ფეხბურთი

15:39 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხომერიკი: “ბათუმის “დინამო” უკეთეს პირობებს იმსახურებს”

ბათუმის “დინამო” კარგ სეზონს ატარებს, გუნდს პირველი წრის შემდეგ 3 ფრე და 3 მოგება აქვს, ჯერ ერთი მარცხიც კი არ განუცდია. ბათუმელები თავიანთ ჯგუფში მხოლოდ “სამტრედიას” ჩამორჩებიან. ლევან ხომერიკის გუნდს ნამდვილად არ ულხინს, გუნდი ბათუმში ვერც ვარჯიშობს და ვერც თამაშობს. ეს კი, დაგვეთანხმებით, დიდი პრობლემაა.

ხომერიკი თავად იყო ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი, თანაც, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი. მწვრთნელად კი პირველად ჰერბერტ ცანკერის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში მოგვევლინა, გერმანელის თანაშემწე გახლდათ. მაშინ 17-წლამდელებში თამაშობდნენ ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე და სხვები. ლევანი ბოლო წლებში ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბში იყო, რამდენიმე თვის წინ კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

ხომერიკი worldsport.ge-ს ესაუბრა:

- სამწუხაროა, რომ ვარჯიშიც და თამაშიც სხვა ქალაქში გვიწევს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის რევაზ ჩელებაძის მიმართ, ქობულეთის “შუქურას” სტადიონზე დავდივართ. გზაში აქეთ-იქით ორი საათი გვეხარჯება, თანაც ვარჯიში დილაობით გვაქვს. ძალიან დამღლელია ფეხბურთელებისთვის. თანაც, რომ გითხრათ, ქობულეთში იდეალური ხელოვნური საფარიაო, ტყუილი გამოვა.

- ბათუმში ანგისას ბაზის მშენებლობა როდის დასრულდება?

- როგორც ვიცი, ნოემბრის შუა რიცხვებში. მშენებლობა მიმდინარეობს. საერთოდაც, ზამთარში იქ ვაპირებთ შეკრებას. ტრიბუნები 1600 კაცზე იქნება გათვლილი, იქნება ორი მოედანი და სასტუმროც. Y

- სტადიონის საკითხი?

- არ ვიცი. მშენებლობა არ დაწყებულა. ჯერ ტენდერი დასრულდა. უნდა ვთქვა, რომ ბათუმის “დინამო” უკეთეს პირობებს იმსახურებს. ყურადღება გვჭირდება, ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, შინ რომ ვთამაშობდეთ, ხომ უფრო მეტი ქომაგი ივლიდა ჩვენს თამაშებზე. მინიმუმ 5000 კაცი მოვიდოდა.

- თქვენი აზრი მიმდინარე ჩემპიონატის დონეზე? წინა სეზონებს რომ შევადაროთ.

- მეტი დაძაბულობაა, რადგან მოკლე ჩემპიონატია და ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაინც გარდამავალი ჩემპიონატია და გაისიდან უკვე სხვა სისტემით ჩატარდება. დაძაბულობა კარგია, მაგრამ რამ უნდა ასწიოს დონე, როცა ინფრასტრუქტურა არაა? კარგი ხარისხის მინდვრები არაა. როცა ქართული გუნდები თურქეთის შეკრებაზე მიდიან, საკონტროლო მატჩებში ნორმალურ შედეგს აჩვენებენ. ეს იმიტომ, რომ კარგ პირობებში ემზადებიან, მშვენიერ ბალახზე თამაშობენ. აქ ჩამოსვლისას კი სხვა სურათს უყურებენ, მერე ნელ-ნელა სურვილიც უქრებათ. სხვა ქართულ გუნდებს რა მოვთხოვოთ, როცა თბილისის ‘დინამოც” კი ცუდად თამაშობს ევროტურნირებზე. როგორ გავამტყუნო ფეხბურთელი და როგორ მოვთხოვო ევროპული დონის სტანდარტები, როცა მინდორი არ ვარგა?! ბათუმში სტადიონი არაა და საერთოდ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ძალიან დაბალ დონეზეა. არადა, ინტერესი არის ბავშვებისა და ჭაბუკების მხრიდან. საიდან მოვა ახალი თაობა, საიდან წამოვლენ ბავშვები, თუკი მათ ხელშეწყობა არ ექნებათ?! მერე კი გვინდა, რომ ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევში მოიგოს. ნაკრები ვერ მოამზადებს ფეხბურთელს, ნაკრებში ფეხბურთელი მომზადებული უნდა მიდიოდეს.

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გვითხრა, სამუშაოების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის თაობაზე ტენდერი პოლონურმა კომპანიამ მოიგო და 20000-იანი სტადიონის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. იმედია, როგორმე მოებმება თავი ამ საკითხს.

0.11801