ფეხბურთი

17:09 | 25.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორენტე იტალიაში ბრუნდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე სათამაშოდ იტალიის სერია A-ში ბრუნდება. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ბასკი ფორვარდი ამიერიდან რომის “ლაციოს” ღირსებას დაიცავს. როგორც ცნობილი ხდება, 31 წლის შემტევის ტრანსფერის ინიციატორი “არწივების” ახალი თავკაცი მარსელო ბიელსა ყოფილა. მოგეხსენებათ, არგენტინელი და ლორენტე ბილბაოს “ატლეტიკში” ერთად უკვე მუშაობდნენ.

ტრანსფერის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ლორენტე უახლოეს ხანებში იტალიის დედაქალაქში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

ლორენტეს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2013-2015 წლებში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას მეტ-ნაკლები წარმატებით იცავდა. გასული სეზონი კი, ფერნანდომ “სევილიაში” გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123698