ფეხბურთი

2:00 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მცველების ბენეფისი - ევროპის სუპერთასი მადრიდში დაბრუნდა (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” უეფას ევროპის სუპერთასი მოიგო – “სამეფო გუნდმა” ტრონჰეიმის “ლერკენდალის” სტადიონზე ევროპა ლიგის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ “სევილიას” დრამატულ მატჩში აჯობა და აღნიშნული ჯილდო ისტორიაში მესამედ მოიგო. აქედან ორჯერ, მადრიდულმა გრანდმა სწორედ “სევილიელ დალაქებს” აჯობა. დღეს და ორი წლის წინ.

ვერ ვიტყვით, რომ უშუალოდ შეხვედრა ფეერიული გამოდგა, მაგრამ რაც მთავარია დაძაბულობასთან ერთად უხვგოლიანიც იყო, დრამატულიც და რაც მთავარია, ლამაზი გოლებიც გავიდა. “სევილიაში” გასულ სეზონთან ბევრი რამ შეიცვალა – მთავარი მწვრთნელი, რამდენი წამყვანი მოთამაშეც გუნდიდან წავიდა, მაგრამ მთლიანობაში ანდალუზიურ გუნდზე ვერ ვიტყვით, რომ დასუსტდა. რაც შეეხება “რეალს” – “სამეფო კლუბს” აღნიშნულ მატჩში გარეტ ბეილი, ტონი კროოსი, კეილორ ნავასი, პეპე და კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. აქედანაც ჩანს, ზინედინ ზიდანს რა შემადგენლობით მოუწევდა თამაში. სწორედ ამის გამო იყო ახალგაზრდა მარკო ასენსიო სასტარტო შემადგენლობაში რომ მოხვდა. ნიჭიერი შემტევი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთეო გახლდათ, პირველ ტაიმში უდაოდ საუკეთესო. სწორედ ასენსიონ გახსნა ანგარიში 21-ე წუთზე წუთზე. გოლი კი, შეუდარებელი გამოუვიდა: 30 მეტრიდან პირდაპირ სერხიო რიკოს კარის ცხრიანში დააჭედა, ზუსტადაც, რომ ცხრიანში! “რეალი” თამაშს აკონტროლებდა და თითქოს ტაიმიც უნდა მოეგო, მაგრამ სევილიელთა ახალწვეულმა ფრანკო ვასკესმა ასევე მოხდენილი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმი მოსაწყენი იყო, თუმცა 72-ე წუთზე ევგენი კონოპლიანკამ პენალტი ზუსტად დაარტყა – 1:2.

“სევილია” ძალზე ახლოს იყო მეორედ მოეგო ევროპის სუპერთასი, მაგრამ... მაგრამ, მილორად მაზიჩმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და როდესაც მესამე დამატებული წუთი იწურებოდა ანდალუზიელ მცველებს სერხიო რამოსი გაეპარათ საჯარიმოში. ლუკას ვასკესმა მას ბურთი თავზე დაასვა და თამაშიც დამატებით 30 წუთეულში გადავიდა. საერთოდ, რამოსი ფინალების კაცად შეგვიძლია მოვნათლოთ. ლიგის ფინალშიც წელს მან გაიტანა, ხოლო 2014 წელს “ატლეტიკოს” კარი ასევე მესამე კომპესირებულ წუთზე აიღო და “რეალი” მაშინაც მარცხისგან იხსნა.

დამატებით დროში კი, ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა – “რეალი”. მადრიდელებმა არაერთი მომენტი შექმნეს და ერთი გაიტანეს კიდეც. სხვათა შორის სერხიო რმაოსმა ისევ და კვლავაც თავით, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა. შამაგიეროდ, წესების სრული დაცვით შეაგდო კიდევ ერთმა მცველმა, დანი კარვახალმა 119-ე წუთზე. ესპანელმა განაპირა მცველმა ფლანგზე მთელი “სევილია” გაიარა და რიკო ახლო მანძილიდან დახვრიტა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლიც მოხდენილი გამოვიდა. მოკლედ, ერთი შეხედვით, არცთუ სანახაობრივი მატჩი მეტად დრამატული და საინტერესო გამოდგა. “რეალმა” უეფას ევროპის სუპერთასი მესამედ მოიგო (2002, 2014 და 2016), ხოლო “სევილიამ” სუპერთასზე ზედიზედ მესამედ, ჯამში კი მეოთხედ წააგო.

“რეალი” – “სევილია” 3:2 დ.დ (1:1) (მიმოხილვა)

ტრონჰეიმი, “ლერკენდალი”

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კოვაჩიჩი (ხამესი 72), ლუკას ვასკესი; ისკო (მოდრიჩი 66), მორატა (ბენზემა 62), ასენსიო

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“სევილია” (3-4-3): სერხიო რიკო; პარეხა, კარიკო (რამი 51), კოლოჯეჩიაკი; კიოტაკე, იბორა (კრანევიტერი 74), ნზონზი, ვასკესი; მარიანო; ვიეტო (კონოპლიანკა 67), ვიტოლო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72, პენ), 2:2 რამოსი (90), 3:2 კარვახალი (119)

გაფრთხილება: კარვახალი (84), ასენსიო (86) - ვიტოლო (39), კოლოჯეჩიაკი (90, 94)

გაძევება: კოლოჯეჩიაკი (94)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (13) – 7 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.200852