ფეხბურთი

19:47 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რატომ იცავს “კრილიას” კარს? - გიორგი ლორია ტოპლიგების დონეზე

რუსი კომენტატორები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოსკოვის “ლოკომოტივისა” და სამარის “კრილია სოვეტოვის” მატჩისას. სამარელთა ქართველი კიპერის გიორგი ლორიას მიმართ ქათინაურებს რუსეთის პრემიერლიგის ყოველ ტურში მოისმენთ, თუ რა თქმა უნდა, “კრილიას” მატჩებს თვალს მიადევნებთ. სრულიად დამსახურებულადაც – ლორია წლეულს შესაშურ ფორმაშია და ალბათ არც შევცდები და არც გადავამატებ, თუ ვიტყვი, რომ პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეა. ყოველ შემთხვევაში ციფრები ამაზე მიანიშნებენ – 4 მატჩში ოდენ სამი გაშვებული გოლი (ერთი პენალტით), ერთი აღებული თერთმეტრიანი, 25 სეივი, ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ამდენჯერვე ტურის სიმბოლურში...

ასეთია 30 წლის ქართველი მეკარის სტატისტიკური მონაცემები – არადა, ცოტა არ იყოს, გულზე მოსახვედრია გიორგი “კრილიაში” რომ ირჯება. რატომ? – წერილის დასაწყისში მოყვანილი ციფრებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ იგი ბევრად მაღალი დონის გუნდს იმსახურებს ჩემპიონატს თუ არა. საერთოდ, რუსეთის პრემიერლიგა ობიექტურად ამჟამად თავისი დონით ტოპ ხუთეულს თუ ჩამორჩება, თორემ ჰოლანდიის, საბერძნეთის, გნებავთ თურქეთის ჩემპიონატებს კარგა ხანია რაც გაუსწრო და არც პორტუგალიაზე უკან დგას მაინცდამაინც. სხვათა შორის, ლორიას რუსებმა “ლოკომოტივთან” შესაშური ქმედებებისას ქართველი მაესტრო უწოდეს და რას ნიშნავს ეს?! – მაესტრო ძირითადად შემოქმედ ადამიანთან ასოცირდება, მეკარე კი ისეთი პოზიციაა, ფეხბურთში შემოქმედებასთან საქმე ნაკლებად აქვს. თუმცა, ის, რასაც ქართველი აკეთებს კარის ხაზზე უდაოდ მიესადაგება სწორედაც რომ მაესტროს.

ლორიას კარიერის უმეტესი ნაწილი თბილისის “დინამოს” უკავშირდება, რომლის პირველ გუნდში 2005-2014 წლებში იყო, ხოლო ორი წლის წინ ზაფხულში ყაზახურ “აკტობესთან” მარცხის შემდეგ თბილისური გუნდიდან წასულს ბედის ძიება უცხოეთში მოუწია. იპოვა კიდეც კუნძულ კრეტაზე, სადაც ოფი-ს კარს ერთი სეზონი მაღალ დონეზე იცავდა, მაგრამ კლუბი ფინანსური შეჭირვების გამო დაიშალა. მცირე უქმობის შემდეგ ჩვენებურმა პირეოსის “ოლიმპიაკოსი” მოძებნა, 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა, მის სანაცვლოდ ბერძნულმა გრანდმა 700 ათასი ევრო გაიღო – თითქოს სწორდ შესაფერისი კლუბი იყო: ევროპაში სახელმოხვეჭილი, ტიტულოვანი, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, მაგრამ ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა და პირეოსი ისე დატოვა, ერთხელად კი არ დაუცავს “ოლიმპიაკოსის” კარი. სწორედ იქედან წამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა ლორია “კრილიაში”, სადაც შარშან ძირითადში მალევე დამკვიდრდა და იქაური სპეციალისტების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ცსკა-სთან გასვლაზე გამარჯვებაში (2:0) უდიდესი წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, მას რუსულ გუნდთან გრძელვადიანი კონტრქტი სულაც არ აკავშირებს – მიმდინარე ზაფხულს გააფორმა ხელშეკრულება ხელმეორედ მომავალი წლის ივნისამდე. და იქნებ, დამდეგ ზაფხულს მაინც გამოჩნდეს ისეთი გუნდი, რომელსაც რეალურად იმსახურებს...

თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ტოპ ჩემპიონატებიდან ყველაზე მეტად იტალიის სერია A მყავს გაშიფრული უკვე წლებია და დამერწმუნეთ, იმ 20 გუნდიდან, რომელიც კალჩოში ასპარეზობს საკმაოდ ბევრია ისეთი, რომლის ძირითადი მეკარე გიორგი ისე იქნებოდა, როგორც დღეს სამარის “კრილია სოვეტოვშია”... და რაშია პრობლემა? – ალბათ შესაბამისი აგენტის არყოლაში, რომელიც მოუძებნიდა მას ევროპული დონის კლუბს და გზას გაუხსნიდა ტოპლიგისკენ. არადა, მართლაც კარგი სანახავი იქნებოდა ტოპლიგაში ისევ ქართველის ხილვა, თანაც მეკარის... რაც თავი მახსოვს, საქართველოში ხომ ყოველთვის კარგი მეკარის არყოლაზე ვწუწუნებდით?! მახსოვს, ხშირი საუბრები იყო ხოლმე, მეკარე არ გვყავს, თორემ სხვა პოზიციებზე რა გვიჭირსო... ახლა მგონი ყველაფერი პირიქითაა – მეკარე კი გვყავს, მაგრამ სხვა პოზიციებს რა ვუყოთ?..

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლო პერიოდში ძირითადის მეკარე ნუკრი რევიშვილია. როცა რევიშვილს და ლორიას სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რომ იტყვიან, მაშინ სუფთა გემოვნების ამბავია, რომელს ამჯობინებ. ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დანიშვნის შემდეგ “ჯვაროსანთა” კარი გიორგის არ დაუცავს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სლოვაკის სპეციალისტისთვის მეკითხა, იქნებოდა თუ არა ახლა მაინც კარგ ფორმაში მყოფი ლორია ნაკრების პირველი მეკარე, რაზეც ვაისისგან დადებითი პასუხი მივიღე – ჰოდა, ავსტრიასთან კარსმომდგარ შეხვედრაში ჩვენი კიპერი იქნება ჩვენი მაესტრო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111126