ფეხბურთი

12:36 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ტიტულით წასვლა უნდა, ტუხელს პირველი ჯილდოს მოგება

დღეს, სეზონი დარულდება გერმანიაში – თასის ფინალით, ბერლინში ერთმანეთს “დორტმუნდი” და “ბაიერნი” ხვდებიან. პეპ გვარდიოლა ტიტულით წასვლას ეცდება, ხოლო ტომას ტუხელი დორტმუნდში პირველი ჯილდოს მოგებას. გარდა ამისა, გუნდებს ერთმანეთთან ძველი ანგარიშებიც აკავშირებთ – მოკლედ, არ მოიწყენთ თუ ამ თამაშს უყურებთ...

მიუნხენის “ბაიერნს” შანსი აქვს სეზონი დუბლით დაასრულოს და “ვერცხლის სინის” მერე ყულაბას ქვეყნის თასიც შემატოს. ხოლო “ბორუსიას” ამბიციები აქვს დასამტკიცებელი – თუნდაც ის, რომ ბუნდესლიგაში “ბაიერნისთვის” მთელი სეზონი შემთხვევით არ უდევნია. გუნდები აღნიშნულ მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან და დასაზოგიც აღარაფერი აქვთ. ამ მატჩით მათთვის სეზონი სრულდება, ხოლო პეპ გვარდიოლასთვის საერთოდ, მიუნხენურ ეტაპს დაესმება წერტილი. გამოცემა “კიკერს” თუ ვენდობით, ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გავა მოედანზე. თანაც ტრადიციული შემტევი ტაქტიკით ითამაშებენ. ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში “დორტმუნდმა” მეტოქეს ვერცერთი თამაში მოუგო – ჯერ მიუნხენში განადგურდა (1:5) და მერე შინ უგოლო ფრეს გამორჩა. საერთოდ, “ბაიერნს” “დორტმუნდთან” უკვე ხუთი თამაშია არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე), ხოლო ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 3-ჯერ წააგო მის დღევანდელ მეტოქესთან.

სამაგიეროდ, “ყვითლებმა” “რეკორდმაისტერი” შარშან თასის ნახევარფინალში დაამარცხეს მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში (2:0). დიახ, იმ შეხვედრაში ბაიერნმა” ვერცერთი პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, მერე “დორტმუნდი” ფინალში “ვოლფსბურგთან” უშანსოდ დამარცხდა. აი, ორი წლის წინ კი ანალოგიური ფინალი იყო გერმანიის თასზე – მაშინ “ბაიერნმა” დამატებით დროში იმძლავრა – 2:0. 2012 წლის 12 მაისს, კი ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში “ბორუსიამ” მეტოქე გააცამტვერა (5:2). იურგენ კლოპის შეგირდთაგან მაშინ გოლები შინჯი კაგავამ, მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. – პოლონელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ახლა რობერტი “ბაიერნის” წევრია და საპირისპირო ვითარებაშია, “ბორუსიას” შეუტევს. რაც შეეხება ჰუმელსს: მატსი ჯერ კიდევ “დორტმუნდის” წევრია, მაგრამ დღეს იგი ბოლოჯერ მოირგებს ყვითელ მაისურს და ივლისიდან მიუნხენელებს შეუერთდება...

აი, 2008 წელსაც “ბაიერნი” - “დორტმუნდი” იყო ფინალი და მაშინ ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა მოიგო – 2:1. მატჩის გმირი იტალიელი ლუკა ტონი გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ლუკამ გადამწყვეტი გოლი 103-ე წუთზე გაიტანა. მთლიანობაში კი, ეს ორი გუნდი გერმანიის თასზე ერთმანეთს რვაჯერ გადაეყარა და აქედან 4 ფინალი იყო. ხსენებული 8 თამაშიდან “ბაიერნმა” ძირითად დროში სამი მოიგო, ხოლო “დორტმუნდმა” – ერთი. ოთხ ჯერზე დამატებითი დრო ან პენალტების სერია დაინიშნა და მათგან ოპონენტებმა 2-2-ჯერ მოიგეს.

“ბაიერნი” კარგ ფორმაშია – “რეკორდმაისტერმა” ბოლო 12 თამაშიდან ერთადერთხელ წააგო (ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან”), მთლიანად სეზონში ოდენ ოთხჯერ დამარცხდა – ორჯერ ლიგაზე, ორჯერ ბუნდესლიგაში. რაც შეეხება “დორტმუნდს”, მან აქამდე სეზონში შვიდი მარცხი განიცადა: 4 ბუნდესლიგაში, 3 ევროპა ლიგაზე. ამასთან, ტომას ტუხელის გუნდმა ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 82 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბერლინი, “ოლმპიაშტადიონი”

21 მაისი, 22:00 საათი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ლამი; ბენატია, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო; დუგლას კოშტა, მიულერი, ვიდალი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, კასტრო; მხითარიანი, კაგავა, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: მარკო ფრიტცი

გამოკითხვა
თქვენი პროგნოზი
ხმის მიცემა შედეგი
0.115467