ფეხბურთი

17:05 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ახალმა პრეზიდენტმა საქართველოც ახსენა

უეფას ახალმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ინტერვიუში საქართველოც ახსენა. როგორც იცით, ჩეფერინი სლოვენიელია, ის პროფესიით იურისტი გახლავთ და 2001 წლიდან მუშაობდა სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სწორედ ჩეფერინს დაუჭირა მხარი უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ჩეფერინი სლოვენიურ გამოცემა Najdi-ს ესაუბრა.

“სლოვენიას 40 000-ზე მეტი რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე მეტია, 16 000 მოთამაშეა რეგისტრირებული. ასე რომ, ვერ ვიტყვი, თითქოს სლოვენიაში ფეხბურთისადმი სათანადო ინტერესი არაა”.

ცნობისთვის, სლოვენიაში 2,1 მილიონი მაცხოვრებელია. ანუ, დაახლოებით ორჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში.

21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში საფეხბურთო მასობრიობამ იმატა, საქართველოში წლიდან წლამდე მცირდებოდა ფეხბურთელთა რაოდენობა. რამ გამოიწვია ეს, იოლი მისახვედრია: სწრაფი ტემპით იყიდებოდა და შემდეგ ინგრეოდა სტადიონები, კორპუსომანიამ მოიცვა მთელი ქვეყანა. შესაბამისად, გუნდების რაოდენობა შემცირდა და სად ივლის ბავშვი (ჭაბუკი) ფეხბურთზე, თუ სტადიონი არაა?

ბოლო თვეებში მოიმატა ფეხბურთელთა რიცხვმა. სფფ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ სწორედ მასობრიობაზე გააკეთა აქცენტი. რეგიონებში, სადაც ფეხბურთი არ ახსოვდათ, გუნდები გაჩნდა. მაგალითად, მეორე ლიგაში ერთ-ერთი ზონა მთლიანად კახური გუნდებითაა დაკომპლექტებული.

აღსდგა “შევარდენი 1906”, შეიქმნა ახალი კლუბები, სადაც არცთუ ურიგო ახალგაზრდები თამაშობენ. ის ახალგაზრდები, რომლებიც ორი-სამი წლის წინ 17, ან 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდნენ, ან კანდიდატები იყვნენ, მაგრამ ერთი პერიოდი თამაშს შეეშვნენ, რადგან გუნდი ვერ მოძებნეს. ეს ცალკე პრობლემაა, საქართველოში 16-17 წლის ჭაბუკს თუ ფეხი გადაუბრუნდა, გამოჯანმრთელებასაც არ აცდიან, მაშინვე განზე ტოვებენ. რატომ არ შეიძლება, რომ იმ ფეხბურთელმა ხელახლა პროგრესი განიცადოს? რატომ უნდა შეშლოდათ ხელი?

შორს არ წავალთ, გუშინ მეორე ლიგაში “ლიახვი”-“ტიფლისის” (1:2) თამაში იყო და მენეჯერი იყო მოსული, რომელიც “ტიფლისის” ორ ფეხბურთელს აკვირდებოდა. ვიცით, ასეთი შემთხვევები სხვა გუნდებშიც იქნება. სლოვენია საქართველოზე ბევრად განვითარებული ქვეყანაა, დასავლეთ ევროპასთანაა და ბუნებრივია, იქ არც სტადიონებს ანგრევდნენ და არც 17 წლის ბიჭებს ტოვებდნენ ქუჩაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112319