ფეხბურთი

1:36 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი წლის მერე, იგივე მიზნით, ამჯერად მილანში

დღეს, ევროპას ახალი საკლუბო ჩემპიონი ეყოლება. თუმცა, თასი მინიმუმ ერთი წლით ბინას ისევ ესპანეთში დაიდებს. “რეალი” ან “ატლეტიკო” – რომელი, ამას გვიან ღამით გავიგებთ. ძნელია, წინასწარ ისაუბრო თუ ვინაა დღევანდელი მატჩის ფავორიტი, რადგან სხვა თუ არაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, აქ კი ფავორიტები, როგორც წესი არ არსებობენ. მითუფრო, როცა საქმე მადრიდულ დერბის ეხება, ბოლო წლების მადრიდულ დერბის...

ორივე გუნდი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხელმმოცარულნი დარჩნენ და ახლა, ჩემპიონთა ლიგის თასი მათთვის სეზონის გადარჩენის ბოლო შესაძლებლობაა. “ატლეტიკოს” შანსი აქვს ევროპის უძლიერესი გუნდი სახელი პირველად მოიპოვოს, ხოლო “რეალს” – მეთერთმეტედ.

მატჩისწინ, დიდი მითქმა-მოთქა გამოიწვია გარეთ ბეილის სიტყვებმა, რომლის აზრითაც, “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში “ატლეტიკოს” ვერცერთი მოთამაშე ვერ მოხვდებოდა. მოკლედ, დაძაბული სიტუაცია უელსელმა კიდევ უფრო დაძაბა.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 4 ოქტომბერს, “ვისენტე კალდერონზე” გუნდებმა გოლები გაცვალეს (1:1), ხოლო 27 თბერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანტუან გრიზმანის გოლით “ატლეტიკომ” იმარჯვა. საერთოდ, “ბლანკოსი” და “როხიბლანკო” ბოლო ორი სეზონია ჩემპიონთა ლიგაზეც ხვდებიან ერთმანეთს – 2014 წელს, ლისაბონში, ისინი ფინალში დაუპირისპირდნენ და დამატებით დროში “რეალმა” იძალა – 4:1. თუმცა, ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, მაშინ კარლო ანჩელოტის გუნდა თამაში დამატებით დროში 94-ე წუთზე გადაიყვანა, მოკლედ, ახლა სიმეონეს გუნდს რევანში აქვს ასაღები. ერთი წლის წინანდელისთვისაც: 2014-2015 წლების სეზონში “ატლემ” ასპარეზობა მეოთხედფინალში სწორედ “რეალთან” დაასრულა. ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 88-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა გაიტანა.

შემადგენლობებს რაც შეეხება: ორივე გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობით გავა მილანის “ჯუზეპე მეაცას” სახელობის სტადიონზე. ერთადერთი გამონაკლისი რაფელ ვარანი, რომელსაც ტრავმა აწუხებს და დღეს მისი თამაში გამორიცხულია. მცირე დაზიანება ერთ-ერთ ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუმაც მიიღო, მაგრამ პორტუგალიელი მეგავარსკვლავი ფინალისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ფინალური მატჩების ისტორია

“ატლეტიკო” – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “როხიბლანკოს” აღნიშნული ტურნირი არასდროს მოუგია. ისე კი, ორჯერ ამასთან ძალზე ახლოს იყო. 1974 წელს მადრიდულმა გუნდმა გადამწყვეტი თამაში მიუნხენის “ბაიერნთან” დათმო. მაშინ, პირველმა მატჩმა უძლიერესი ვერ გამოავლინა, ფრე – 1:1 (120 წუთი) და ვინაიდან, იმ დროისთვის პენალტების სერია არ ინიშნებოდა, ორი დღის შემდგომ ჩატარებულ გადათამაშებაში “რეკორდმაისტერმა” მეტოქეს ადვილად აჯობა – 4:0.

მეორედ კი, “ატლეტიკომ” ფინალი ორი წლის წინ, სწორედ “რეალთან” წააგო – დამატებით დროში 1:4. არადა, დიეგო გოდინის 36-ე წუთზე გატანილი გოლით დიეგო სიმეონეს გუნდი დაწინაურდა და იგებდა მსაჯის მესამე დამატებულ წუთამდე, მანამ, სანამ სერხიო რამოსმა თავური დარტყმით თამაში დამატებით 30 წუთეულში არ გადაიყვანა. იქ კი, “როხიბლანკომ” სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და მიიღო სამი უპასუხო გოლი – ბეილი (110 წუთი), მარსელო (118), რონალდუ (120, პენალტით).

“რეალი” – “სამეფო კლუბი” მეტოქეზე ბევრად გამოცდილია ამ მხრივ. “რეალი” ფინალში სულ 13-ჯერ იყო და აქედან 10 შემთხვევაში თასი მას დარჩა. ბოლოს “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალი 1981 წელს წააგო. მაშინ, ესპანური გრანდი ინგლისურ “ლივერპულთან” დამარცხდა (0:1). ესპანური გუნდების წინააღმდეგ კი გადამწყვეტი თამაში ორჯერ აქვს მოგებული. 2014 წელს, “ატლეტიკოსთან” და 2000 წელს, “ვალენსიასთან” (3:0).

ცოტა რამ მასპინძელ ქალაქზე

მილანს ორი უდიდესი გუნდი ჰყავს, “მილანი” და “ინტერნაციონალე”, რომელთაც ჯამში ჩემპიონთა ლიგა 10-ჯერ მოუგიათ. ბოლოს ეს “ინტერმა” გააკეთა 2010 წელს. სხვათა შორის, “ნერაძურიმ” ფინალი მაშინ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდში მოიგო. და მაინც, ბოლო პერიოდში ორივე გუნდი ღრმა კრიზისშია და ლეგენდარული სტადიონი ლიგის ჰიმნს დანატრებულია. უკანასკნელად ამ არენამ ჩემპიონთა ლიგის რიგით შეხვედრას 2014 წლის 19 თებერვალს უმასპინძლა, როცა “მილანმა” საშინაო მერვედფინალური მატჩი 0:1 წააგო. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ მაშინ “როსონერის” დიეგო სიმეონეს “ატლეტიკომ” აჯობა დიეგო კოშტას გვიანი გოლით.

რაც შეეხება უშუალოდ ფინალურ მატჩს – “სან სიროზე” ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი თამაში აქამდე სამჯერ გაიმართა. 1964-1965 წლების სეზონის მთავარ შეხვედრაში “ინტერმა” ლისაბონის “ბენფიკას” აჯობა (1:0), ხუთი წლის მერე როტერდამის “ფეიენროორდმა” გლაზგოს “სელტიკს” მოუგო 2:1, ხოლო 2000-2001 წლების სეზონში მიუხნენის “ბაიერნისთვის” გამოდგა “სან სირო” ფეხბედნიერი. მაშინ, “რეკორდმაისტერმა” ესპანურ “ვალენსიას” (1:1) მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში აჯობა.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “რონალდუს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგადაა და იგი 100%-ით ითამაშებს. მისმა ტრავმამ ყველა შეგვაშინა, თუმცა ყველაფერი დავიწყებულია და ფინალისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, ურთულესი მატჩი იქნება, ძალიან რთული. ორი კვირა გვქონდა, რომ მომზადებულიყავით. მინდა ისეთი შემართების ფეხბურთელები ვიხილო, როგორც ეს ორი წლის წინ, ლისაბონში გახლდათ.

ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ სიმაღლესთვის მიგვეღწია და ბედნიერები ვართ ფინალში ყოფნით. ეს ძალიან ძნელად მისაღწევი იყო. ახლა კარგად ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ გვაქვს. წაგება არ იქნება კატასტროფა, კატასტროფა იქნება თუ მოედანზე ყველაფერს არ დავდებთ. ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია. 2014 წლის ფინალის მერე რამდენიმე მოთამაშე გუნდიდან წავიდა, თუმცა კლუბის დონე ისევ იმ სიმაღლეზეა, როგორც ყოველთვის. უდიდესი ისტორია აქვს.

როდესაც თამაში დაიწყება, უფრო დაძაბული ვიქნები, ვიდრე როდესაც ფეხბურთელი ვიყაი, მაგრამ ესეც ნორმალურია, ეს თამაშის ნაწილია. მე მომწონს ზეწოლა, მაგრამ მწვრთნელობისას ეს უფრო განსხვავებულია. ლისაბონის ფინალის მერე კარლო ანჩელოტიმ მითხრა, იმედია, ერთ დღეს ამას მთავარი მწვრთნელის რანგში გამოცდიო და ახლა მე აქ ვარ, ვფიქრობ კარლოს სიტყვებზე.

პირველ რიგში თავი უნდა დავიცვათ კარგად. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ბურთი ჩვენ არ გვექნება და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ შეტევაში ჩვენი შესაძლებლობეის გამოყენებაზე”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “თამაში იქნება ძალიან ინტესიური, მეტწილად, პირველ წუთებში. ვინც ნახევარდაცვაში უპირატესობას მოიპოვებს, იგი თამაშზე ზეგავლენის მოხდენას მოახერხებს. “რეალს” ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს.

გუნდი, ფეხბურთელები, ჯგუფი, რომელიც ჩვენ შევქმენით მიდმივად ნახლდება. ეს არის ამ გუნდის ყველაზე დიდი ღირებულება. მუშაობა მიდის ყოველთვის. ფინალში თამაში აბსოლუტურად ფანტასტიურია, გამარჯვება კიდევ უკეთესი. თუმცა, ეს ა რიქნება ადვილი. იცვლებიან ფეხბურთელები, მაგრამ არ უნდა შეცვალო ვალდებულება, ფასეულობები, მუშაობა.

ჩვენ ეს თამაში განსაკუთრებულად არ შეგვცვლის, არც ჩვენს მეტოქეს. “რეალი” უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე 2014 წელს იყო. ჩვენ კი, იგივე სტრუქტურა გაგვაჩნია. კაზემიროსთან ერთად ეს გუნდი უფრო სახიფათო გახდა, განსაკუთრებით კონტრშეტევის დროს, როგორც ეს “სიტისთან” ნახევარფინალურ მატჩში გახლდათ. შეიძლება თამაშისას სხვადასხვა სიტუაციები შეიქმნას, მაგრამ ცხადია, რომ თავისუფალ სივრცეებს თუ მივცემთ, “რეალი” ძალიან სახიფათო იქნება.

მომწონს ის 113 წლიანი ისტორია, რაც ჩვენს ზურგს უკანაა. მომწონს ზეწოლა და მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს”.

“რეალი” – “ატლეტიკო”

მილანი, “სან სირო”

28 მაისი, 22:45 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ბეილი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, ფერნანდესი, ნიგესი; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.295261