ფეხბურთი

1:10 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

49-ე წუთამდე და შემდეგ: "დინამომ" შეცვლით მოიგო

...მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად იურაი იარაბეკმა ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა. შესაბამისად, 49-ე წუთზე გადანაცვლელებიც მოხდა, ბულგარელმა ველევმა საყრდენის პოზიციიდან მარჯვენა მცველად გადაიწია. ამ გადანაცვლებამ და ნახევარდაცვაში გამამწვავებელი ფეხბურთელის დამატებამ მოიგო თამაში - 2:0. კიტეიშვილმა მალევე გოლი გაიტანა და დარჩენილ დროშიც აქტიური იყო.
პირველ ტაიმში კი რა ხდებოდა? არაფერი საინტერესო, უფრო "ალაშკერტისთვის" სასურველი თამაში მიდიოდა, რადგან სტუმრები მშრალად ინარჩუნებდნენ კარს და დინამოელებს მაინცდამაინც სახიფათო მომენტი არც ჰქონიათ. მეტიც, ტაიმის შუაწელიდან ათწუთიანი მონაკვეთი ვიხილეთ, როცა "ალაშკერტი" უფრო აქტიური იყო.
არადა, "ალაშკერტის" ზოგიერთ ფეხბურთელს ფეხბურთელის ტანიც კი არ ჰქონდა, რამდენიმეს ზედმეტი წონა ეტყობოდა. ბურთის მიღებისას, ან პასის დროსაც ეტყობოდათ, რომ მოუხეშავები იყვნენ.
ქართველთაგან პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური იყო ლადო დვალიშვილი: ორჯერ სახიფათო ჯარიმის უფლება მოუპოვა გუნდს და ფაქტობრივად, ბურთიც არ დაუკარგავს. ლადო სასარგებლო იყო, ეგაა, გოლი აკლდა მის თამაშს.
მოკლედ, კიტეიშვილის შემოსვლამ შეცვალა თამაში და ოთარმა 55-ე წუთზე გოლი გაიტანა: კარგი შეტევის შემდეგ, ოდნავ მარჯვნივ წაიღო ბურთი და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მანამდე ორი წუთით ადრე კი სომხების მეკარემ ვახტანგ ჭანტურიშვილის ახლოდან დარტყმული მოიგერია - ჭანტურიშვილი ველევის კარგი გარღვევის შემდეგ ცდილობდა გატანას.
"დინამო" პირველმა გოლმა უფრო აამოქმედა და სომხებს ძალიან გაუჭირდათ. მომენტებში მეტოქის ნახევარზე პრესინგიც კარგი იყო და აი, ჯაბა ჯიღაურმა ჭკვიანური მოქმედებით პენალტის უფლება მოიპოვა, გიორგი ქვილითაიამ კი ზუსტად გამოიყენა და 2:0 გახდა.
ქვილითაიას გოლიდან 5 წუთი იყო გასული, როცა "დინამო" ბეწვზე გადაურჩა გოლს: დაშიანს მშვენიერი პასი გაუკეთეს, მანაც საჯარიმოში შესულმა დაარტყა, ბურთი რენე ფერეირას ფეხიდან ასხლტა და ძელმა მოიგერია. ისე, რენე უნდა შევაქოთ - ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.
3:0 მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ ლადო დვალიშვილმა პირისპირ გასვლისას მეკარეს ვერ აჯობა, იმავე შეტევისას გიორგი პაპუნაშვილმა ააცილა და ოდნავ მოგვიანებით ისევ პაპუნაშვილი აქტიურობდა, მისი დარტყმული კვლავ არაზუსტი გამოდგა.
პაპუნაშვილზე: რაც ითამაშა, ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ სასურველ ფორმაში ჯერ ვერ არის. რაც უნდა იყოს, ტრავმის გამო გაუცდა გარკვეული პერიოდი.
ლეგიონერებიდან რენეზე ვთქვით, ველევიც კარგი იყო (მეორე ტაიმში, ფლანგელ მცველად), ფრანგმა კურიომ მცირე დრო დაჰყო მინდორზე, მეკარე სკრიბეს სამუშაო თითქმის არ ჰქონია, აი ხორვატი მარცხენა მცველის, შპიჩიჩის თამაში კი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს. წინ ვერ ამწვავებდა და დაცვაშიც უშეცდომო ვერ იყო.
2:0 ჰანდიკაპია მეორე მატჩისთვის და "დინამოს" მშვენიერი შანსი აქვს, რათა მესამე ეტაპზე გავიდეს.

12 ივლისი. 21:00 საათი. თბილისი. "დინამო არენა"
“დინამო” – “ალაშკერტი” 2:0 (0:0) VIDEO
დინამო: სკრიბე; ლობჟანიძე (კიტეიშვილი 49), ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; ქვილითაია (პაპუნაშვილი 76), დვალიშვილი (კურიო 83)
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ალაშკერტი: კასპაროვი; ტაშიჩი (ბარეგამიანი 46), ვოსკანიანი, მურადიანი, დაშიანი; პოღოსიანი, გ.იედიგარინი, სავინი (ა.იედიგარიანი 64); ბარეგამიანი, მინასიანი, გრიგორიანი, გიოზალიანი (მელქონიანი 83)
მწვრთნელი: აბრაჰამ კაშამანიანი
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (55), 2:0 ქვილითაია (69 პენ)
გაფრთხილება: მინასიანი (28), პოღოსიანი (37), კიტეიშვილი (51), ბარეგამიანი (70)
მსაჯი: სებასტიან კოლტესკუ (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.200824