ავტოსპორტი

21:27 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მონაკოს დიდი პრიზი მოიგო

ლუის ჰამილტონმა, როგორც იქნა, ამ სეზონში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. მონაკოს დიდ პრიზზე, მან რისკიანი ტაქტიკით აჯობა პოულის მფლობელ დანიელ რიკიარდოს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, მეორე პიტ სტოპის დროს, გუნდმაც დააღალატა. ჰამილტონს გამარჯვებაში ხელი თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმაც შეუწყო, ვინც რბოლის დასაწყისში, გუნდს მითითებით, აშკარად უფრო სწრაფ ჰამილტონს გასწრების საშუალება მისცა. თავად კი საბოლოოდ მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი სერხიო პერესმა დაიკავა.

„ასეთ დღეზე ვლოცულობდი და ნამდვილად დალოცვილი ვარ“, - რბოლის დაჯილდოების შემდეგ, სახელდახელო პრეს კონფერენციაზე, მარტინ ბრანდლთან საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კვალიფიკაციის შემდეგ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ გამარჯვებას შეძლებდა - კვალიფიკაციის დასკვნითი ნაწილის დასაწყისში, მან პიტლეინიდან გასვლაც კი ვერ შეძლო და საბოლოოდ, მესამე სასტარტო ადგილს დასჯერდა.

რბოლა სველ ტრასაზე, უსაფრთხოების მანქანის წინამძღოლობით დაიწყო, რომელმაც ტრასაზე 7 წრე გაიარა და შემდეგ რეალური სტარტი მისცა რბოლას. თუმცა მალე ჯოლიონ პალმერს და კიმი რაიკონენს შეცდომები მოუვიდათ და რბოლის ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ვირტუალური მანქანა „ჩართეს“. მალე პილოტებმა საშალო წვიმის რეზინზე გადასვლა დაიწყეს და რამდენიმე წრეში, ჰამილტონის გარდა, რეზინი ყველამ შეცვალა. ბოქსებში შესვლამდე, როსბერგს მუხრუჭები გადაუხურდა, რის გამოც, აშკარად ანელებდა თანაგუნდელს. ამიტომ,

გუნდმა ჰამილტონის გატარება სთხოვა, რაც გერმანელმა უსიტყვოდ შეასრულა.

როცა ჰამილტონმა მეორეზე გადაინაცვლა (მე-16 წრე), იმ მომენტში რიკიარდო მას 14 წამს უგებდა. 6 წრის შემდეგ, ავსტრალიელმაც გადაწყვიტა რეზინის შეცვლა და ჰამილტონი დაწინაურდა. რიკიარდომ რამდენიმე წრეში მოახერხა ჩამორჩენის მინიმუმზე დაყვანა. სანამ წამოეწეოდა, ჰამილტონს წრეზე 2 წამზე მეტს უგებდა, მაგრამ გასწრება ვეღარ მოახერხა. ჰამილტონმა 32-ე წრემდ მოიცადა და როცა ტრასა კარგად გაშრა, მაშინღა შევიდა ბოქსში. მას ულტრა სოფტ რეზინი დაუყენეს. ტრასაზე დაბრუნებულს რიკიარდო 24 წამს უგებდა. მაგრამ 33-ე წრეზე სლიკებზე გადასვლა ავსტრალიელმაც გადაწყვიტა.

იქ კი როგორც ჩანს, მას არ ელოდნენ. უფრო სწორედ, თავად უხმეს ბოქსში, მაგრამ მზად არ დახვდნენ - როცა მისი „რედ ბულის“ ბოქსის წინ გაჩერდა, მექანიკოსებმა მაშინღა დაიწყეს სლიკების ძებნა... მოკლედ, რამდენიმე ძვირფასი წამი დაიკარგა და როცა რიკიარდო პიტლეინს ტოვებდა, ჰამილტონმა გვერდზე ჩაუქროლა. თუმცა მალევე დაეწია და მაშინვე შეუტია. გვირაბიდან გამოსვლისას, ავსტრალიელმა გასწრება სცადა. მე-11 მოსახვევიდან გამოსვლისას, ჰამილტონი ტრაექტორიას ოდნავ ასცდა და მეტოქემაც უმალ დააპირა გასწრება, მაგრამ ტრასის სველ ნაწილზე გაიარა და ამის გამო, მანქანამ მდგრადობა დაკარგა. და სანამ მას იმორჩილებდა, რიკიარდომ გასწრების შანსი დაკარგა.

ამის შემდეგ, რიკიარდომ ერთხელ, ისევ გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ სცადა გასწრება, მაგრამ ისევ ამაოდ და აქედან მოყოლებული, ბევრი აღარ უაქტიურია. ჰამილტონს კიდევ ერთხელ გაუმართლა - ულტრა სოფტ რეზინით ნახევარზე მეტი დისტანცია ისე გაიარა, პრობლემა არ შექმნია. და აბა, გამარჯვებაში რაღა, ან ვინღა შეუშლიდა ხელს...

ორი კვირით ადრე, ესპანეთის დიდი პრიზზე, სწორედ გუნდს მიერ შერჩეული მცდარი ტაქტიკის გამო, რიკიარდმ გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა და რბოლა მისმა ახალმა თანაგუნდელმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო, ვისაც მონაკოში კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლაშიც არ გაუმართლა და მეორედ დაამტვრია მანქანა.

როსბერგი კარგა ხანს მე-6 ადგილზე იყო და ამაოდ ცდილობდა ფერნანდო ალონსოს გასწრებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ჩამორჩა კიდეც. ბოლო წრეზე კი მას ნიკო ჰულკენბერგმა გაუარა. ალონსო ფინიშთან მეხუთე მივიდა. და ამით აღნიშნა „მაკლარენის“ ფ1-ში დებიუტი, რომელიც 50 წლის წინათ, სწორედ მონაკოში შედგა.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 280.286 კმ (78 წრე, 3.337 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:59:29.133
  2. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) +00:07.252
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:13.825
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:15.846
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:25.076
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:32.999
  7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:33.290
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
  14. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე
  15. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 4 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 26 წრე

გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 29 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 44 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 45 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 58 წრე

გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 67 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 72 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:17.939, 71-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 106 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 82; 3. დანიელ რიკიარდო - 66; 4. კიმი რაიკონენი - 61; 5. სებასტიან ფეტელი- 60; 6. მაქს ფერსტაპენი - 38; 7. ფელიპე მასა - 37; 8. ვალტერი ბოტასი - 29; 9. სერხიო პერესი - 23; 10. დანილ კვიატი - 22; 11. რომენ გროჟანი - 22; 12. ფერნანდო ალონსო - 18; 13. კარლოს საინსი - 16; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 14; 15. კევინ მაგნუსენი - 6; 16. ჯენსონ ბატონი - 5; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) – 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 188 ქულა; 2. ფერარი - 121; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 112; 4. უილიამს-მერსედესი - 66; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 37; 6. ტორო როსო-ფერარი - 30; 7. მაკლარენ-ჰონდა - 24; 8. ჰაას-ფერარი - 22; 9. რენო - 6; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178505