ფეხბურთი

10:07 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ანგარიშიც უკეთესი იყო და თამაშიც

გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩშიც სძლია აზერბაიჯანს - 4:1. შეგახსენებთ, 21 აგვისტოს ამავე გუნდების დაპირისპირება ქართველებმა 3:1 მოიგეს.

ასპინძელაშვილმა ამჯერადაც 22 ფეხბურთელი ათამაშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობა ჰყავდა შეცვლილი. პირველ ტაიმში ტაქტიკური სქემაც უფრო შეტევაზე იყო აგებული, ერთი საყრდენი ნახევარმცველი (ანზორ მექვაბიშვილი) იყო მინდორზე და ხუთი შემტევი მის წინ.

დიდი უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს. პირველ ტაიმში აზერბაიჯანს ნახევარმომენტიც კი არ ჰქონია და შეიძლებოდა, ანგარიში 1:0-ზე მეტიც ყოფილიყო შესვენებისთვის. გოლი მე-13 წუთზე ზურაბ დავითაშვილმა ("დინამო") გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა.

გამოსარჩევი იყო რამდენიმე ეპიზოდი: ლევან გრძელიძის პასის შემდეგ, ლუკა ჩიქოვანმა ააცილა; მექვაბიშვილმა შორიდან ხარიხას მოარტყა ბურთი; არაერთი გააზრებული შეტევა ვნახეთ და სხვათა შორის, გუნდური თამაშიც ორი დღის წინანდელთან შედარებით გამოსწორებული იყო. ერთი კი არის, საკმაოდ სუსტები იყვნენ აზერბაიჯანელები. ჩვენები იოლად ატყუებდნენ და ამიტომაც იყო, სტუმრებმა უხეშობას რომ უმატეს.

ქართველებმა მეორე ტაიმის საწყისი წუთები ჩააგდეს და გოლიც გაუშვეს. ჩაწოდება, იქ ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა თავით გადააგდო ბურთი მეკარის ბაქანთან და კაპიტანმა მუსტაგოვმაც ახლოდან თავით შეაგდო კარში - 1:1.

მხოლოდ ორიოდე წუთით გაიხარეს სტუმრებმა, რადგან გიორგი გულიაშვილმა (სფფ-ის აკადემია) ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და მეორედ დააწინაურა საქართველო. იმავე გულიაშვილმა რამდენიმე წუთში ჰანდიკაპის სახე მისცა ანგარიშს, გოლი კი ასე გავიდა: აზერბაიჯანელები დიდი ძალებით წავიდნენ წინ, კონტრშეტევა გამოეპარათ, თემურ გაბუნიამ დავით ლორთქიფანიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ლორთქიფანიძემაც ირბინა და თავად არ დაარტყა, უკეთეს პოზიციაში მყოფ გულიაშვილს გაუკეთა პასი, რომელმაც ცაციით შეაგდო.

გულიაშვილი შემტევებიდან საუკეთესო ჩანდა, ამ ჭაბუკს საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს სფფ-ის აკადემიის გუნდში და აი, ნაკრებშიც გამოირჩა. მოუსვენარი ფორვარდია, გოლზე დაგეშილი.

ბოლოს კი ნიკოლოზ ქუთათელაძემ (ფრანგული პსჟ-ის აკადემია) გაიტანა: ხანგრძლივი შეტევა იყო, სტუმართა მეკარე კარიდან გამოვიდა და ბურთი ვერ შეიმაგრა, გადმოვარდნილს კი ქუთათელაძემ დაამატა. ასე გახდა 4:1.

29 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება და "სირენსკას თასზე" ითამაშებს.

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო-აზერბაიჯანი 4:1 (1:0)

საქართველო: მეგრელიშვილი (მამარდაშვილი 41), კვარაცხელია (კაპანაძე 55), გელაშვილი (ხვედელიძე 41), ჯინჯოლავა (გაბედავა 73), ჯავახიშვილი (ხარაბაძე 55), მექვაბიშვილი (ჯანაშია 62), დავითაშვილი (ქუთათელაძე 62), ივანიაძე (გაბუნია 55), ჩიქოვანი (ლორთქიფანიძე 41), გრძელიძე (ბაბუნაძე 41), კაკაურიძე (გულიაშვილი 41)

მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

გოლები: 1:0 დავითაშვილი (13), 1:1 მუსტაგოვი (52), 2:1 გულიაშვილი (54), 3:1 გულიაშვილი (61), 4:1 ქუთათელაძე (78)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

გაძევება: მუსტაგოვი (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117763