ავტოსპორტი

2:30 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მენორში“ რიო ჰარიანტოს ესტებან ოკონი შეცვლის

ფორმულა 1-ის საზაფხულო არდადეგების დროს, მსოფლიო ჩემპიონატის აუტსაიდერმა, ბრიტანულმა გუნდმა „მენორმა“ პილოტი გამოცვალა. ინდონეზიელი რიო ჰარიანტოს ადგილს, ფრანგი ესტებან ოკონი დაიკავებს. ის გუნდში ამ სეზონის ბოლომდე, გერმანელ პასკალ ვერლაინთან ერთად იასპარეზებს.

ამ ჩანაცვლების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჰარიანტოს სპონსორის (ინდონეზიის მთავრობა) დეპოზიტი ამოეწურა (უნგრეთის ეტაპის შემდეგ) და ახალი სპონსორის მოძიება ვერ მოასწრო. თუმცა, გუნდმა გერმანიის ეტაპზე გამოსვლის საშუალება მაინც მისცა. ჰარიანტომ არდადეგების დასაწყისშივე შეატყობინა „მენორს“, რომ სასპონსორო თანხას ვერ აგროვებდა და დრო იყო, მის ნაცვლად, სხვა მიეწვიათ.

ბრიტანულ გუნდს ბევრი ძებნა არც დასჭირვებია. „მერსედეს-ბენცმა“ , რომელიც „მენორს“ ძრავებს აწვდის, პარტნიორს თავისი პროტეჟე - ოკონი შესთავაზა, ვინც არის გერმანული კომპანიის ნიჭიერი პილოტების განვითარების პროგრამის წევრი. ოკონს მოგებული აქვს ფ3-ის და GP3-ის ტიტულები, ამჟამად კი DTM-ში ასპარეზობს (სადაც გასულ სეზონში ვერლაინი ჩემპიონი გახდა) და იმავდროულად, „რენოს“ ტესტ პილოტია. ფ1-ში მისი დებიუტი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტრასაზე, ბელგიის სპაზე შედგება.

ამ გადასვლის შემდეგ, DTM-ში ოკონის ადგილზე, „მერსედესმა“ თავისი კიდევ ერთი პროტეჟე, შვედი ფელიქს როსენკვისტი გადაიყვანა, რომელიც მანამდე გერმანული გუნდს ტესტ პილოტი იყო. ვინ გახდება „რენოს“ ტესტ პილოტი, ამაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. რაც შეეხება ჰარიანტოს, „მენორი“ მას ამ სეზონის ბოლომდე, თავის ტესტ პილოტობას სთავაზობს.

0.136004