ავტოსპორტი

23:27 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეუდარებელი როსბერგი და ჰამილტონის პრობლემები

ნიკო როსბერგმა ბაქოს ქალაქის ტრასაზე გამართული ევროპის დიდი პრიზი, დამაჯერებლად მოიგო. მან სტარტი პოულიდან აიღო, სტარტზევე წინ გაიჭრა და ფინიშს პირველმა ისე მიაღწია, რომ წინ მაშინაც არავინ გაუშვია, როცა ბორბლებს ცვლიდა. ყველაფერთან ერთად, წრის საუკეთესო დროც თავადვე უჩვენა. მისგან განსხვავებით, პრობლემები ჰქონდა ლუის ჰამილტონს, ვინც კვალიფიკაციაზე თავად იყო არეული, რბოლაში კი მექანიკოსებმა მისი მანქანა აურიეს. მოკლედ, კვალიფიკაციის დროს რომ კატამ გადაურბინა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მას შემდეგ ბედი არ სწყალობდა.

ნიკოს მართლაც არ ჰყავდა ბადალი, რაც მან თავის ბოლიდს „დააბრალა“ – „ისეთი შეგრძნება მქონდა, რასაც მოვისურვებდი, ამ მანქანით ყველაფერს გავაკეთებდიო - ნარბოლევს განაცხადა ჩემპიონატის ლიდერმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში გამართული რვიდან, მეხუთე მოგებული რბოლაა. ამით მან კვლავ გაზარდა უპირატესობა ჰამილტონთან, რომელიც მეხუთე ადგილს დასჯერდა და ახლა უკვე 24 ქულას აგებს თანაგუნდელთან.

ჰამილტონს მეტოქეებთან ერთად, თავის მანქანასთანც უხდებოდა ბრძოლა. თავიდან ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ რამდენიმე პოზიციით წინ წაეწია, მაგრამ შემდგ წინსვლა შეჩერდა და მეხუთე ადგილით შემოიფარგლა. როგორც გაირკვა, მის საჭის რგოლზე ერთი გადამრთველი არასწორ პოზიციაზე იყო დაყენებული. მაგრამ რომელი, ამის გარკვევაში ბრიტანელმა ბევრი დრო დაკარგა. ბოლოს კი პრობლემა გამოსწორდა, თუმცა მის წინ მყოფები ძალიან შორს იყვნენ.

მსგავსი პრობლემა როსბერგსაც შეექმნა, მაგრამ მან წინასწარ იცოდა, რომელი გადამრთველით უნდა ესარგებლა, თუ მანქანა ისე ვერ იმუშავებდა, როგორც საჭირო იყო. ჰამილტონის შემთხვევაში კი პილოტს მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონდა და მექანიკოსებს რადიოთი მის შესახებ თქმას რეგლამენტი უკრძალავდა.

მეორე და მესამე ადგილები სებასტიან ფეტელმა და სერხიო პერესმა დაიკავეს. ფეტელზე წინ ერთხანს კიმი რაიკონენი იყო, მაგრამ ფინელმა პიტლეინიდან გამოსასვლელი ზოლის ხაზი გადაკვეთა, რის გამოც, სტიუარდებმა ხუთწამიანი ჯარიმით დასაჯეს. ამის გამო, მან ფეტელი წინ გაუშვა, რადგან გერმანელ თანაგუნდელს უკეთესი ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა. და მან ეს შეძლო კიდეც. კიმის კი, ბოლოს პერესმაც გაასწრო.

მეექვსე ადგილს დასჯერდა ვალტერი ბოტასი, მაგრამ ამან თავისი „უილიამსით“ ყველაზე მაღალი სიჩქარე - 378 კმ/სთ განავითარა. არადა, სპეციალისტები ელოდნენ, რომ ბაქოს ტრეკზე მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ს არ ასცდებოდა. „უილიამსმა“ სხვა რამითაც გამოიჩინა თავი - ფელიპე მასას საბურავები 1.9 წამში შეუცვალა!

ევროპის დიდი პრიზი

ბაქო, ქალაქის ტრასა. დისტანცია 306.51 კმ (6.001 კმ, 151 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32:52.366
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:16.696
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:25.241
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:33.102
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:56.335
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:00.886
  7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:09.229
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 01:10.696
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:17.708
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:25.375
  11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:44.817
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  18. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 9 წრე

გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 12 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 20 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 45 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:46.485, 48-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 141 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 117; 3. სებასტიან ფეტელი - 96; 4. კიმი რაიკონენი - 81; 5. დანიელ რიკიარდო - 78; 6. მაქს ფერსტაპენი - 54; 7. ვალტერი ბოტასი - 52; 8. სერხიო პერესი - 39; 9. ფელიპე მასა - 38; 10. დანილ კვიატი - 22; 11. რომენ გროჟანი - 22; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 20; 13. ფერნანდო ალონსო - 18; 14. კარლოს საინსი - 18; 15. კევინ მაგნუსენი - 6; 16. ჯენსონ ბატონი - 5; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1...

კონსტრუქტორთა კლასიფიკაცია

1. მერსედესი - 258 ქულა; 2. ფერარი - 177; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 140; 4. უილიამს-მერსედესი - 90; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 59; 6. ტორო როსო-ფერარი - 32; 7. მაკლარენ-ჰონდა - 24; 8. ჰაას-ფერარი - 22; 9. რენო - 6; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.30306