ძიუდო

21:01 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტების ევროპული ტრიუმფი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ევროპირველობის დასკვნით დღეს, მედლები ტრადიციულად, გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა და სამდღიანი ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა.

ვაჟთა შორის ევროკონკურენციაში 18 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაება. ქართველი ახალგაზრდები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ და რუმინეთი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაამარცხეს – 5:0. მეოთხედფინალში ავსტრიას მხოლოდ ქულა დაუთმეს – 4:1. ნახევარფინალში კი ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს – რუსეთს აჯობეს – 3:2.

საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრებები დადგნენ და ოქროს მედლის ბედი მძიმეწონოსანთა დაჭიდებამ გადაწყვიტა. ჯაბა მუმლაძემ აზარ იაგუბოვს წარმატების პატარა შანსიც კი არ მისცა. ჯერ ვაზარიზე დასცა, შემდეგ გაფრთხილებების ლიმიტი ამოუწურა, ბოლოს კი სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე.

+90 კილოგრამში მოჭიდავეთა დაპირისპირებამდე ოთხი შეხვედრა შედგა. პირველ წონაში – 66 კილოგრამში თორნიკე ნაგლიაშვილმა ილკინ ბაბაზადა გააკრა ბეჭებით ტატამს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალი განმეორდა და გიორგი კაციაშვილმა ვერც ამჯერად შეძლო ჰიდაიატ ჰეიდაროვის ძლევა. თუმცა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებაც გახდა. კობა მჭედლიშვილმა (81 კგ) რუფატ ისმაილოვი წუთსა და 20 წამში შებოჭა და საქართველო ისევ დააწინაურა. ონისე სანებლიძეს (90 კგ) შეეძლო, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაენაღდებინა, მაგრამ ასლან მირზაიევთან წააგო.

ორიოდ წუთში ჯაბა მუმლაძემ საერთო ანგარიში 3:2 გახადა და საქართველო გააჩემპიონა.

ევროპის გუნდური პირველობის გადამწყვეტ შეხვედრამდე რეპეშაჟის ფინალები გაიმართა და პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა იტალიელმა და რუსმა 21-წლამდელებმა გაინაღდეს. იტალიელებმა ჰოლანდიელების (3:2), ხოლო რუსებმა უკრაინელების (4:1) ძლევით.

დღესვე, ევროპის გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს გოგონათა ნაკრებიც ჩაერთო, მაგრამ შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ხორვატიასთან მარცხით (1:4).

გოგონების ფინალში გერმანიამ რუსეთს აჯობა 4:1. მესამე საპრიზო ადგილი კი ხორვატიამ და საფრანგეთმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11338