ფეხბურთი

1:33 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაგვიანებული გოლი და დაგვიანებული აჩქარება

საქართველოს ნაკრების და ქართული ფეხბურთის ჩამორჩენა 2016 წლის 5 სექტემბერს არ დაწყებულა. ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ გავიმეორებთ: ჩვენ ჩამოვრჩით თანამედროვე ფეხბურთს, სწრაფ აზროვნებას და კომბინაციურ თამაშს. არ ვიცით, ვის მოსწონს და ვის არა, მაგრამ ფაქტია, ბოლო წლებში გუნდური მოქმედებები იგებს თამაშს და არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ვარსკვლავები გყავდეს. სად გვყავს... თუმცა რომც გვყავდეს, ერთი-ორი კაცით თამაშის მოგება გასულ საუკუნეს ჩაბარდა.

არაა საჭირო ზედმეტი ინდივიდუალიზმი, მითუმეტეს, როცა არ გამოგდის. ეს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებაა და კარგს არაფერს მოიტანს. სამწუხაროდ, კვლავაც ხშირი იყო არასწორი გადაწყვეტილებები. წავაგეთ ნაკრებთან, რომელიც არ ბრწყინავს და არც დიდი ფანტაზიის უნარი გააჩნია. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ავსტრია საშუალო ევროპული კლასის ნაკრებია, ოღონდ, ჩვენზე ძლიერი, გაცილებით ძლიერ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით.

ჰქონდა ჩვენს ნაკრებს საგოლე მომენტები და თავისუფლად შეიძლებოდა, ფრეს გამოვრჩენოდით. მეტიც, ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ როცა თუნდაც ავსტრიის დონის ნაკრებს ეთამაშები, მხოლოდ ემოციის ფონზე და ბოლო 12 წუთში აჩქარებებით ფონს გასვლა რთულია.

ორივე გოლი თავით გაგვიტანეს. დავიდ ალაბამ ჩააწოდა და მცველმა ჰინტერეგერმა თავით შეაგდო. აქ გიორგი ლორია შეცდა, გამოსვლაზე თამაში კარგად არ გამოუვიდა. მერე კი, სად იყო ჩვენი დაცვა, რატომ დატოვეს მარკ იანკო ასე მარტო და როგორ მოხდა, რომ მან ორიოდე მეტრიდან თავით გაიტანა, ვერ გეტყვით. პასიც მშვენიერი ჩაუწოდეს, თუმცა მეტი საიმედოობა მოეთხოვობოდათ ჩვენს უკანახაზელებს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ათწუთიანი მონაკვეთი ჩაატარა კარგად. ეს პირველ და მეორე გოლებს შორის. ხიფათი სამჯერ შეიქმნა: ჯანო ანანიძის ჩაწოდება, ამისულაშვილმა შემობრუნებით დაარტყა და ააცილა; უჩა ლობჟანიძემ ჩააწოდა, ლადო დვალიშვილმა ჯაბა ჯიღაურს დაუგდო ბურთი, ჯაბას დარტყმული კი მეკარეს ხელებში მიუვიდა; გურამ კაშიას მშვენიერი პასი, ანანიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმში ავსტრიელები ბურთის დაჭერას შეეცადნენ და დროის უმეტეს მონაკვეთში ამას ახერხებდნენ კიდეც. შეეძლოთ ინტრიგა საბოლოოდ მოესპოთ კიდეც, როცა იანკო პირისპირ გავიდა მეკარესთან. ლორიამ იყოჩაღა და მოიგერია.

ოდნავ გამოაცოცხლა თამაში დავით სხირტლაძის შემოსვლამ. მას დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში და მართალია, თავად არ ჰქონია საგოლე შანსი, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა, დროული პასები გააკეთა. ერთი საგოლეც გამოდგა... სხვებთან შედარებით აქტიური იყო ჯიღაური და ანანიძეც უფრო გამოცოცხლდა. პირველი ცდიდან ააცილა, მეორეჯერ კი ზუსტად დაარტყა და მშვენიერი გოლიც მიითვალა - 1:2. ისე, ერთ მომენტშიც არ გაგვიმართლა და ძელმა იხსნა სტუმრები. ეს ანანიძის გოლამდე.

დარჩენილ დროში ავსტრიელებს წინ აღარ გაუმწვავებიათ თამაში, ერთბაშად ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი. მომენტები კი იყო, ერთხელ სუტნერმა ცარიელი კარიდანაც გამოიტანა ბურთი. გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ კიდევ ერთ გოლს, რომელიც ვერა და ვერ ვიხილეთ. დროც იწურებოდა და საბოლოოდ, სტუმრებმა 3 ქულა წაიღეს.

სამწუხაროა, მაგრამ ვეღარსად გავექცევით. გვიანია იმაზე წუწუნი, რომ გვაკლდა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და წამყვანი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე. დაშავდა გიორგი აბურჯანიაც, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს სამი თვეა არ უთამაშია, გუნდშიც ხეირიანად არ უვარჯიშია და ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა კიდეც, ამ ეტაპზე 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდაო.

ასეთი წაგებები ყოველთვის ორმაგად სამწუხაროა. კიდევ ვიმეორებთ, გვიჭირს გარკვეულ კომპონენტებში, სწრაფი აზროვნების ნაკლებობაა და ეს გამოჩნდა ავსტრიელთა ფონზეც, რომლებიც მომენტებში ისე სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს, ისე გადმოდიოდნენ დაცვიდან შეტევაში, ზედმეტს არაფერს აკეთებდნენ. ჩვენ კი, ამ მხრივ განსაკუთრებით გვიჭირს...

5 სექტემბერი. 20:00. თბილისი. "დინამო არენა". 45 000 მაყურებელი

საქართველო - ავსტრია 1:2 (0:2)

საქართველო: ლორია - ლობჟანიძე (ჭანტურია 84), კვირკველია, ამისულაშვილი (ოქრიაშვილი 76), ნავალოვსკი - დაუშვილი, კაშია, ანანიძე - ჯიღაური, ყაზაიშვილი - დვალიშვილი (სხირტლაძე 63)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ავსტრია: ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, სუტნერი - ჰარნიკი (საბიტცერი 72), ბაუმგარტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი, იუნუზოვიჩი (შოპფი 67) - იანკო (გრეგორიჩი 76)

მწვრთნელი: მარსელო კოლერი

გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16), 0:2 იანკო (42), 1:2 ანანიძე (78)

გაფრთხილება: ჰინტერეგერი (51), ალმერი (90+4)

მსაჯი: კულბაკოვი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114999