო შესარჩევისთვის აქედანვე ემზადება. აი, საფრანგეთი კი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება: პსჟ-ის ადრიენ რაბიო, "დორტმუნდის" უსამან დემბელე, "ლიონის" კორენტენ ტოლისო და ასე შემდეგ...

worldsport.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძეს ესაუბრა. არა მხოლოდ 21-წლამდელებს, არამედ ქვედა ასაკობრივი ნაკრებების თემასაც შევეხეთ:

- დავიწყებ იმით, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, სხვა დანარჩენთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრებების განვითარებაზე გაკეთდა აქცენტი. ამ საქმეს გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში. მიზანი ის იყო, რომ დაგვეწინაურებინა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები და ეროვნული ნაკრებისთვის მიგვეწოდებინა. ეს ეხება არა მხოლოდ 21, არამედ 19 და 17-წლამდელთა ნაკრებებსაც, სადაც ერთი წლით უმცროსებიც მრავლად არიან. რაც შეეხება საფრანგეთი-საქართველოს მატჩს, ძალები არათანაბარია, მაგრამ ფრანგების შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით. ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება.

- 17-წლამდელთა სამი მარცხი ფინეთში: ასეთი შედეგი იმით აიხსნება, რომ 2000 წელს დაბადებულთა ნაკრებში 2001-იანები მრავლად იყვნენ?

- ჩვენ კონკრეტულ გამონათებებზე არ ვაკეთებთ აქცენტს. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ჰქონია გამონათებები, მაგრამ შემდგომში ეს ქართულ ფეხბურთს სასიკეთოდ არ დასტყობია. ლოკალურ ტურნირებში მიზნად დავისახეთ იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც გათვლილია უფრო პერსპექტიული ფეხბურთელების დაწინაურებაზე. ფინეთში 2001 წელს დაბადებული 7 ფეხბურთელი იყო წაყვანილი. ქართველები სკანდინავიელებს ჯანით და აღნაგობით ისედაც ჩამორჩებიან, ამ შემთხვევაში კი უფრო მკაფიო განსხვავება იყო, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: აქცენტი მათზე გაკეთდა, რომლებსაც მეტი პერსპექტივა აქვთ. მესმის, გულშემატკივარი შედეგს ითხოვს და გაბრაზებულია. მათი მესმის, მაგრამ ლოკალური წარმატებები არაფერს ნიშნავს, თუ წინ არ გაიხედავ. სჯობს დღეს არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, ვიდრე ხვალ წარუმატებლად გამოხვიდე. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ახლანდელი შედეგი მნიშვნელოვანი არაა. ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ასევე, გიორგი ყიფიანის გაწვრთნილ ნაკრებშიც არიან უმცროსი ასაკის ფეხბურთელები.

- 21-წლამდელებს წლეულს კიდევ ექნებათ ამხანაგური მატჩი?

- გვსურს, რომ 10-11 ოქტომბერს ვითამაშოთ რომელიმე ნაკრებთან. რთულია, რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ პასუხს ველით. საქმე ისა, რომ ამ დღეებში თითქმის ყველა ევროპული ნაკრები შესარჩევ მატჩს თამაშობს. უბრალოდ, საშინლად შედგენილი კალენდარი დაგვხვდა, სექტემბერში მოგვიწია ციკლის დასრულება და ბოლო ორ ტურს ვტოვებთ.

- სხვა ქვეყნის სახელით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების ნატურალიზება - ამ მხრივ სიახლე არაა? ვინმეს საკითხი ხომ არ გადაწყვეტილა?

- ვმუშაობთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ უცხოეთში მოთამაშე პერსპექტიული ახალგაზრდები საქართველოს სახელით გამოვიდნენ. ნათელი მაგალითია ვაკო გვილია, რომელიც კარგი ფეხბურთელია, თავისი ქვეყნის პატრიოტია და არაფერი წაუგია იმით, რომ საქართველოს სახელით გამოდის. აი, დღეს უკვე ეროვნულ ნაკრებშია. გვილია მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის. ამ ეტაპზე ჯერ არავის საკითხი არაა გადაწყვეტილი, მაგრამ სამუშაო პროცესი მიდის.

0.339683