კალათბურთი

12:46 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: "ნაკრებში და მოედანზე ყოფნა ძალიან მაკლია"
"შეცდომებს თუ გამოვასწორებთ, მონტენეგროს დამარცხება ნებისმიერ მოედანზე შეგვიძლია"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები სპორტის სასახლეში 96:68 დაამარცხა და ევრობასკეტზე დიდი ალბათობით გასულია. შესარჩევ ციკლში ეროვნულ გუნდს ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კალათბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში ნაკრების სამსახურშია და გუნდის წარმატებაში წვლილი შეაქვს. გასულ ევროპის ჩემპიონატზე მანუჩარი ჩაგდებული ქულების მხრივ მხოლოდ თორნიკე შენგელიას და ზაზა ფაჩულიას ჩამორჩა. მიმდინარე შესარჩევში კი ნაკრებს მარკოიშვილის გამოცდილება და შედეგიანობა აკლია.

worldsport.ge მანუჩარს სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ ესაუბრა. მარკოიშვილი მიიჩნევს, რომ ამჯერად მთავარია გუნდი ევრობასკეტზე გავიდეს და სტაბილურობის პრობლემა შემდეგში გამოასწოროს.

მანუჩარ მარკოიშვილი: "მთავარი შედეგია და შესაფასებელიც ბევრი არაფერია. მიუხედავად ნერვიულობისა, მთავარია გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, სტაბილურობა გვაკლია და წარსულშიც გვაკლდა, როდესაც თამაში ვერ მიგვყავდა ბოლომდე და 10-15 ქულიანი უპირატესობა ვერ შეგვინარჩუნებია. ვფიქრობ, ეს მენტალიტეტის ბრალია და ვიმედოვნებ, მომავალში გამოსწორდება."

ევრობასკეტ 2015-ზე მანუჩარი სამქულიანებს 40.6%-ის სიზუსტით ისროდა და 32 მცდელობიდან 13 ჩააგდო. ჯამში ნაკრებმა 42 სამქულიანი მიითვალა და თითქმის მესამედი მანუჩარზე მოდიოდა. მიმდინარე შესარჩევში კი ნაკრები ამ კომპონენტში მოიკოჭლებს. მარკოიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და აქცენტი უფრო ორქულიან ტყორცნებზე კეთდება.

"ჩემთვის სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ნაკრებს ვაკლივარ, თუმცა პირიქითაა - ნაკრებში და მოედანზე ყოფნა მაკლია. სამქულიანი სროლების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება მართლა ნაკლებია, თუმცა ეს ალბათ სისტემიდან გამომდინარეა. მწვრთნელი თვლის, რომ შიგნიდან თამაში უფრო მომგებიანია და სამქულიანის პერიმეტრზე სასროლი სივრცეები კარგად არ იქმნება. ამ ყველაფერს ზუსტი ანალიზი სჭირდება. ვიმედოვნებ, მონტენეგროსთან ყველაფერი გამოგვივა, პერიმეტრზე სივრცეები შეგვექმნება და სამქულიანებს ჩავაგდებთ. თუ ასე წაგვივა თამაში, მეტოქე კალათბურთელები გაიშლებიან, ზაზა ფაჩულიას, გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძეს კი შიგნიდან თამაში უფრო გაეხსნება."

მარკოიშვილი გუნდთან ერთად არ იმყოფება და მთავარ მწვრთნელთან ილიას ზუროსთან შეხება არ აქვს, თუმცა ნაკრების წევრებისგან იცის, რომ დადებითი პიროვნებაა და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. მანუჩარის განცხადებით, ნაკრების თამაში სანახაობრივია და მწვრთნელი ხარვეზების აღმოფხვრას ცდილობს.

"ევროპაში წარმატებული და ცნობილი მწვრთნელია. მას დიდ პატივს ვცემ და ბიჭებსგანაც ვიცით, რომ კარგად უძღვება ვარჯიშებს, კარგი ურთიერთობა აქვს ნაკრების კალათბურთელებთან. რაც შეეხება სისტემას, ზუროსის მწვრთნელობის პერიოდში კარგად ვთამაშობთ, სანახაობრივადაც არაა ცუდი საყურებელი. უბრალოდ არის ხარვეზები დაცვაში, ამას მწვრთნელი კარგად ხედავს და ცდილობს აღმოფხვრას. თუმცა მარტო თავკაცის მიერ შეცდომების დანახვა არაა საკმარისი, თავად კალათბურთელები უნდა შეეცადონ უფრო ზუსტად ითამაშონ."

საქართველო შინ მონტენეგროსთან ორი ქულის სხვაობით დამარცხდა. ბოლო წამებზე მონტენეგროელმა თორნიკე შენგელიას ხელი უბიძგა, რაც მსაჯმა ვერ დაინახა, ფარქვეშ კი სტუმრებმა იყოჩაღეს და ზუსტი სროლით მატჩის ბედი გადაწყვიტეს. მარკოიშვილი აღნიშნული მომენტს იხსენებს და იმედოვნებს, მომავალ მატჩში მსაჯების მხრიდან მსგავსი უხეში შეცდომა არ განმეორდება.

ასევე, მანუჩარი თვლის, რომ ევროპის ნებისმიერ მოედანზე შეუძლია საქართველოს მონტენეგროს დამარცხება, თუ გუნდი თბილისში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს.

"დიდი სურვილია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იყოს. ამ მხრივ რაღაც პრობლემები არის, რომელიც გარედან არ ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე მოთამაშე მიკროტრავმებით თამაშობს. ექიმები და მწვრთნელები მოთამაშეებს უფრთხილდებიან და თავად ნაკრების წევრების სურვილია მოედანზე ბოლომდე დაიხარჯონ, ამას კი ბევრი ვერ ხედავს. მთავარია ყველა იყოს ფორმაში და მჯერა, მონტენეგრო არაა ის გუნდი, რომელთანაც გამარჯვება არ შეგვიძლია, ევროპის ნებისმიერ მოედანზეც კი. თბილისში დაშვებულ შეცდომებს თუ გამოვასწორებთ, სტუმრად მოგების შანსი გვაქვს. თუ პატარ-პატარა ასპექტებში ვაჯობებთ, კონტრშეტევებს კარგად გამოვიყენებთ და სიზუსტე არ გვიმტყუნებს, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ასევე, იმედია მსაჯები შეცდომებს არ დაუშვებენ. უბრალოდ, ცუდად გამოჩნდა თოკოზე ჯარიმა რომ არ დაფიქსირდა ბოლო წამებზე."

უკვე სამი თვეა მარკოიშვილი რეაბილიტაციას გადის, თუმცა ამაოდ. ჩვენთან საუბარში "დარუშაფაკას" კალათბურთელმა აღნიშნა, რომ დაზიანება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ. შესაძლოა, მანუჩარმა უახლოეს მომავალში მუხლზე ოპერაცია გაიკეთეს.

"სამი თვეა რეაბილიტაციას გავდივარ და სამწუხაროდ, ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე ამას ექიმები ელოდნენ. ახლა ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას, რათა კიდევ ერთხელ გავიარო შემოწმება და დაზუსტდეს, მჭირდება თუ არა ოპერაცია მუხლზე. თუ ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო, 5 თვე სჭირდება რეაბილიტაციას და სეზონი თითქმის ჩამივარდება."

მარკოიშვილის განცხადებით, 2016 წელს მოედანზე მისი გასვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. კალათბურთელს "დარუშაფაკასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და უკლუბოდ არ დარჩება. იმედია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მომავალი წლის დასაწყისიდან თამაშის დაწყებას შეძლებს და გუნდს ევრობასკეტზე დაეხმარება. ოფიციალურად საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური განაღდებული არ აქვს, თუმცა მეორე ადგილითაც ტურნირზე მონაწილეობის შანსი დიდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111673