ფეხბურთი

2:20 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" "მილანი" ევროპის მიღმა დატოვა (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსი” იტალიური ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით ჩაეწერა, ხოლო “მილანი” ევროსარბიელს მიღმა დარჩა – ასეთი დასკვნა გამოიტანა იტალიის თასის ფინალმა, რომელიც რომში გაიმართა.

ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, ყველაფერი ალვარო მორატამ გადაწყვიტა, რომელიც მოედანზე სანამ გოლს გაიტანდა, ორი წუთის შესული გახლდათ – სიმართლე რომ ვთქვათ, 90 წუთმა ისე გაილია, საინტერესო დიდად არაფერი მოხდარა – გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, რადგან ერთმანეთის კართან თითქმის ვერ მოდიოდნენ. დაძაბულობა რომ იყო არცაა გასაკვირი, “მილანისთვის” გარდა იტალიის თასისა, სასწორზე ევროპა ლიგის საგზური იდო, თუმცა ყველაფერი აქამდე რომ მივიდა, “როსონერის” ფეხბურთელებმა თუ ხელმძღვანელებმა თავიანთ თავს უნდა დააბრალობონ. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ სინიშა მიხაილოვიჩის გაშვება აშაკარა შეცდომა გახლდათ, ახლა კი კრისტიან ბროკის შემცვლელის ძებნა მოუწევთ ბერლუსკონისა და კომპანიას...

ისევ “სტადიო ოლიმპიკოზე” მომხდარს დავუბრუნდეთ – მასიმილიანო ალეგრიმ 108-ე წუთზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ალვარო მორატა მოედანზე ნახევრცმველ ერნანესის ნაცვლად შეიყვანა. შესაბამისად, “იუვემ” მეტოქეს სამი ფორვარდით, დიბალა-მორატა-მანჯუკიჩი შეუტია და სულ რაღაც ორ წუთში შედეგიც მოიმკა: ხუან კუადრადომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, საჯარიმოში კი, “როსონერის” მცველებმა შეცდომა დაუშვეს, მორატა მარტოდ დატოვეს და ესპანელმა ერთი შეხებით, გამარჯვების გოლი შეაგდო. სხვათა შორის, შესაძლოა, ეს ალვაროს ბოლო თამაში იყო ტურინულ გრანდში და ვინ იცის, ეგებ ტიფოზებს ასე გამარჯვების გოლით გამოემშვიდობა...

“იუვემ” იტალიის თასი მეთერთმეტედ მოიგო და ეს იტალიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, “ბებერი ქალბატონი” გახდა პირველი გუნდი სამშობლოში, რომელმაც მიჯრით ორი სეზონი სკუდეტოსა და კოპა იტალიის მოგება მოახერხა. “მილანი” კი, თავის მხრივ ზედიზედ მესამე წელია ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ასეთი რამ სილვიო ბერლუსკონის გუნდში მოსვლის მერე არ მომხდარა... ევროპა ლიგას კი გვიან ზაფხულში დებიუტანტი ეყოლება – “სასუოლო”.

“მილანი” – “იუვენტუსი” 0:1 (დ.დ) (0:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 60 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, დე შილიო; პოლი (ნიანგი 85), მონტოლივო (მაური 109), კუცკა (ბალოტელი 112); ჰონდა, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; რუგანი, ბარძალი, კიელინი; ლიხშტაინერი (კუადრადო 75), ლემინა, ერნანესი (მორატა 108), პოგბა, ევრა (ალექს სანდრო 62); დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: მორატა (110)

გაფრთხილება: ძაპატა (50), ჰონდა (88), ნიანგი (101), მაური (120) - პოგბა (62), ბარძალი (105), კიელინი (117), მორატა (120), რუგანი (120)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (4) - 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.173413