ფეხბურთი

10:02 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისის მეოთხე გამოცდის წინ

საქართველო და ესპანეთი ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აი, ეროვნული ნაკრებები კი სულ ორჯერ დაუპირისპირდნენ, ეს იყო 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში. დღეს მესამე თამაში იქნება, ოღონდ ამხანაგური.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ვერ დაეხმარება ჯაბა კანკავა, რომელიც არც სლოვაკეთთან და რუმინეთთან შეხვედრებში გამოჩენილა მცირე ტრავმის გამო. კანკავა გუნდთან ერთად არ იმყოფება.

სამაგიეროდ, შესაძლოა, ითამაშოს გიორგი ჭანტურიამ – ის ნაკრებში სრული დატვირთვით ემზადება.

წინა ორ შეხვედრაში მეკარეებიდან ნუკრი რევიშვილმა და როინ კვასხვაძემ ითამაშეს, ამიტომაც, დიდი შანსია, ვაისმა დღეს გიორგი მაკარიძეს ანდოს კარი.

1:3 სლოვაკეთთან და 1:5 რუმინეთთან: ასეთი იყო ვაისის გუნდის შედეგები განვლილ ორ ამხანაგურ მატჩში, მანამდე იყო ყაზახეთთან 1:1 თბილისში. ესპანეთი კი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ჩამოთვლილ სამივე მეტოქეზე ბევრად ძლიერია, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

ესპანელთათვის ეს ბოლო თამაშია ევროპის ჩემპიონატის წინ: “ხეტაფეს” სტადიონზე გულშემატკივრები საყვარელ ნაკრებს უქომაგებენ, ხოლო ხვალ საფრანგეთში გააცილებენ. “ფურია როხა” ევრო-2016-ზე პირველ შეხვედრას ჩეხებთან გამართავს 13 ივნისს და ბუნებრივია, საქართველოსთან მატჩს მოსამზადებელი კუთხით უყურებს.

ვისენტე დელ ბოსკე საქართველოსთან, ალბათ, სწორედ იმ თერთმეტეულს დააწყებინებს თამაშს, რომელიც ჩეხებთან მატჩისთვისაც ეყოლება განკარგულებაში. დელ ბოსკე არ ჩქარობს და არ ამბობს, თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე – დავიდ დე ხეა თუ იკერ კასილიასი? ასევე გასარკვევი რჩება ძირითადი 9 ნომრის პოზიცია, სადაც ალვარო მორატა და არიც ადურიცი არიან ერთმანეთის კონკურენტები. ბუნებრივია, კონკურენცია სხვა ადგილებზეც იქნება, მაგრამ მეკარისა და ფორვარდის პოზიციაზე ეს უფრო მკაფიოდ ჩანს.

შეგახსენებთ, ესპანეთი-საქართველო “ხეტაფეს” სტადიონ “ალფონსო პერესზე” 22:45 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. სტადიონი 17 393 მაყურებელს იტევს. მთავარი მსაჯი იქნება ისლანდიელი ვილიალმურ ტორარინსონი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

რაც შეეხება ესპანურ-ქართულ დაპირისპირებებს, 2012 წლის სექტემბერში თბილისში 0:1 დასრულდა. 86-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გაიტანა. დელ ბოსკეს გუნდს სრული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ქართველებს ორი მომენტი შეექმნათ: მეორე ტაიმის შუაში ალეკო ამისულაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა უკვე ვაგებდით, ირაკლი სირბილაძის ახლოდან დარტყმული სერხიო რამოსმა გამოიტანა კარიდან.

იმავე შესარჩევში, ბოლო ტურში, ალბასეტეში 0:2 წავაგეთ. თემურ ქეცბაიას გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლდა. ალვარო ნეგრედომ და ხუან მატამ გაიტანეს გოლები.

0.121887