ფეხბურთი

10:52 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რთულად ამოსახსნელი მარტივი ამოცანა

ამოცანა მარტივია: ორ მატჩში 4 ქულა მაინც გვჭირდება, რომ რეალური შანსი დაგვრჩეს. რთულია, 4 ქულა დაგეგმო, როდესაც გასვლაზე სამი დღის ინტერვალში ეთამაშები ირლანდიისა და უელსის ნაკრებებს, მაგრამ ფაქტია – ასეა.

დიახ, საქართველოს ნაკრების შესახებ ვსაუბრობთ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით. სამ დღეში “ჯვაროსნებს” დუბლინში ელით ურთულესი მატჩი და როგორმე ნავსი უნდა გატეხონ, სხვანაირად მუნდიალზე მოხვედრა უფრო ოცნების კატეგორიაში გადავა.

ვლადიმირ ვაისმა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო ნაკრებში და მათ შორის ერთი დებიუტანტია: ვაკო გვილია ბორისოვის “ბატედან”. სწორედ მისით მინდა დავიწყო დღევანდელი წერილი – გვილია “ბატეში” გასულ ზაფხულს გადავიდა და მიუხედავად კონკურენციისა, სასტარტო შემადგენლობას ნაბიჯ-ნაბიჯ გაუშინაურდა. ახლა, ვაკო ძირითადის მუდმივი წევრია და რაც მთავარია ჩინებულ ფორმაშია: გოლი, გოლზე გააქვს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 გოლია და თუ დავაკვირდებით, ყველა ერთ სტილში. “ბატეს” სწრაფი შეტევისას გვილია მოედნის სიღრმიდან საჯარიმოში შერბის, რაც იწვევს იქ უპირატესობის შექმნას და გოლიც გარდაუვალი ხდება. იმედია, ვაისმა კარგად ნახა მისი თამაშები და გვილიას სწორად გამოიყენებს. თუმცა, ჯერ საკითხავი ისაა, ათამაშებს კი საერთოდ?!

სხვა მხრივ, პოზიციების მიხედვით გავყვეთ, მერე დანარჩენზე გადავიდეთ:

სანაკრებო სიაში ვერ მოხვდა ნუკრი რევიშვილი, რომელიც უთამაშებელია და სლოვაკმა ამჯობინა ამჯერად მის სამსახურზე უარი ეთქვა. სამაგიეროდ ფორმაში იმყოფებიან გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე. ორივე ფეხბურთელი მაღალი დონის ჩემპიონატში საკმაოდ კარგად ირჯება. მესამე მეკარე როინ კვასხვაძე იქნება.

დაცვაში სიახლეს უნდა ველოდეთ: ავსტრიასთან თამაშის მერე კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და შესაბამისად, ვლადიმირს მისი შეცვლა მოუწევს, იმის მიუხედავად, რომ მანამდე არაერთხელ უთქვამს, მის სრულფასოვან შემცვლელს ვერ ვხედავო. ნაკრებში ისევაა მიწვეული დავით ხოჭოლავა, რომელიც ძალინ კარგ სეზონს ატარებს. ერთი ეგაა, ნაკრებში ჯერაც არ უთამაშია და პირდაპირ ბრიტანულ ბრძოლის ველზე გაყვანას გარისკავს კი ვაისი? – სავარაუდოდ, ირლანდიასთან და უელსთან კაპიტანი გურამ კაშია იქნება: ყველაზე გამოცდილიცაა ამ ფორმაციის გუნდში და კაპიტნობის სტაჟიც ბლომად აქვს. კარგია, რომ სათამაშო პრაქტიკა მუდმივად აქვს და თან ფორმაშია გიორგი ნავალოვსკი. საბერძნეთის ჩემპიონატი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. სამწუხაროდ, საბა კვირკველია ისევ უთამაშებელია და ალბათ, “რუბინში” მას შანსი აღარც მიეცემა და იქნებ ზამთარში შეიცვალოს ნავსაყუდელი.

ნახევარდაცვაში ვაკო გვილიაზე უკვე მოგახსენეთ, მის გარდა კი, ყველაზე კარგ ფორმაში ჯანო ანანიძეა – ჯანოს საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში, მასზე ვრცლად წერას ახლა არ ვაპირებ. ცუდია, რომ ვარშავის “ლეგიაში” გაურკვეველ მდგომარეობაშია ვაკო ყაზაიშვილი. მისი ნიჭის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც პოლონეთის ჩემპიონში მას არ ათამაშებენ. თორნიკე ოქრიაშვილი კი, ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ ფორმას – ვერ ვიტყვით, რომ “კრასნოდარში” ღრმა სათადარიგოა, პირიქით.

შეტევას უბრუნდება ლევან მჭედლიძე. ლევანმა იტალიის ჩემპიონატში ორჯერ მოასწრო თამაში და თან მსუყე გუნდების წინააღმდგე: “ლაციოსთან” და “იუვენტუსთან”. დავით სხირტლაძე კი ერთი კვირის წინ დუბლით გამოირჩა და წესით, ვაისმა მას შანსი ისევ უნდა მისცეს. სხვებზე იგივეს ვერ ვიტყვით – ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავა არცთუ სახარბიელო პერიოდს განიცდიან.

დანაკლისი: ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, გიორგი აბურჯანია და ნიკა კვესკვესკირი – პარადოქსია, მაგრამ ვაისის თავდაპირველ სიაში კვეკვესკირი იყო, მაგრამ მეორე დღეს იგი ნუსხიდან ამოიღეს ტრავმის გამო. ამაში უცნაური კი ისაა, რომ სანამ ნაკრების შემადგენლობა გაირკვოდა ორი კვირით ადრე იყო ცნობილი, რომ ნიკა ტრავმის გამო ნაკრებს დააკლდებოდა. ამის შესახებ მკითხველს WORLDSPORT.GE-მ აცნობა.

თამაშგარე მდგომარეობაში: ავსტრიასთან მატჩის მერე ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჭანტურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელი მიდგომას არ შეიცვლიდა, ნაკრებში აღარ დაუძახებდა. ასეც მოხდა – ჭანტურია სიაში ვერ მოხვდა. არადა, სხვა პერიოდისგან განსხვავებით, ახლა კარგ ფორმაშია. რუსეთის თასზე დუბლი გაიფორმა, პრემიერლიგის ბოლო ტურში კი, მოედანზე საუკეთესო იყო და საგოლე პასითაც გამოირჩა. მოკლედ, ცოტა პარადოქსივით გამოდის მაინცდამაინც ახლა მისი ნაკრებს მიღმა დატოვება.

ახალი არაფერია: ჯაბა ლიპარტიას შანსი არ ეძლევა. არადა, უკრაინული “ზორიას” წევრს მიდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და არც ლუგანსკური გუნდია მთლად მეორე ეშელენის – პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგაზეც თამაშობს. ჯაბამ ცოტა ხნის წინ “ოლდ ტრაფორდიც” დააჭაშნიკა და საერთოდ, წლებია უკვე ეს ფეხბურთელი სტაბილურია, მაგრამ ნაკრები არ აღირსეს. ნუთუ, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სტაბილურ მოთამაშეს არ მივცეთ შანსი?! კახა ცხადაძე ამბობდა, ჩემს სქემაში ვერ ჯდებაო, ვაისმა ჯერ არ ვიცნობო, მერე ვიცი მის შესახებო, მაგრამ ამ ეტაპზე არაა სიაშიო... საინტერესო როდის იქნება...

ნუკრი რევიშვილზე უკვე ვთქვით, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული. და კიდევ ერთი: გიორგი არაბიძე – ნიჭიერ ფეხბურთელის მამას ვაისი უნდა გასაუბრებოდა. თავად გიორგიმ ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ მოგვიანებით იყოსო. ამასობაში კი, მას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია იწვევს და თუ დროულად არ მოგვარდა ეს პრობლემა არაა გამორიცხული ტალანტი დავკარგოთ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაბიძეს 19-წლამდელთა ნაკრებში დაუძახეს და წინა თვისგან განსვავებით ასაკობრივ გუნდში მაინც მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

ახლა, საკადრო სიტუაციიდან მეტოქეებზე და მათთან ჩატარებულ მატჩებზე გადავიდეთ:

ირლანდიის ნაკრებთან კარგი არაფერი გვაკავშირებს – 7 მატჩი, შვიდივე მარცხი, 4:15-ზე ბურთების შეფადრება. უშუალოდ დუბლინში კი გოლი ერთხელ გაიტანა ჩვენმა პირველმა გუნდმა: 2009 წელს, ალექსანდრე იაშვილმა პირველივე წუთზე. ბოლოს, დუბლინში, ერთი წლის წინ წავაგეთ, თუმცა, მაშინ შეიძლეობდა ქულაც წამოგვეღო. იმედია, ნავსი მერვე ცდაზე მანც გატყდება, თორემ...

რაც შეეხება უელსის ნაკრებს – “ლომებთან” დიდებული ბალანსი გვაქვს - სამიდან სამი მოგება. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორჯერ ვაჯობეთ: თბილისში 5:0 და კარდიფში 1:0 გიორგი ქინქლაძის გოლით. ბოლოს კი, 2008 წელს, ამხანაგური შეხვედრა მოვუგეთ 2:1. თუმცა, მას შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა მხოლოდ წარსულისა და სტატისტიკის იმედზე ყოფნა არაფერში გვარგებს. სხვა თუ არაფერი, უელსი ევროპის ბოლოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც მის რიგებში ირჯება (გარეტ ბეილი). ისე კი, შეღავათად რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ისაა, რომ უელსელებს კიდევ ერთი ვარსკვლავი აარონ რემზი დააკლდებათ.

მოკლედ, სიტუაცია რთულია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ჩვენც გვჯეროდეს წარმატების. დღევანდელ ფეხბურთში ადვილად არაფერი მიიღწევა, თამაშიც ყველამ ისწავლაო ხშირად გავიგონებთ და რაღა ჩვენ დაგვავიწყდა ან ვერ ვისწავლეთ... ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებზე კიდევ არაერთხელ დავწერთ და ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა ამით დავასრულოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113752