ფეხბურთი

13:07 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბახის” ტრაგედია, სასწაული კვიპროსსა და ირლანდიაში (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასული ხუთი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. ზაგრების “დინამომ” ჩვენი ქვეყნის ჩემპიონ თბილისის “დინამოს” ორი მატჩის ჯამში 3:0 რომ მოუგო, ამაზე წერით ახლა თავს არ შეგაწყენთ.

სხვა თამაშებს გადავალოთ მოკლედ თვალი. აღსანიშნავია, რომ მეტად დრამატულად და საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.

პირველ ყოვლისა, გამოსაყოფია ირლანდიის ჩემპიონ “დანდოლკის” შთამბეჭდავი გამარჯვება ბორისოვის “ბატესთან”. კელტებმა ბელორუსის საუკეთესო გუნდთან ერთი კვირის წინ 0:1 წააგეს, მაგრამ გუშინ ბევრად გამოცდილ მეტოქეს შავი დღე აყარეს და ისტორიული შედეგიც მიიღეს – მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფი ირლანდიელებმა უკვე გაინაღდეს. რაც შეეხება თვითონ მატჩს, მისი ბედი დიდწილად დევიდ მაკმილანის თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მერე კი, წერტილი რობი ბენსონმა დასვა – 3:0.

ასეთივე ანგარიშით მოიგო ნიქოზიაში კვიპროსის ჩემპიონმა “აპოელმა”. თემურ ქეცბაიას ყოფილ გუნდს მანამდე ტრონჰეიმის “როსენბორგთან” 1:2 წაეგო და შინ მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა, თუმცა... მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, აღნიშნულ დროში კი კუნძულელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და კვიპროსელი ქომაგები ჭკუიდან შეშალეს.

ძალზე ახლოს იყო აზერბაიჯანული “ყარაბახი” უდიდეს წარმატებასთან – ჩვენმა მეზობლებმა ჩეხურ “პლზენთან” გასვლაზე 0:0 ითამაშეს და შინ მუარემის 28-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ... 85-ე წუთზე გაუშვეს და შემდეგ ეტაპზე ჩეხეთის ჩემპიონი ძლივს, სტუმრად გატანილი გოლით გავიდა.

ძალზე დრამატული გამოდგა სერბული “ცრვენა ზვეზდასა” და ბულგარული “ლუდოგორეცის” მატჩი. პირველი თამაში სოფიაში 2:2 დასრულებულიყო და ბუნებრივია ფავორიტად სერბები მიიჩნეოდნენ, თუმცა გამარჯვებული მაინც ბულგარეთის ჩემპიონი გამოვიდა. ისე, ძირითადი დრო გუშინაც 2:2 დამთავრდა, მაგრამ დამატებით 30 წუთში “ლუდოგორეცმა” ბელგრადელებს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.

“აპოელი” (კვიპროსი) – “როსენბორგი” (ნორვეგია) 3:0 – ორი მატჩის ჯამში: 4:2

გოლები: 1:0 ჯიონიოტასი (90+1), 2:0 ვანდერი (90+6), 3:0 დე ვინსენტი (90+9)

“ყარაბახი” (აზერბაიჯანი) – “პლზენი” (ჩეხეთი) 1:1 – ორი მატჩის ჯამში: 1:1

გოლები: 1:0 მუარმე (28), 1:1 კრმენჩიკი (85)

“დანდოლკი” (ირლანდია) – “ბატე” (ბელორუსი) 3:0 – ორი მატჩის ჯამში: 3:1

გოლები: 1:0 მაკმილანი (44), 2:0 მაკმილანი (59), 3:0 ბენსონი (90)

“ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი) – “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) 2:4 (დ.დ) – ორი მატჩის ჯამში: 4:6

გოლები: 1:0 დონალდი (17), 1:1 კაფუ (24), 1:2 ვანდერსონი (40), 2:2 იბანიესი (62), 2:3 ვანდერსონი (92), 2:4 ვანდერსონი (97)

0.128379