ავტოსპორტი

2:02 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„პირელიმ“ მონაკოში მომავალი სეზონის განიერი საბურავები წარადგინა

„პირელიმ“ მონტე კარლოში პირველად გვიჩვენა ახალი საბურავები, რომლებითაც ფორმულა 1-ის პილოტები მომავალ სეზონში იასპარეზებენ. ამისთვის იტალიურმა კომპანიამ ფ1-ის საჩვენებელი ავტომობილი გამოიყენა. ახალი საბურავები ახლანდელზე უფრო განიერია, რაც პილოტებს მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის საშუალებას მისცემს.

გაზრდილი განივკვეთის გამო, ასეთი საბურავები ბოლიდის აეროდინამიკას გააუარესებს, თუმცა გუნდებს საშუალება ექნებათ იმისა, რომ ჰაერის ნაკადისადმი წინააღმდეგობა ელერონების და სხვა აეროდინამიკური ელემენტების დახმარებით შეამცირონ. საერთო ჯამში, სარბოლო ავტომობილების საშუალეო სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„პირელის“ ახალი საბურავები ტრასაზე ჯერ არ გამოუცდია. თუმცა ახლანდლ საბურავებს, რომლებშიც მომავალი საბურავების სტრუქტურის ცალკეული ელემენტებია გამოყენებილი, შეზღუდული ტესტები უკვე ჩაუტარდა. ახალი საბურავების პირველი ტესტები აგვისტოში გაიმართება. ამისათვის გამოიყენებენ გასული სეზონის მოდიფიცირებულ ბოლიდებს. ახალი საბურავების სრულყოფის პროცესში მონაწილეობას „ფერარი“, „რედ ბული“ და „მერსედესი“ მიიღებენ.

საჩვენებელი ავტომობილი „ტოიოტას“ ძველი ბოლიდის ბაზაზეა დამზადებული, რომელსაც „პირელი“ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ამ ავტომობილის ბორბლების კვალი 2000 მილიმეტრია, როგორც ეს მომავალი სეზონიდან იქნება. გარდა ამისა, წინა და უკანა ფრთებიც ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად აქვს შეცვლილი. ცნობისათვის, მომავალი სეზონიდან უკანა საბურავების სიგანე 405 მილიმეტრი უნდა იყოს (ახლანდელი 325-ის ნაცვლად), წინებისა კი - 305 (245-ის ნაცვლად). ამასთან, ახალი ბორბლები ახლანდელზე, რომლებიც 8.5 კილოგრამს იწონის, მხოლოდ 1.0 კილოგრამით მძიმე იქნება.

გამოთვლების მიხედვით, განიერი ბორბლების, ახალი ფრთების, დიფუზორის და სხვა ელემენტების დახმრებით, მომავალი სეზონიდან წრის გავლის საშუალო დრო დაახლოებით 5 წამით შემცირდება.

0.141493