ფეხბურთი

10:46 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” 16-წლამდელთა მწვრთნელები: “დარასელიას ტურნირზე უმთავრესი მაინც გამოცდილების შეძენაა”

თბილისის “ლოკომოტივის” 16-წლამდელთა გუნდი წარმატებით თამაშობს ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირზე. “ლოკომ” ჯგუფის პირველ მატჩში საკმაოდ ძლიერ თურქულ “ტრაბზონსფორს” 2:0 მოუგო, მეორე დღეს კი პოლონურ გდანსკის “ლეხიას” 1:0 სძლია და ბოლო ტურის წინ უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფში საუკეთესოობა. ბოლოს, “ლოკომოტივმა” 1:2 წააგო “დინამო-2”თან.

Worldsport.ge “ლოკომოტივის” ამ გუნდის თავკაც ლაშა გაფრინდაშვილსა და “ლოკოს” აკადემიის მთავარ მწვრთნელს გიორგი მინაშვილს გაესაუბრა:

- მთლიანად ჯგუფურ ეტაპს როგორ შეაფასებდით “ლოკომოტივისთვის”?

ლაშა გაფრინდაშვილი: ორივე მატჩში ჩანდა გუნდურობა და ბრძოლისუნარიანობა. ბიჭებმა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს და დადებითი შედეგი აჩვენეს ჯგუფში. კარგი იყო, რომ პირველი ორი მატჩი მოვიგეთ, ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდეთ და დღეს “დინამო-2”_თან დაძაბულობა მოხსნილი იყო.

გიორგი მინაშვილი: პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ და 6 ქულით პირველ ადგილზე გავედით. რთული ჯგუფი იყო, კარგი გუნდები ჰყავდათ “ტრაბზონსფორს”, “ლეხიას” და “დინამო-2”-ს. დღეს, ბოლო ტურში წამყვანი ფეხბურთელები დავასვენეთ, რადგან უკვე პირველზე ვიყავით გასულები. ვფიქრობ, სათამაშო დისციპლინისა და ბრძოლის ხარჯზე მოხერხდა ამოცანის შესრულება.

- რა კომპონენტების გამოსწორებას შეეცდებით ნახევარფინალში?

- გაფრინდაშვილი: თითოეულმა ფეხბურთელმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, გვაქვს შენიშვნები და “ალკმაართან” შეძლებისდაგვარად უნდა გამოვასწოროთ.

მინაშვილი: სახიფათო მომენტების რეალიზაციას ვისურვებდი. ამ მხრივ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.

- ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ხართ და ალბათ, ჩემპიონობას უმიზნებთ. რამდენად ნიჭიერი ჭაბუკები ჰყავს “ლოკომოტივის” ამ ასაკის გუნდს?

- გაფრინდაშვილი: უმაღლესი მიზანი გვაქვს და ვეცდებით, ნახევარფინალში მოვიგოთ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე მთავარი მაინც გამოცდილების შეძენაა. ნიჭიერები ნამდვილად არიან, მაგრამ განვმეორდები, დიდი დოზით მუშაობა სჭირდება და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ.

მინაშვილი: ვფიქრობ, წარმატების ფორმულა გუნდის ერთობლიობაში მდგომარეობს. მწვრთნელები და ფეხბურთელებიც დიდ სამუშაოს სწევენ ამ ტურნირზე. გუნდში თამაშობს რამდენიმე საინტერესო და ნიჭიერი ჭაბუკი, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტ მატჩებში თავიანთი სიტყვა თქვან.

შეგახსენებთ, დღეს “მიხეილ მესხზე” ნახევარფინალებია: 16:00 დინამო – ტრაბზონსფორი, 18:00 ლოკომოტივი-ალკმაარი

0.113506