ავტოსპორტი

1:14 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ლამბორგინისთვის“ ფორმულა 1 პრიორიტეტი არ არის

ახლახანს „ლამბორგინის“ სათავეში „ფერარის“ ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილი შეფი, სტეფან დომენიკალი ჩაუდგა, მაგრამ როგორც ის ამბობს, ეს სულაც არ ნიშნვას იმას, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები უახლოეს თვალსაწიერში დიდი პრიზების რბოლებში მონაწილეობას აპირებენ.

დომენიკალიმ კოლეჯის დასრულებისთანავე, 1991 წელს მუშაობა „ფერარიში“ დაიწყო. თავიდან ის მუჯელოს ტრეკს მართავდა, შემდეგ კი „სკუდერიაში“ გადაინაცვლა, სადაც 2014 წლამდე იმუშავა. ბოლოს ის გუნდის შეფი იყო, მაგრამ არასახარბიელო შედეგების გამო დაითხოვეს. მალე „აუდიში“ მიიწვიეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ფ1-ის პროექტზე უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სკანდალმა დიზელგეიტმა ყველაფერი არია. ამის შემდეგ, გერმანულმა ჯგუფმა დომენიკალი „ლამბორგინის“ შეფად გადაიყვანა, სადაც სტეფან ვინკელმანი შეცვალა. ეს უკანასკნელი „აუდი კვატროს“ შეფად დაინიშნა.

დომენიკალის „ლამბორგინიში“ მისვლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიური კომპანია ფ1-ში დასაბრუნებლად ემზადება და ამ საქმეს მისი ახალი შეფი წარუძღვება, მაგრამ ეს ინფორმაციაც უსაფუძვლო გამოდგა. მან განაცხადა, რომ კომპანიის პრიორიტეტებში ამჟამად ფ1 არ მოიაზრება. თუმცა „ლამბო“ სხვა სერიებში გამოსვლას გააგრძელებს. ცნობისათვის, სანტ’აგატა ბოლონეზელები აქტიურები არიან GT3 კლასში და მასში საკუთარი, საკმაოდ პოპულარული მონო სერიის ორგანიზატორებიც არიან.

„ისეთი ბრენდი, როგორიც „ლამბორგინია“, რბოლების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ რაც შეეხება ფორმულა ერთს, ის ამჟამად ჩვენს პრიორიტეტებში არ შედის“, - ამბობს დომენიკალი. ცნობისათვის, რბოლებში მონაწილეობის გარდა, იტალიურ კომპანიას ახალგაზრდა პილოტების განვითარების საკუთარი პროგრამა აქვს და შესაძლოა, მალე გამძლეობაზე რბოლებშიც ჩაერთოს.

„ლამბორგინი“ ფორმულა 1-ში მცირე ხნით მონაწილეობდა. ოღონდ არა საკუთარი გუნდით, არამედ ძრავის მიმწოდებლის რანგში. ამ მხრივაც, რაიმე განსაკუთრებული მიღწევა არ ჰქონია, რადგან საშუალო და დაბალი დონის გუნდებს უწევდა პარტნიორობას. მათ შორის იყვნენ „ლოტუსი“ (იმ დროისთვის დასუსტებული), „ლიჟიე“, „მინარდი“ და „ლარუსი“ (რომელიც „ლოლას“ შასის იყენებდა). „ლამბოს“ ფ1-ში მოღვაწეობა 1989-1993 წლებში გაგრძელდა და ამ პერიოდში მისი საუკეთესო შედეგი, იაპონიის 1990 წლის დიდ პრიზზე დაკავებული მესამე ადგილია, რომელიც იაპონელმა აგური სუზუკიმ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146177