ფეხბურთი

21:48 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების "დინამო" ახლოდან...

სამი დღეც და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების მოსახელე გუნდს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის მნიშვნელობა ძალზე დიდია – თუ ჩვენი “დინამო” შეძლებს და ამ ბარიერს გაივლის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ერთადერთ ნაბიჯში იქნება და ამასთან, როგორც მინიმუმ ევროპა ლიგის ქვეჯგუფში თამაშს გაინაღდებს – არც ეს უნდა იყოს ურიგო ვარიანტი... თანაც, ახლა ის დროა, როცა “დინამოში” ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც ცალსახად აღიარებენ, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, სხვა შემთხვევაში იურაი იარაბეკის მუშაობა წარმატებულად ვერ ჩაითვლება და არც უნდა ჩაითვალოს. თუმცა...

თუმცა იქამდე ჯერ შორია, რადგან ზაგრების “დინამო” ხელწამოსაკრავი მეტოქე სულაც არაა – სხვა თუ არაფერი ამ გუნდის ბიუჯეტი 67 მილიონ ევროს უტოლდება, რაც ჩვენი გუნდების გადმოსახედიდან ძალზე მაღალი თანხაა. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცოტა ხნის წინ, “დინამოს” მომავალმა მეტოქემ მარკო პიაცა ტურინის “იუვენტუსში” გაასხვისა და ხაზინა 23 მილიონით შეივსო... ბევრი მიიჩნევს, რომ ხორვატიის ჩემპიონს პიაცას არყოფნა დაასუსტებს, მაგრამ ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვით – “დინამოში” მის გარდაც საკმაოდ მრავლად არიან მაღალი დონის მოთამაშეები.

კონტიგენტი

კარის ხაზი - კარს პორტუგალიელი ედუარდო იცავს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში. მართალია, ედუარდო საფრანგეთში სათადარიგო კიპერის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ თვითონ ფაქტიც ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს?! 33 წლის მეკარე ზაგრებში მესამე სეზონია რაც ბურთაობს, მანამდე კი ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც “ბეშიქთაში”, “ბრაგა”, “ბენფიკა” და “ჯენოაა”. მას ეროვნულ ნაკრებში 35-ჯერ უთამაშია და 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე პირველი კიპერიც იყო. 2 წლის წინ კი, განასთან შეხვედრაშიც ითამაშა.

თუმცა, შესაძლოა, “დინამოს” წინააღმდეგ ხორვატთა კარი არა მან, არამედ 27 წლის ანტონიო იეჟინამ დაიცვას, რომელიც შარშან მეორე მეკარე იყო, მაგრამ ამ სეზონში მას უწევს თამაში. ამას ლოგიკური მიზეზიც გააჩნია – ედუარდო ევროფორუმის გამო შვებულებაშია.

დაცვა – დაცვის ხაზში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი უმაგრებს ზურგს “დინამოს”, როგორიც მორგან შილდენფელდია – 31 წლის ხორვატი ევრო 2016-ზეც იყო ნაკრებში და 2 შეხვედრა ჩაატარა. მას უდიდესი გამოცდილება აქვს: უთამაშია “პანათინაიკოსში”, “პაოკში”, მოსკოვის “დინამოში”, “აინტრახტში”, გრაცის “შტურმში”. საინტერესო და ყურადსაღები ფეხბურთელია იოსიპ პივარიჩიც, რომელიც უკვე დიდი ხანია “დინამოში” ირიცხება და ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება. მას ხორვატიის ნაკრებშიც უთამაშია – 5-ჯერ. აქვეა 29 წლის პორტუგალიელი გონსალო დოს სანტოსი, რომელიც მესამე წელია რაც "დინამოშია", დოს სანტოსს განსაკუთრებული კარიერა არ ჰქონია, მაგრამ ზაგრებული გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკლებლივ ყველა მატჩი ჩაატარა. მანამდე იგი სამშობლოში "ეშტორილის", "სანტა კლარას", "დეპორტივო ავესა" და "აკადემიკას" ღირსებას იცავდა.

მათ გარდა უნდა გამოვყოთ, ნიჭიერი ფილიპ ბენკოვიჩი, ფრანგი ჟერემი ტარაველი, არგენტინელი ლეონარდო ხერმან სიგალი და რუმინელი ალექსანდრუ მაცელი – სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე ამ უკანასკნელმაც ითამაშა.

ნახევარდაცვა – ნახევარდაცვას მარკო პიაცას წასვლით დიდი ძალა მოაკლდა, თუმცა ისედაც სოლიდრუად გამოიყურება – ცალკე აღნიშვნის ღირსნი კი, უდაოდ პორტუგალიელი პაულო მაჩადო, ანტე კორიჩი და მარკო როგი არიან. პირველი მათგანი 30 წლისაა და კარგი კარიერა გააჩნია – “დინამოს” რიგებში 2014 წლიდან თამაშობს და სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა ხორვატულ გუნდს მაკედონიურ “ვარდართან” საპასუხო მატჩში. მანამდე მაჩადო “სენტ ეტიენში”, “ტულუზასა” და “ოლიმპიაკოსში” თამაშობდა. მას პორტუგალიის ნაკრებშიც უთამაშია (6 შეხვედრა). მარკო როგს რაც შეეხება – 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პიაცასი არ იყოს, ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია. მან საფრნაგეთში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა ეს ერთადერთი გამოჩენა იყო როგისთვის ევროპირველობაზე. ზაგრების “დინამოში” მან პირველად შარშან ითამაშა და 44 მატჩში 7 გოლი შეაგდო, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბოლო დროს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით დაინტერესებული იტალიური “ნაპოლი” გახლდათ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ ახალი არაფერია. ანტე კორიჩი კი 19 წლისაა – ხორვატიის ნაკრების განაცხადში ისიც იყო, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია. კორიჩზე სამშობლოში დიდ იმედს ამყარებენ და მართლებიც არიან – მართლაც ნიჭიერი შემტევია და ჩვენს “დინამოსთან” მასთან სიფრთხილე მართებს. ასევე უნდა გამოვყოთ კაპიტანი დომაგოი ანტოლიჩი - 26 წლის ხორვატი, რომელსაც "დინამოს" გარდა, მხოლოდ ზაგრების "ლოკომოტივში" უთამაშია. ანტოლიჩს ხორვატიის ნაკრებშიც მიეცა თავის გამოჩენის შანსი რამდენჯერმე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეროვნულ გუნდში თავი დაიმკვიდრა, რადგან მის ანგარიშიზე ოდენ 4 სანაკრებო თამაშია.

სხვა მხრივ ამავე რგოლში ზლატკო კრანჩარის განკარგულებაში ბრაზილიელი ჟონასი, რომელიც წელს შეუერთდა “დინამოს”, მაკედონიელი არიან ადემი, ბოსნიელი დამირ შოვშიჩი და სლოვენიელი პეტარ სტოიანოვიჩიც არიან.

თავდასხმა – სოლიდურად გამოიყურება დინამოელთა შეტევის ხაზიც – ხოსე ენრიკეზი 22 წლის ჩილელი ფორვარდია, რომელიც ზაგრებულ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. პირველი სეზონი გადასარევი გამოუვიდა და 21 გოლი გაიტანა შიდა ჩემპიონატში, თუმცა წინა ჩააგდო: 27 მატჩი 8 გოლი. ენრიკეზი თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში უწევდა თამაში. ერთი სეზონი კი, ესპანურ “სარაგოსაშიც” გაუტარებია. ენრიკეზმა 2015 წელს ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკა მოიგო და ფინალურ მატჩშიც ითამაშა არგენტინელთა წინააღმდეგ. ურიგო ფეხბურთელი არაა ბოსნიელი არმინ ჰოჯიჩი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 21-ჯერ უთამაშია. იგი სულ რაღაც 21 წლისაა და შარშან “დინამოს” 13 გოლით შეეწია. ახლაც ჩინებულ ფორმაშია – პირველივე ტურში დუბლი შეასრულა, 2015 წლის ნოემბერში კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გახსნა პირადი ანგარიში, როცა ათენში, “ოლიმპიაკოსის” კარი აიღო. თავდასხმაში ყველაზე სახიფათო მაინც 28 წლის ალჟირელი ჰილალ ელ არბი სუდანია, რომელსაც თამაში შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია. სუდანს განსაკუთრებულ გუნდებში არ უთამაშია, ყველაზე გამორჩეული პორტუგალიური “გიმარაეშია”, ხოლო “დინამოში” 2013 წელს ჩაირიცხა. მან ხორვატიის ჩემპიონატის პირველივე ტურში შეძლო გოლის გატანა. რაც შეეხება სანაკრებო დონეს – 27 თამაში, 18 გოლი. 2014 წლის მუნდიალზე მან სამი თამაში ჩაატარა, მაგრამ მაშინ გოლი არ შეუგდია.

24 წლის ხორვატი მარიო შიტუმი და 26 წლის დეიან რადონიჩი კი, ახალწვეულები არიან – მეორე მათგანი “დინამოს” ებრაული “ჰაპოელიდან” შეუერთდა, ხოლო პირველი იტალიური “სპეციადან”. გამოსარჩევია ასევე ჩილელი ჟუნიორ და სილვა – მან შარშან ხორვატიის ჩემპიონატში 28 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის “არსენალის” დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა გატანილი გოლით.

მთავარი მწვრთნელი – 59 წლის ზლატკო კრანჩარი ფეხბურთელობისას “დინამოს” გამორჩეული წევრი იყო. მთავარ მწვრთნელად კი, ახლახან დაინიშნა, როცა მშობლიურ გუნდს “ალ აჰლიდან” დაუბრუნდა. საერთოდ, კრანჩარი აზიაში 2007 წლიდან მოყოლებული მუშაობდა, მანამდე კი, ბევრ გუნდს ედგა სათავეში. მათ შორის, ზაგრების “დინამოს” 1994-1996 და 1998 წლებში. უმუშავია ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელსაც 2004-2006 წლებში ავარჯიშებდა, მაგრამ გერმანიის მუნდიალზე გუნდი ჯგუფიდან ვერ გაიყვანა და დაითხოვეს.

ისტორია

“დინამო” გასული საუკუნის დასაწყისში, 1911 წელს დაარსდა. აქამდე ქვეყნის ჩემპიონობა 18-ჯერ მოახერხა, აქედან 2006 წლიდან მოყოლებული მიჯრით. ბოლო პერიოდში ამ გუნდს სამშობლოში ბადალი მართლაც არ ჰყავს და დღევანდელი გადმოსახედიდან რთული წარმოსადგენია, რომ მისი ჰეგემონია ვინმემ დაამხოს. რაც მთავარია, “დინამოს” წარმატება სამშობლოს ფარგლებსაც სცდება და რეგულარულად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მართალია, იქ ხორვატები განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის გადმოსახედიდან, ესეც უდიდესი შედეგია. თანაც, შარშანდელ სეზონში ზაგრებში მათ ლონდონის “არსენალსაც” აჯობეს – 2:1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა დრაჟენ ლადიჩს აქვს ჩატარებული, რომელმაც 1986-2000 წლებში “დინამოს” მაისური 802 მატჩში მოირგო (1 გოლი). საუკეთესო გოლეადორი კი, იგორ ცვიტანოვიჩია – 1989-1997/1999-2002 წლებში, 503 თამაში, 304 გოლი.

ზაგრების “დინამოს” ისეთი სახელოვანი ფეხბურთელებიც აღუზრდია, როგორებიც მილან ბადელი, ზვონიმირ ბობანი, ლუკა მოდრიჩი, დრაჟენ ლადიჩი, ივიცა ჰორვატი, ედუარდო და სილვა და სხვანი არიან.

სტადიონი – “მაქსიმირი” (ტევადობა: 37 168)

“დინამოს” საშინაო არენაა “მაქსიმირი”, რომელიც ამავდროულად ხორვატიაში მთავარ სტადიონად მიიჩნევა. არენა 37 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და ხორვატიის ჩემპიონატში ვერ, მაგრამ ევროტურნირებზე ხშირად ივსება. კლუბის გულშემატკივრებიც განთქმულნი არიან თავისი გამოხტომებით, რადგან ერთ-ერთ ყველაზე ზღვარგადასულ ქომაგებად მიიჩნევიან. მათ მთავარ დაჯგუფებასაც შესაბამისი სახელი აქვს: “ცუდი ლურჯი ბიჭები”.

ამჟამად...

ხორვატიის ჩემპიონატმა სტარტი ახლახან აიღო და ჯერ “დინამომ” მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოასწრო – 17 ივლისს, ზაგრებულ დერბიში “ლოკომოტივს” 3:1 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. მერე სუდანმა და ჰოჯიჩმა (დუბლით) ჩემპიონს პირველი სამი ქულა მოუტანეს. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიაციო ეტაპზე კი, კრანჩარის გუნდმა მაკედონიურ “ვარდარს” 5:3 მოუგო ორი მატჩის ჯამში. თუმცა, ეს ადვილად სულაც არ გაუკეთებია. სკოპიეში მიუსკოვიჩის ავტოგლითა და როგის შედეგიანი დარტყმით 2:1 იმარჯვა, ხოლო შინ ორჯერ აგებდა. თუმცა პიაცამ ორჯერვე პენალტით გაათანაბრა, ხოლო ბოლოსკენ მაჩადომ გამარჯვების გოლი შეაგდო.

რაც შეეხება წინასასეზონო, ამხანაგურ მატჩებს – ფრე (0:0) ბუქარესტის “სტიაუსთან” და გამარჯვება დანიურ “კოპენჰაგენთან” (1:0).

მოკლედ, თბილისის “დინამოს” სერიოზული მეტოქე ჰყავს და მართლაც დიდი ძალისმხევა დასჭირდება ეს ბარიერი რომ გაიაროს. თუმცა, შეუძლებელი არაფერია და მითუფრო, რომ ზაგრების “დინამო” ჯერ კიდევ არაა ოპტიმალურ ფორმაში. წესით, მარკო პიაცას გარეშეც უნდა გაუჭირდეს და ვნახოთ... აღნიშნული ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი “მაქსიმირზე” 26 ივლისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.153731