ისტორია

10:15 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

22 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1930. დაიბადა ჟილმარი (ჟილმარ დოს სანტოს ნევესი) ბრაზილიის ნაკრების, “ხაბაკვარას”, “კორინთიანსის” (1951-61), “სანტოსის” (1961-69) მეკარე. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერთადერთი მეკარეა. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 94 მატჩი. 1962 და 1963 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. სან პაულუს შტატის ათგზის ჩემპიონი. ხუთჯერ იმარჯვა რიო-სან პაულუს ტურნირზე. ბრაზილიის თასის ოთხგზის მფლობელი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 941 მატჩი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894. ავსტრო-უნგრეთის დედაქალაქ ვენაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვიენა”. ეს გუნდი ინგლისელებმა დააარსეს, ამიტომაც ვენის სახელი ინგლისურად ჟღერს. კლუბის პიკი გასული საუკუნის შუა პერიოდზე მოდის, როდესაც ექვსჯერ მოიგო ავსტრიის პირველობა, სამჯერ – ავსტრიის თასი. სადღეისოდ “ვიენა” ავსტრიის პირველობის რიგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

1920. იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაარსდა საფეხბურთო კლუბი “კალიარი.” 1970 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. “კალიარის” რიგებში ასპარეზობდა იტალიის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლუიჯი რივა. მოგვიანებით კლუბმა გადაწყვიტა მისი თერთმეტნომრიანი მაისური სხვა მოთამაშეს აღარ მოეზომა. “კალიარიში” სხვადასხვა პერიოდში თამაშობდნენ ჯანფრანკო ძოლა (წარმოშობით სარდინიელი ძოლა გუნდში 2003 წელს მივიდა და სერია A-ში გადასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. “სკუადრა აძურას” ფორვარდ მაურო ესპოზიტოსთან ერთად), ენრიკო ალბერტოზი, რობერტო ბონინსენია, ანჯელო დომენგინი, დანიელ ფონსეკა, ენცო ფრანჩესკოლი, ჯუზეპე პანკარო, კრისტიან ძანეტი. “კალიარი” ასპარეზობს “სანტ ელიას” სტადიონზე, რომლის ტრიბუნებიც 23486 მაყურებელს იტევს.

1924. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით კუთხურიდან პირდაპირ კარის მიმართულებით გაგზავნილი ბურთი, თუკი იგი პირით ხაზს გადაკვეთდა, გოლად ჩაითვლებოდა. დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე უშუალოდ კუთხურიდან ჩაწოდებით პირველი გოლი შოტლანდიის მეორე დივიზიონის “სენტ ბერნანდსის” მოთამაშე ბილი ოლსტონმა “ალბიონ როვერსს” გაუტანა.

1957. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფლოიდ პატერსონმა პიტ რადემახერი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1965. ინგლისის საფეხბურთო ლიგებში პირველად განხორციელდა ცვლილებები. მეორე დივიზიონის კლუბების ლონდონის “ჩარლტონისა” და “ბოლტონის” მატჩში, ჩარლტონელმა კეიტ პიკოკმა მეთერთმეტე წუთზე საკუთარი გუნდის გოლკიპერი შეცვალა. ბობი ნოქსი კი, პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანა მოახერხა. ეს ინგლისის მეოთხე დივიზიონის გათამაშებაში “ბეროუსა” და უელსური “რექსჰემის” მატჩში მოხდა.

1991. უნგრელმა მოცურავე კრისტინა ეგერშეგიმ 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:00,31).

1995. თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბულგარულ “ბოტევთან” 0:1 წააგო. თამაში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. ორი შეხვედრის ჯამში, თბილისელები 0:2 დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. “დინამო”: ზოიძე, ფირცხალავა, ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, კაჭარავა, ხომერიკი (დემეტრაძე), ცქიტიშვილი (კიკნაძე). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

2004. ათენის ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე გარბენი ამერიკელმა ჯასტინ გეტლინმა მოიგო (9.85 წამი), მამაკაცთა შორის სიმაღლეზე ხტომაში შვედმა შტეფან ჰოლმმა იმარჯვა (2.36 მ), სამხტომში კი ყველას კიდევ ერთმა შვედმა ათლეტმა კრისტიან ოლსონმა აჯობა (17.79 მ).

2007. საქართველოსა და ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2007. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერევანში სომხეთმა პორტუგალიასთან 1:1 ითამაშა.

2008. პეკინის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიამ ბელგიას 3:0 მოუგო.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა თავისი რიგით მესამე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამჯერად მან თანანაკრებელებთან ერთად 100 მეტრზე ესტაფეტით ირბინა, იამაიკის ნაკრების დრო კი 37.1 წამი გახლდათ.

2009. იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა ბერლინში მიმდიანრე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მესამე მედალი მოიპოვა. ამჯერად მან თანანაკრებელებთან ერთად 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში იმარჯვა.

2013. ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის “დინამო” 0:5 დამარცხდა “ტოტენჰემთან”, გორის “დილამ” ვენაში “რაპიდთან” 0:1 წააგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1924. ხუან კარლოს “კანარიო” გონსალესი. 1950-52 წლებში ურუგვაის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ტურნირზე ჩაატარა 2 მატჩი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. ხუან გონსალესი ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონია.

1930. ჟილმარი (ჟილმარ დოს სანტოს ნევესი) ბრაზილიის ნაკრების, “ხაბაკვარას”, “კორინთიანსის” (1951-61), “სანტოსის” (1961-69) მეკარე. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერთადერთი მეკარეა. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 94 მატჩი. 1962 და 1963 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. სან პაულუს შტატის ათგზის ჩემპიონი. ხუთჯერ იმარჯვა რიო-სან პაულუს ტურნირზე. ბრაზილიის თასის ოთხგზის მფლობელი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 941 მატჩი.

1935. რიჩარდ ჰოვარდი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მფლობელი.

1959. დენიზა კარი. ამერიკელი კალათბურთელი. 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1962. ვიქტორ ბრიზგინი. საბჭოთა მძლეოსანი. სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოიპოვა ოქროს მედალი.

1964. მათს ვილანდერი. შვედი ჩოგბურთელი. შვიდჯერ აქვს მოგებული “დიდი სლემის” ტურნირები. სამ-სამჯერ მოიგო საფრანგეთისა (1982, 1985, 1985) და ავსტრალიის (1983, 1984, 1988) ღია პირველობები, აგრეთვე აშშ-ის ღია ჩემპიონატი (1988). ამ ფინალებში სამჯერ დაამარცხა ლეგენდარული ჩეხი ჩოგბურთელი ივან ლენდლი. ოთხჯერ იასპარეზა ამ ტურნირების ფინალში. 1988 წელს მსოფლიო საჩოგბურთო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გავიდა, იმავე წელს იქორწინა და თავისი სპორტული კარიერაც დაასრულა.

1968. პოლ ერენგი. კენიელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968. ალეკსანდრ მოსტოვოი. საბჭოთა კავშირის, დსთ-ის, რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკის”, ლისაბონის “ბენფიკას”, ფრანგული “კანისა” და “სტრასბურგის”, ვიგოს “სელტას” ნახევარმცველი. 1987 და 1989 წლებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1993 წელს მოიპოვა პორტუგალიის თასი. 1990 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორი ჩემპიონატის მონაწილე. სსრკ-ის, დსთ-ისა და რუსეთის ნაკრებებში ჩაატარა 80 მატჩი, 16 გოლი.

1973. ეურელიუს ჟუკაუსკასი. ლიტვის საკალათბურთო ნაკრების მეფარე (218 სმ). ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. 1996 და 2000 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი. ევროპის 1995 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “ჟალგირისის” შემადგენლობაში 1999 წელს მოგებული აქვს ევროლიგა.

1989. დავით თარგამაძე. საქართველოს 15, 17, 21 წლამდელთა და ეროვნული ნაკრებების, ბოლნისის “სიონის”, შვეიცარიული “აარაუს”, “ფრაიბურგის”, უკრაინის “ოლექსანდრიას”, დონეცკის “შახტარის”, მარიუპოლის “ილიჩივეცის” ნახევარმცველი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1991. ფედერიკო მაკედა. იტალიის 17, 19, 21 წლამდელთა ნაკრებების, “ლაციოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “სამპდორიას”, “ქუინზ პარკის”, “შტუტგარტის” ფორვარდი. 2008-2009 სეზონში მანჩესტერელთა ოთხ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ შეხვედრათა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით “იუნაიტედს” გამარჯვება მოუპოვა.

0.115529