ფეხბურთი

2:04 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედმა” პრემიერლიგა გამარჯვებით დაასრულა

პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის უკანასკნელი შეხვედრა გუშინ “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბორნმუთს” დაუხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

“იუნაიტედს” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის გასაფორმებლად ქულა სჭირდებოდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, რადგან თანაქალაქელ “სიტის” ბურთების სხვაობაში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა.

მასპინძლებმა პირველი ნახევარი უეინ რუნის გოლით მოიგეს, რომელმაც 43-ე წუთზე ენტონი მარტიალისა და ხუან მატას ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა.

74-ე წუთზე თავის გამოჩენა ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრილმა მარკუს რეშფორმა მოახერხა, რომლისთვის ეს გოლი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს და როი ჰოჯსონმა ევრო 2016-ზე წაიყვანოს.

87-ე წუთზე უეინ რუნის გადაცემა ეშლი იანგმა შეირგო და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო 93-ე წუთზე კრის სმოლინგმა ავტოგოლი შეაგდო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ასახა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ სმოლინგის ავტოგოლმა ოქროს ხელთათმანის მფლობელის ვინაობა გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ დე ხეა გუშინ გოლს არ გაუშვებდა, მას და პიოტრ ჩეხს 16-16 მშრალი შეხვედრა დაუგროვდებოდათ აწ უკვე დასრულებულ პრემიერლიგაში, მაგრამ ესპანელმა კიპერმა ბოლო წუთზე გაუშვა და აღნიშნული ჯილდო გამოცდილ მეკარეს დარჩა. დე ხეას მსგავსად, 15-15 მშრალი მატჩი ჩაატარეს კასპერ შმეიხელმა და ჯო ჰარტმა.

მანჩესტერ იუნაიტედი – ბორნმუთი 3:1 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, ბორთუიკ-ჯექსონი, კერიკი, რუნი, ლინგარდი, მატა (ერერა 75), მარტიალი (იანგი 84), რეშფორდი (დეპაი 79).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ბორნმუთი (4-4-2): ფედერიკი, ელპჰიკი, კუკი, დანიელსი, ფრანცისი, სურმანი, გოსლინგი, პუგი (გრადელი 66), რიტჩი, უილსონი (გრებანი 79), კინგი (აფობი 67).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 რუნი (43), 2:0 რეშფორდი (74), 3:0 იანგი (87), 3:1 სმოლინგი (93 ს.კ.)
გაფრთხილებები: მატა
მსაჯი: ჯონათან მოსი

0.109514