ავტოსპორტი

23:56 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა „მერსედესთან“ კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა ნიკო როსბერგმა, „მერსედესთან“ კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა. ამგვარად, ის და ლუის ჰამილტონი თანაგუნდელები 2018 წლის სეზონის ბოლომდე იქნებიან. ამასთან დაკავშირებით, გუნდმა საკუთარ ტვიტერზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, როგორ აწერს როსბერგი ხელს ახალ კონტრაქტს.

„ჩემთვის ამ ფურცელზე ხელის მოწერა განსაკუთრებული მომენტია. რა თქმა უნდა, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ“, - განაცხადა 31 წლის როსბერგმა, რომელმაც ცოტა რამდენიმე დღით ადრე მიანიშნა, რომ კონტრაქტის გაგრძელებასთან ახლოსაა.

„ნიკო ვერცხლისფერი ისრების განუყოფელი ნაწილია მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი ფორმულა ერთს 2010 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ, დიდი წვლილი შეაქვს მის წარმატებებში“, - ნათქვამია „მერსედესის“ განცხადებაში.

როსბერგი გერმანულ გუნდში „უილიამსიდან“ 2010 წელს გადავიდა მას შემდეგ, რაც ის ფორმულა 1-ს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მასთან ერთად, სამქიმიანებმა კონსტრუქტორთა თასი ორჯერ მოიგეს, თავად როსბერგმა კი 19 რბოლა მოიგო, მათგან ხუთი ამ სეზონში. 2014 წლიდან მოყოლებული, რაც ფორმულა 1-ს ტურბო ძრავები დაუბრუნდა, ტიტულისთვის მხოლოდ როსბერგი და ჰამილტონი იბრძვიან, რომელმაც გასული ორივე სეზონი მოიგო და „მერსედესთან“ კონტრაქტი გასულ სეზონში სამი წლით, 2018 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა.

უნგრული ეტაპის წინ, როსბერგი ჰამილტონს ერთ ქულას უგებს. თანაგუნდელები და ბავშვობის მეგობრები, უშეღავათო ბრძოლებით გამოირჩევიან, რასაც არაერთი შეჯახება მოჰყვა. ბოლო ასეთი შეჯახება ავსტრიის ეტაპის რბოლის ბოლო წრეზე მოხდა, რის შემდეგაც, „მერსედესი“ დაიმუქრა, რომ მსგავსი ინციდნტის შემთხვევაში, დამნაშავეს რამდენიმე რბოლას გამოატოვებინებს.

ამგვარად, წამყვან გუნდებში ვაკანსიები კარგა ხნით გამოირიცხა: ახლახანს „ფერარიმ“ კიმი რაიკონენთან გააგრძელა კონტრაქტი, უფრო ადრე კი „რედ ბულმა“ თავის ორივე პილოტთან - დანიელ რიკიარდოსთან და მაქს ფერსტაპენთან რამდენიმეწლიან კონტრაქტი გააფორმა.

0.123576