ფეხბურთი

1:13 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "გაბალას" შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს"

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ ევროპა ლიგაზე მათი მოწინააღმდეგე “გაბალა” საშუალო დონისაა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა Worldsport.ge-სთან საუბარში განაცხადა, აზერბაიჯანის მესამეადგილოსანს არაფერი დაეწუნება, თუმცა იქვე დაამატა, რომ მეტოქეზე განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ფლობს.

“გაბალას” შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა, ეს გუნდი შარშან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, შესაბამისად ჩვენი დასაწუნი მას არაფერი ექნება. მაგრამ, ინფორმაციას ამ გუნდზე ჯერ არ ვფლობთ. ისე, ვფიქრობ, შანსი თანაბარია, 50%-50%-ზე, რადგან “სამტრედია” წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს და რა მოხდება, ვნახავთ.

სლოვენიური შეკრებით კმაყოფილი ვარ. ალბანურ “კუკეშთან” ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით და ძალიან დავჩაგრეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასე იქნება “გაბალასთან” მატჩში, ან თუნდაც ბუქარესტის “დინამოსთან”, რომელსაც დღეს ვესპარინგებით. აზერბაიჯანელებთან თამაშამდე ტრანსფერები აღარ იგეგმება და ამჟამინდელი შემადგენლობით ვიბრძოლებთ II ეტაპზე გასასვლელად.

ჩემი აზრით, საშუალო დონის მეტოქეა. არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი. რა თქმა უნდა, იქ იყო კიდევ ორი გუნდი, რომელიც ერთი შეხედვით “გაბალაზე” სუსტი იქნებოდა, მაგრამ დღეს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ვარსკვლავებს ჩვენც არ ვწყვეტთ. ასე რომ, მთლიანობაში ნორმალური მეტოქე გვერგო წილისყრის მხრივ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს გეგმა, რომ წელსვე ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ, რადგან ფეხბურთში ლოგიკა ბევრ რამეს ნიშნავს, ხოლო “სამტრედია” ჯერ ერთი წლის გუნდია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ყველა თამაშზე, რომელსაც ევროპა ლიგაზე ჩავატარებთ, მოსაგებად გავალთ და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ”, - გვითხრა ცეცაძემ.

“სამტრედია” “გაბალას” პირველი მატჩი აზერბაიჯანში 30 ივნისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 7 ივლისს, ზესტაფონში, “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე.

0.109273