ფეხბურთი

17:29 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

18:4, 15:1, 12:0 და სასწორზე ფინანსები

რა ამბებია მეორე ლიგაში? როგორც იცით, აქ გუნდების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ახლა 25 კლუბით მეტი თამაშობს, ვიდრე წინა სეზონში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მასობრიობის კუთხით იმუშავა, უარი არ უთხრა არცერთ კლუბს, რომლებმაც განცხადება შეიტანეს და ან თავისი სტადიონი აქვთ, ან ნაქირავები.

სულ 8 ჯგუფია და თითოეულში რვა, ან ცხრა გუნდი თამაშობს ორ წრედ. თითო ჯგუფიდან გამარჯვებული (ანუ 8 გუნდი) გაისად რანგით მესამე ლიგაში ითამაშებენ და წლიურ 250 000 ლარს დაფინანსებას მიიღებენ. მეორედან მეექვსე ადგილამდე გასული გუნდები (ანუ 40 კლუბი) რანგით მეოთხე ლიგაში გამოვლენ და თითოეული 50 000 ლარს მიიღებს.

8 ჯგუფიდან ოთხი აღმოსავლეთისაა, ერთი ცენტრალური და სამიც დასავლეთისა. უნდა ითქვას, დონეში სხვაობა იგრძნობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ჯგუფებში არასაფეხბურთო ანგარიშებიც ფიქსირდება. არც არის გასაკვირი, მეტწილად უფულო კლუბებია, ხოლო ვისაც თანხა აქვს, მეორე ლიგის კვალობაზე კარგი შემადგენლობა შეკრიბა და მიზნად პირველზე გასვლა დაუსახავს.

მაგალითად აღმოსავლეთის ბ ჯგუფში თბილისის “ლოკომოტივი”-2-მა ოთხ მატჩში 39 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. გასულ ტურში “ლოკომ” ოჩამჩირის ‘ამირანს” 18:4 (!) მოუგო. მამია გავაშელიშვილმა 7 გოლი გაიტანა და დიდად არც დავით დარციმელიამ დააკლო, 5-ჯერ იხეირა. “ლოკომოტივის” ძირითად გუნდში თამაში ვისაც არ უწევს (ან სათამაშო დრო აკლია), მათ მეორე ლიგაში ეძლევათ საშუალება.

ლოკომოტიველებმა ოთხ ტურში ოთხივეჯერ დიდი ანგარიშით იმარჯვეს. 18:4-ის გარდა, კიდევ ერთხელ მოახერხეს ორნიშნაზე ასვლა: 11:2 “შავნაბადასთან”. ამავე ჯგუფში მარნეულის “ალგეთი” გამოირჩევა, მეორე ტურში 15:1 სძლია “სამგორს”.

ა ჯგუფში “ვიტ ჯორჯია”-2-მა “თიანეთს” 9:0 მოუგო, თუმცა ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი “ნორჩი დინამოა”, სადაც ზაალ ელიავა, ზურაბ მენთეშაშვილი და სევასტი თოდუა თამაშობენ.

ყველაზე ძლიერია გ ჯგუფი, სადაც პირველობისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის: “შევარდენი 1906”, “რეალ ვარკეთილი”, “ცხუმი”... იქვე არიან “საბურთალო 2”, საქართველოს უნივერსიტეტი და სოხუმის ”დინამოც”. არასაფეხბურთო ანგარიშები აქაც გვხვდება: საქართველოს უნივერსიტეტმა ‘ერას” 12:0 მოუგო, იმავ “ერამ” 0:10 წააგო “რეალ ვარკეთილთან”, ხოლო “ალგეთი XXI” “საბურთალო 2”-თან 0:9 დამარცხდა.

საინტერესო იყო “შევარდენი 1906”-“რეალ ვარკეთილის” დაპირისპირება, რომელიც 2:2 დასრულდა.

საინტერესოა კახეთის ზონაც, სადაც “თელავი” ლიდერობს. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა 5 მატჩში 4 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 24 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს. თელაველებმა “ჰერეთს” 7:0, ხოლო “ბახტრიონს” 9:0 მოუგეს. რვაგუნდიან ზონაში 7 კახურია: “თელავი”, “დურუჯი” (ყვარელი), “ალაზანი” (გურჯაანი), “სართი” (სართიჭალა), “გარეჯი” (საგარეჯო), “ჰერეთი” (ლაგოდეხი), “ბახტრიონი” (ახმეტა). ეღთი არაკახური გუნდია “რუსთავი 2”.

დასავლეთის სამივე ჯგუფში მეტნაკლებად თანაბარი დონის გუნდებია. დასავლეთის ა-ში გამოიკვეთნენ “მარგვეთი”, “საირმე” და “რაჭა”. ბ ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს “ბეთლემი”, მეორე-მესამეზე კი “ეგრისი” და “მერცხალი” არიან. გ ჯგუფში “სამეგრელო” პირველობს, მას კი ალბათ “ხიხანი” და “ბახმარო” გაუწევენ კონკურენციას.

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა რომ უცნაური ანგარიშებიც გვხვდება, უმეტესად დაძაბული თამაშებია. ვისაც შეუძლია, ძალ-ღონეს არ აკლებს, რადგან სასწორზე ფინანსები დევს.

ერთი კი არის, ზოგიერთი გუნდი, მცირე ფინანსების მიუხედავად, კოხტად ჩაცმულ-დახურულია და იქ ვარჯიშებიც ნორმალურ დონეზე მიმდინარეობს, შედეგიც ცუდი არ აქვთ. თუმცა არიან ისეთებიც, შარშანდელი სეზონიდან დაფინანსება რომ მიიღეს და სათამაშო ფორმის პრობლემა აქვთ.

რაც მთავარია, მეორე ლიგამ ბევრ ჭაბუკს, ან ზრდასრული ასაკის ადამიანს ფეხბურთისკენ უბიძგა. ერთი წლის წინ, ან თვეების წინ უგუნდოდ დარჩნენ და წასასვლელი არცერთ გუნდში არ ჰქონდათ. რატომ არ შეიძლება ხელახალი პროგრესი განიცადონ?!

მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ ფედერაციიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ესწრება თამაშს. მაიმუნობას რომ არ ჰქონდეს ადგილი. კონტროლი აუცილებელია, თორემ თვალი თუ მოაცილე, ვინ რას იკადრებს, არავინ იცის.

თეგებიმეორე ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120999