ავტოსპორტი

23:54 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი გახდა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა უნგრეთის დიდი პრიზი მოიგო და ამ სეზონში პირველად, სათავეში მოექცა კლასიფიკაციას. მან სულ ორი წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელიც ბუდაპეშტის რბოლამდე, ჩემპიონს ერთ ქულას უგებდა. ამჯერად ჰამილტონი, ვისაც უნგრული რბოლა უკვე ხუთჯერ აქვს მოგებული, გერმანელ პილოტს ექვს ქულას უგებს. აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს ბოლო ექვსიდან ხუთი რბოლა აქვს მოგებული, მათ შორის, ბოლო სამი.

რბოლის გადამწყვეტი მომენტი სტარტი იყო. მწვანე შუქზე ჰამილტონმა ოდნავ უკეთესი რეაგირება შეძლო, ვიდრე როსბერგმა. კიდევ უფრო სწრაფები აღმოჩნდნენ სტარტზე მათ უკან მდგარი დანიელ რიკიარდო, მაქს ფერსტაპენი და სებასტიან ფეტელი. სამივემ ორივე მხრიდან შეუტია „მერსედესის“ პილოტებს. და პირველ მოსახვევამდე იყო მომენტი, როცა ამ ხუთეულიდან ნებისმიერს (ფეტელს ნაკლებად) შეეძლო დაწინაურება.

საბოლოოდ, ჰამილტონმა შეძლო უკეთესი ტრაექტორიის დაკავება და დაწინაურდა კიდეც. რიკარდმ მას გარედან შეუტია და ერთ მომენტში, თითქოს გაასწრო კიდეც, მაგრამ გარე რადიუსზე მყოფმა, დროულად აჩქარება ვერ შეძლო და არამარტო ჰამილტონს დაუთმო ლიდრობა, არამედ მომდევნო მოსახვევში როსბერგმაც გაასწრო. აქედან მოყოლებული, პოზიციური ბრძოლა დაიწყო, თუმცა ამის მიუხედავად, რბოლა მაინც საინტერესო გამოდგა. მის მიწურულს, „რედ ბულის“ და „ფერარის“ პილოტებმა მესამე და მეხუთე ადგილებისთვის ლოკალური ბრძოლები გამართეს, თუმცა ორივე შემთხვევაში, მოგებულები ხარები დარჩნენ.

ამათგან განსაკუთრებით აღნიშვნას კიმი რაიკონენი იმსახურებს, რომელმაც სტარტი მე-14 პოზიციიდან აიღო, ფინიშთან კი მეექვსე მივიდა. რბოლის დასაწყისში მან ბევრი დრო დაკარგა რომენ გროჟანის უკან, თორემ დიდი შანსი ჰქონდა იმისა, კვარცხლბეკთან ახლოს ყოფილიყო. ფერსტაპენთან ბრძოლისას, მას უკანა მარცხენა ანტი ფრთის ელემენტი დაუზიანდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლო 8 წრის განმავლობაში, მისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიუცია. მაგრამ ჰოლანდიელმა თინეიჯერმა წარმატებით დაიცვა თავისი მეხუთე პოზიცია.

მეშვიდე ადგილი დაიკავა ფერნანდო ალონსომ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მაკლარენმა“ და მისმა პარტნიორმა „ჰონდამ“ გამოღვიძება დაიწყეს. სამწუხაროდ, ალონსოს მხარი ვერ აუბა ჯენსონ ბატონმა, ვისაც ამის საშუალება ჰიდრავლიკის დაზიანებულმა სისტემამ არ მისცა.

მომდევნო, მე-12 ეტაპს გერმანიის ჰოკენჰაიმრინგი ერთ კვირაში უმასპინძლებს, სადაც გერმანიის დიდი პრიზი ჩატარდება.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.63 კმ (4.381 კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40:30.115
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:01.977
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:27.539
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:28.213
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:48.659
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:49.044
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  12. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  16. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  18. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 2 წრე
  19. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 9 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:23.086, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 192 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 186; 3. დანიელ რიკიარდო - 115; 4. კიმი რაიკონენი - 114; 5. სებასტიან ფეტელი - 110; 6. მაქს ფერსტაპენი - 100; 7. ვალტერი ბოტასი - 56; 8. სერხიო პერესი - 47; 9. ფელიპე მასა - 38; 10. კარლოს საინსი - 30; 11. რომენ გროჟანი - 28; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 27; 13. ფერნანდო ალონსო - 24; 14. დანილ კვიატი - 23; 15. ჯენსონ ბატონი - 13; 16. კევინ მაგნუსენი - 6; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 19. ესტებან გუტიერესი - 0; 20. ჯოლიონ პალმერი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 378 ქულა; 2. ფერარი - 224; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 223; 4. უილიამს-მერსედესი - 94; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 74; 6. ტორო როსო-ფერარი - 45; 7. მაკლარენ-ჰონდა - 38; 8. ჰას-ფერარი - 28; 9. რენო - 6; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.229883