ავტოსპორტი

21:17 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა „მერსედესთან“ ახალი კონტრაქტი უნგრული პოულით აღნიშნა

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლებისას იშვიათად წვიმს ხოლმე და დღეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ცამ ჰუნგარორინგის დასალბობად მოიცალა. კვალიფიკაცია კი ნიკო როსბერგმა მოიგო, რომელსაც ამაში სულ რამდენიმე წამით ადრე აფრიალებული ყვითელი დროშები დაეხმარა. ამგვარად, „მერსედესთან“ კონტრაქტის ორი წლით გაგრძელება, ნიკომ ამ სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 26-ე პოულით აღნიშნა.

ძლიერი წვიმის გამო, კვალიფიკაციის დაწყება გადაიდო. მერე კი, მისი პირველი ნაწილი ორჯერ ავარიების და წითელი წითელი დროშების, ერთხელ კი წვიმს გაძლიერების გამო შეწყდა. მაგრამ შემდეგ გადაიღო, ტრასაც სწრაფად გაშრა და რბოლაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. თუმცა სველი ტრასის გამო, ჰამილტონმა ლამის კვალიფიკაციის მეორე ნაწილის გავლა ვერ შეძლო.

დასკვნით ეტაპზე, როცა ბოლო სწრაფ წრეზე იყო, ლუის ჰამილტონის წინ ფერნნდლ ალონსო დატრიალდა, რის გამოც, ტრასის იმ სეგმენტში ყვითელი დროშები გამოფინეს. ამის გამო, ჰამილტონს ტემპის დაგდებამ მოუწია და თავისი სწრაფი წრეც აღარ დაასრულა. რამდენიმე წამში ალონსო ტრეკს დაუბრუნდა და ყვითელი დროშებიც მოხსნეს. სწორედ ამ დროს გაიარა როსბერგმა, რომელსაც ტემპის დაგდება აღარ დასჭირდა. საბოლოოდ მან 0.143 წამით აჯობა თანაგუნდელს.

მარცხის მიუხედავად, ჰამილტონი პრეს კონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა. „პირველი სექტორი მასზე (როსბერგზე) გაცილებით სწრაფი მქონდა, თუმცა ფერნანდოს გამო არ გამიმართლა. რას ვიზამ, ასეთი რამ ხდება ხოლმე და საერთო ჯამში, არც ისე უკმაყოფილო ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

საინტერესოა, რომ ბოლო 49 რბოლაში „მერსედესის“ პილოტებმა 46-ე პოული მოიპოვეს. ამასთან, ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლეს მოწინავე პოზიციის დაკავება. საინტერესოა, რომ როცა როსბერგმა ალონსოს ინციდენტის ადგილზე გაიარა, ტაბლოზე ყვითელი შუქი კვლავ ენთო, რის გამოც, ეს მომენტი სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. თუმცა როსბერგმა დაამტკიცა, რომ იქ გავლისას გაზიდან ფეხი აიღო, რის გამოც, მას პოული შეუნარჩუნდა.

სასტარტო მეორე რიგის ორივე ადგილი „რედ ბულის“ პილოტებმა დაისაკუთრეს. მესამე დანიელ რიკარდოა, მეოთხე კი - მაქს ფერსტაპენი. ხარებმა ამჯერადაც დაჩრდილეს „ფერარი“, რომლის სებასტიან ფეტელი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, კიმი რაიკონენმა კი მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლებაც ვერ მოიპოვა. ტრასის სწრაფად გაშრობის გამო, ფინელს ბევრმა გადაასწრო, მან კი უკეთესი დროის დაფიქსირება ვერ მოასწრო.

ფეტელის გვერდით სტარტზე კარლოს საინსი დადგება, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. მის უკან კი ორი „მაკლარენია“. რაც „ჰონდასთან“ პარტნიორობა განაახლეს, უოკინგელებმა პირველად შეძლეს კვალიფიკაციის ათეულში შესვლა. სხვათა შორის, ალონსოსაც და ჯენსონ ბატონსაც, კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ უნგრეთში აქვთ მოპოვებული.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:19.965
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:20.108
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.280
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:20.557
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:20.874
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:21.131
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:21.211
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.597
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:21.823
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:22.182

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:24.941
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:25.301
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:25.416
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.435
  5. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:26.189
  6. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:27.063

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:43.965
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:43.999
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:44.543
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:46.984
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:47.343
  6. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:50.189
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.233036