ბლოგი

16:28 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბირთვისის უკანასკნელი მეციხოვნეები

ბოლოს მხოლოდ თხუთმეტნიღა დარჩნენ. მტერი კი უთვალავი იყო. მესამე თვე სრულდებოდა, მტერი მათ ციხეს გარს ერტყა და ლოდსატყორცნების საშინელი ხმაური არ აძინებდათ ციხის დამცველებს. ალაგ-ალაგ მონგრეული ციხის კედლები კი აშკარად ნათელყოფდა, რომ ციხის დამცველებს ბევრი დრო აღარ დარჩენოდათ და ისინიც მათი დაღუპული თანამოძმეების მსგავსად ციხის კედლებში დაიმარხებოდნენ. ლოდსატყორცნებიდან ნასროლი ლოდები საზარელი გრუხუნით ეხეთქებოდა ცისის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს.

მაინც რა დიდებული ციხე იყო ალგეთის ხეობაზე გადმოკიდებული ბირთვისის ბასტიონი! სამი თვე გაუძლეს სულ რაღაც ასამდე კაცით. ციხეს ორი მხრიდან ბუნებრივი ზღუდე – ფრიალო კლდე ერტყა, მტერი კი იმ მხრიდან უტევდა, საიდანაც აგრერიგად მკვიდრად ნაგები ციხის კედლები იყო აღმართული. “ნეტა ასე მტკიცე როგორ ააშენეს, ან რა მასალა იხმარეს ასეთი?!” – ფიქრობდა ციხის ყველაზე პატარა დამცველი, ახალციხელი ბექა, რომელსაც 16 წელი ციხის ალყისას შეუსრულდა, მაგრამ აბა ეს ამბავი იმ დროს და იმ ეპოქაში ვის ანაღლებდა? ბექას კი გულზე დარდი დასწოლოდა, რადგან გრძნობდა და ხვდებოდა, მათი აღსასრული ძალიან ახლოს იყო. კოჭლი თემურის თათარ-მონღოლებს სათვალავი არ ქონდათ და მეციხოვნეთა მხრიდან გაწეული მედგარი წინააღმდეგობაც საბოლოო ჯამში ვერაფერს შეცვლიდა. მეფე უკვე მთაში იყო გაქცეული, ქართლი, მესხეთი და კახეთი მთლიანად მოოხრებული, თბილისი ჩაფერფლილი, ხალხი კი დაქსაქსული და მიმოფანტული..

ბექა მუშაითი იყო. ჩვენებურად მთამსვლელი. ციხისთავმა სწორედ ამიტომაც შეარჩია მეციხოვნედ ეს პატარა ბიჭი. ბექა რაგინდარა სალ და ფრიალო კლდეზე ისე კოხტად ცოცდებოდა, ახალციხეში მისი თანატოლები ცინდალას, ანუ კატის კაპარჩანა კნუტს ეძახდნენ. დაუღლელი, მოტივირებული, მუდამჟამს კლდეზე შებღოტებული ბიჭი ბირთვისის მეციხოვნეებმა მალევე შეიყვარეს და არაფერი ჯობდა იმის ცქერას, როგორ მარჯვედ იქნევდა ხმალს ეს გალეული მესხი. ხმალი კი იცოცხლეთ, სანაქებო ეჭირა – პაპისეული გორდა. დიდი, ორლესული, ბრძოლებში გამოჭედილი და ბევრი ლესვისგან პირგალეული.

შავი ჭირისა და სხვა ათასი დავადების გაჩენის შიშით, მტრის მიერ დახოცილი თანამებრძოლების გვამები ბირთვისის უკანასკნელ მეციხოვნეებს ციხის სულ ყველაზე ბნელ და ღრმა ხაროში ჩაჰქონდათ. ადრე იმ ხაროს დატყვევებული მტრის მებრძოლების გამოსაკეტად იყენებდნენ, მაგრამ ეს მაშინ იყო, როდესაც მტრის დატყვევება შესაძლებელი იყო. თათარ-მონღოლთა ურდოს შემოსევამ კი ბრძოლას მთლიანად დააკრგვინა აზრი, რადგან მსგავსი ყაიდისა და ბრძოლისუნარიანობის მქონე მტერი ჩვენში არავის ენახა.

წყალი და საკვები ჯერ კიდევ ჰქონდათ, მაგრამ აღარ ქონდათ ილაჯი და შეძლება. ციხის კედლებზე ლოდების ბრახუნისგან ხომ ძილი რა იყო მეციხოვნეებს უკვე აღარც ახსოვდათ. ახალციხელი ბექა ციხის სათოფურიდან მშვილდით მტრის მორიგ მებრძოლს იღებდა მიზანში, როდესაც გრუხუნის ხმა საერთოდ შეწყდა და ირგვლივ სამარისებურნმა სიჩუმემ დაისადგურა. მეციხოვნეებმა ჯერ გაიოცეს, მერე გაიხარეს და იფიქრეს, მტერიც დაიღალა ამდენხნიანი ბრძოლით და დასვენებას მიეცაო და აბა რა გასაკვირია, რომ დაღლილებსა და უძილართ, უცებ დაეძინათ.

ეძინა ციხისთავ ჯუანშერ ერძუკისძეს და თბილისელ ხოხაიშვილებს, ეძინა ცალთვალა მშვილდოსან ხევსურს და ისრებისგან ტანდაჩეხილ, მაგრამ გაუტეხელ თელაველ გოცოს, ჩოლოყაანთსას, ეძინათ რაჭველ ძმებს – გიორგისა და დავითს და ეძინა ახალციხელ ბექას, რომელსაც მშვილდი მუხლებში ჩაედო და ურტვინველად ფშვინავდა. სიზმარში ის მესხეთში, თავის სახლთან ახლოს, მთებზე დაებღოტებოდა, მთის წვერზე ასული, სიამით ჭამდა სახლიდან წაღებულ ხმიადსა და ყველს და სხვა მთებს იგულებდა დასალაშქრად, რადგან მისთვის მთელი სიამე სწორედ ეს იყო - ნახო და დალაშქრო ახალი მწვერვალი, დიდებული, შეუცნობელი!

ბექას და ბირთვისელ მეციხოვნეებს აღარასოდეს გაუღვიძიათ…

ჟამთააღმწერელი კი წერდა:

„„ხოლო სპანი ლანგ - თემურისანი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭვუნვარე იყვნეს და უარჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე“.“

„აღუშენა გარემოს ციხეები საფრად... და თვით მიადგა წინა კერძო ბჭესა მის ციხისასა, და მუნცა აღაშენა ცახე.“

იდგა 1403 წლის 12 აგვისტო. საქართველოში მონღოლთა ურდოები დათარეშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112798