სხვა

19:10 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსანი გოგონას დიდი ოცნება

ძალოსნობაზე სიარულის გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღია. კარგა ხანს ფიქრობდა - ნეტავ ხალხი რას იტყვის, სიმძიმეებთან ჭიდილი აბა რა ქალის საქმეაო?! ბოლოს მაინც გადაწყვიტა ოჯახისთვის გაემხილა თავისი არჩევანის შესახებ.

მშობლებს სრულიად საპირისპირო რეაქცია ჰქონდათ.დედამ კატეგორიულად იუარა. ტიროდა კიდეც როცა მიხვდა აზრს ვერ შეაცვლევინებდა. მამას კი რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს პროტესტი არ გამოუთქვამს. გვერდში დაუდგა, მეუღლეც დაარწმუნა, რომ შვილისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ასე შეაბიჯა ერთმა ჩვეულებრივმა თბილისელმა გოგონამ - 22 წლის თათია ლორთქიფანიძემ ძალოსნობის სამყაროში.

ეს ამბავი სამი წლის წინ მოხდა. მანამდე კი იყო 12 წლიანი სპორტული კარიერა წყალში ხტომაში.თათია თავიდანვე გამორჩეული, აქტიური ბავშვი გახლდათ, ამიტომაც მშობლებმა მისი რომელიმე სპორტულ წრეზე მიყვანა გადაწყვიტეს. არჩევანი საცურაო აუზზე შეჩერდა. 8 წლის ბავშვმა გასაოცრად სწრაფად აუღო ალღო მასწავლებლების მითითებებს, მოკლე დროში დახელოვნდა ცურვაში და რადგან თანატოლებს ბევრად გაუსწრო, შემდგომი განვითარების მიზნით მწვრთნელებმა ლაგუნა ვერეს დიდ აუზზე გადაიყვანეს.

მამა-შვილ ალექსანდრე და ირაკლი ბართაიების სექციაში უამრავი მოზარდი ვარჯიშობდა. პატარა თათიას მაშინვე მოხვდა თვალში ოდნავ უფროსები სხვადასხვა სიმაღლის კოშკურებიდან რა ლამაზად, თითქოს ნემსებივით ეშვებოდნენ წყალში. თვითონაც დადგა ერთმეტრიან კოშკურაზე და გადახტომის შემდეგ მისდა უნებურად დაეუფლა სურვილი უფრო მაღლიდან ეცადა ბედი.დროთა განმავლობაში ამას მოჰყვა 3, 5, 7 და ბოლოს 10 მეტრიანი კოშკურები. მოიხიბლა ამ სპორტით და 12 წლის განმავლობაში სხვა აღარაფერი არსებობდა მისთვის.

ბუნებრივიცაა, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა მის გვერდიგვერდ ვარჯიშობდნენ დღეს უკვე საქართველოს ნაკრების წევრები გოგა ჭანტურია, ალექსანდრე გუჯაბიძე, თამარ სიჭინავა და აბა ასეთ სპორტსმენებთან ერთად ყოფნა ვის მობეზრდებოდა?

სკოლაში სიბეჯითესთან ერთად სპორტშიც წარმატებული იყო. მასწავლებლები ყველანაირად უწყობდნენ ხელს მოწესრიგებულ ბავშვს ორივე საქმის შეთავსებაში. თათია ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ტურნირზეც მიაღწია წარმატებას. ერევანში, დავით ამბარცუმიანის მემორიალზე ერთმეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ვიცე-ჩემპიონი გახდა, 5 მეტრიან დისციპლინაში კი მესამე იყო.

ამან უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა. ოჯახი გვერდში ედგა და თათიაც გულმოდგინედ აგრძელებდა ვარჯიშს, მაგრამ მცირე ტრავმამ მისდა გასაკვირად საგრძნობლად შეაფერხა პროგრესი. დაეწყო ჩავარდნა და ერთგვარი დეპრესიაც კი. წყალში ხტომაზე გული აუცრუვდა. თუმცა ოჯახის და უპირველესად მამის მხრდაჭერით ლორთქიფანიძე ყველა სიძნელეს ვაჟკაცურად გაუმკლავდა. მალე მიხვდა სპორტის გარეშე ვერ გაძლებდა. მითუმეტეს რომ ამდენი წლის მანძილზე ვარჯიშმა და რეჟიმში ყოფნამ ის თვითდაჯერებულ სპორტსმენად და ნამდვილ პროფესიონალად აქცია.

თათიამ გადაწყვიტა ამჯერად ფარიკაობაში ეცადა ბედი. როგორც აღმოჩნდა ამ სახეობის კომპლექსური ვარჯიშების ჩამონათვალში სიმძიმეებით დატვირთვაც შედის. შესაბამისად ძალოსნობის დაბაზში ხშირად უწევდა სტუმრობა. მიხვდა თუ როგორ მოსწონდა შტანგასთან მოვარჯიშე სპორტსმენების ყურება და ერთხელაც სახალისოდ გადაწყვიტა თავადაც დაჭიდებოდა მძიმე იარაღს.

ფიცარნაგზე დადებულ შტანგაზე 10 კილოიანი სიმძიმეები იყო დამაგრებული და გოგონამაც იფიქრა - ამას როგორ ვერ მოვერევიო. მივიდა, დამაჯერებლად აკრა და მობრუნებულს ერთი ადამიანის გაკვირვებული სახე შეეფეთა წინ. ეს კაცი ძალოსნობის სექციის მწვრთნელი გელა მახარაშვილი იყო, ვინც დღეს უკვე ლორთქიფანიძის პირადი დამრიგებელია.

მახარაშვილის გაკვირვების მიზეზი ის გახლდათ, თათიას რომ 20 კილოიანი ეგონა ის შტანგა სინამდვილეში 35 კილოზე ყოფილა გადაწყობილი. გამოცდილ მწვრთნელს სრულიად უცხო, სხვა სპორტში მოვარჯიშე გოგონას ასეთი მონაცემები როგორ გამოეპარებოდა და უყოყმანოდ შესთავაზა ძალოსნობაში გადასვლა.

თათიას ეს წინადადება სერიოზულად არც მიუღია. მაგრამ მეორე დღეს როდესაც მახარაშვილს ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით გადაეყარა და მისგან უკვე დაჟინებული თხოვნა მოისმინა, დაფიქრდა. ერთხელ მივალ, რაც იქნება იქნებაო. მივიდა და დარჩა კიდეც.

სპორტსმენი დღეს ღიმილით იხსენებს მწვრთნელის სიტყვებს - გამორჩეული მონაცემები გაქვს და თუ მომყვები პირველი ქართველი ძალოსანი ქალი იქნები, ვინც საერთაშორისო სარბიელზე ჩვენს ქვეყანას წარაგდენსო.

თათიამაც თავდაუზოგავად დაიწყო ვარჯიში. მახარაშვილის სიტყვები მალევე ახდა - 2015 წლის აპრილში ლორთქიფანიძემ უფროსებს შორის თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე იასპარეზა, სადაც -63 კგ წონით კატეგორიაში 17 მონაწილეს შორის მეათე ადგილი დაიკავა. ატაცში 74 კგ დაძლია, ხოლო აკვრაში 94 კილოგრამიან შტანგას მოერია. შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის. იქ დაკავებული მეხუთე ადგილი სერიოზულ წინსვლად იქნა განხილული.

გასული წლის ნოემბერში აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში უფროსების მსოფლიოს პირველობაზე 37 მონაწილეს შორის 33-ე იყო. დეკემბრის თვეში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო დიდი უპირატესობით. ორივე დისციპლინაში სამი-სამი მისვლის ნაცვლად მხოლოდ თითოჯერ გავიდა ფიცარნაგზე და ამის მიუხედავად თავისი სიძლიერე ეჭვქვეშ არ დაუყენებია. სეზონი აზერბაიჯანში გამართულ მსოფლიოს თასზე ნაჩვენები ჩინებული შედეგით დახურა - ჩვენდა გასახარად იქ მეოთხე იყო.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, თავად თათია ლორთქიფანიძე და მისი პირადი დამრიგებელი ამ შედეგებს დამაკმაყოფილებლად აფასებენ. ქართველი გოგონა ხომ მხოლოდ მესამე წელია რაც ვარჯიშობს , გამოცდილებაც ნაკლები აქვს . თანაც საყოველთაოდ მიღებულია რომ ძალოსნობაში გარკვეული შედეგის მისაღწევად პროფესიონალ სპორტსმენს მინიმუმ 5-7 წელი სჭირდება.

ლორთქიფანიძე ამ მომენტისთვის შემდეგ მაჩვენებლებზეა გასული: ატაცში 80 კგ-ს , ხოლო აკვრაში 100 კგ-ს სძლევს. ანუ ამ სამ წელიწადში მან საშუალოდ 60 - 65 კილოგრამიანი მატება აჩვენა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ -63 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი და ყველანაირი რეკორდების მფლობელი ჩინელი ვეი დენგია, ვისაც ატაცში 113კგ, ხოლო აკვრაში 146 კგ აქვს დაძლეული. სერიოზული სპორტსმენია რუსი ტიმა ტურიევაც ( 112 + 136 ).

თათიას ფავორიტი ამ წონაში ბრიტანელი ზოე სმიტია, ვისაც მართალია უმაღლესი მაჩვენებლები არ აქვს ( 124 კგ) , მაგრამ ძალიან საინტერესო ტექნიკას ფლობს და უაღრესად მებრძოლი სულით გამოირჩევა. ზოგადად ძალოსნობაში ლორთქიფანიძეს ერთი კუმირი ჰყავს - რუსი მძიმეწონოსანი ტატიანა კაშირინა, ვინც მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონობის გარდა ოლიმპიადის ვერცხლის მედლითაც იწონებს თავს.

ჩვენს გოგონას ერთი დიდი ოცნება აქვს - იასპარეზოს ოლიმპიურ თამაშებზე. წლეულს რიოს ფორუმზეც შეიძლებოდა ამ ოცნების ახდენა, მაგრამ თავი გამოუცდელობამ იჩინა. თათია გულს არ იტეხს. ამბობს რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს და 2020 წელს ტოკიოში მაინც მოხვდება. იქამდე კი გრძელი გზაა. არაერთი ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატი, სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები.

ფიქრობს და დიდი სურვილი აქვს მომავალში მეტი ყურადღება მიექცეს ქალთა ძალოსნობას. რომ წამოვიდნენ ახალი სახეები, გოგონები ვინც შიდა კონკურენციას შექმნიან და აამაღლებენ ამ სპორტის საერთო დონეს.

ოლიმპიადებსა თუ სხვა დიდ ტურნირებზე შესაბამისად უფრო მომზადებული გუნდი გვეყოლება და შედეგების მიღწევაც გაადვილდება.

სურვილი აქვს იმატოს ხარისხიანი შეკრებების რაოდენობამ. რომ სპორტსმენები სრულად კონცენტრირდნენ ვარჯიშზე. არ მოაკლდეთ სათანადო საკვები დანამატები, პროტეინები და ყველა საჭირო ატრუბუტი, ვინაიდან ძალოსნობა უდიდეს ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს და ძალების სათანადო აღდგენა აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ისე, როგორც ეს არის უცხოეთში. ჩინეთს , რუსეთს, კორეას უძლიერესი ნაკრებები ჰყავთ და თათიაც იმედს არ ჰკარგავს რომ ერთ დღესაც ახდება მისი ოცნება და საქართველო ვაჟებთან ერთად გოგონების ნაკრებითაც იასპარეზებს ოლიმპიადაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180681