ფეხბურთი

10:34 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “გარანტიას არავინ მოგცემს, მაგრამ იდეაში პირველი მეკარე ვიქნები”
“სასიამოვნოა ნებისმიერი აღიარება და გამიხარდა. მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა ორმაგად სასიხარულოა”

გიორგი მაკარიძე ახალი სეზონიდან პორტუგალიის მთავარ ლიგაში ითამაშებს. ოღონდ არა “ფეირენსეს”, არამედ “მორეირენსეს” რიგებში. როგორც გიორგიმ worldsport.ge-ს განუცხადა, ახალ გუნდში იმედით აღსავსე მიდის და აღნიშნული გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის გამო მიიღო.

მაკარიძე ლევან ყენიასთან და ლევან მჭედლიძესთან ერთად ძალზე პატარა იყო, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოჩნდა. ეს 2007 წელს მოხდა, კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას.

სწორედ მაკარიძე იცავდა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის კარს, როდესაც თბილისში შოტლანდიას 2:0 მოვუგეთ. მერე გიორგი სათამაშოდ საფრანგეთში წავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი “ლე მანში” გაატარა და ლიგა 1-შიც ითამაშა 2 მატჩი. აღნიშნული პერიოდის მერე დაღმასვლა იყო ერთწლიანი, თუმცა 2014 წელს, პორტუგალიურ “ფეირენსეში” ჩაირიცხა.

გავიდა ცოტა ხანი, სულ რაღაც წელიწადნახევარი და გიორგი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო მისი ლიდერობით “ფეირენსე” პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა. ბუნებრივია, მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არც ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს დარჩენიათ: ჯერ კახა ცხადაძემ დააბრუნა იგი ეროვნულ გუნდში, ახლა კი, ვლადიმირ ვაისმაც უხმო.

- “ფეირენსემ” უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. როგორი ატმოსფერო იყო ამ წარმატების შემდეგ?

- მე პირადად ძალიან გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ გულშემატკივრები ასე დაგვხვდებოდნენ. ბევრი ხალხი იყო გარეთ და ყველა ბედნიერი გახლდათ.

- როგორ შეაფასებდით განვლილ სეზონს, როგორც მთლიანად გუნდისთვის, ისე თქვენთვის?

- ორივეს დადებითად – თითოეულმა ფეხბურთელმა მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომა და დაგვიფასდა კიდევაც. აღვნიშნავ, რომ ასეთ ოჯახურ გუნდში ჯერ არ ვყოფილვარ. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად. ამანაც განაპირობა შედეგი.

- “ფეირენსეში” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს...

- სასიამოვნოა ნებისმიერი აღიარება და გამიხარდა. მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა ორმაგად სასიხარულოა. სეზონის განმავლობაში ვგრძნობდი გულშემატკივართა სიყვარულს და გუნდში აბსოლუტურად ყველასგან ნდობას.

- თუმცა, ახალი სეზონიდან “ფეირენსეში” აღარ ითამაშებ. “მორეირენსეზე” რას იტყვით?

- დიახ. ცოტა გული მწყდება, მაგრამ იყო ბევრი მიზეზი, რის გამო “მორეირენსეში” გადავწყვიტე წასვლა. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის უკეთესი გამოდგება და ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ახალ გუნდზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია – ერთი საშუალო დონის გუნდია და იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში ცხრილის ზედა ნაწილში დაამთავრებს სეზონს. გადამწყვეტი როლი მწვრთნელმა ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. “ფეირენსეს” მწვრთნელი იყო წელს პეპა და “მორეირენსეში” იქნება ზაფხულიდან. ძალიან მომწონს მისი სტილი. თანაც, მენდობა მაქსიმალურად.

- ანუ, ფიქრობთ, რომ სათამაშო პრაქტიკა უწყვეტად გექნება...

- მაგის 100%-იან გარანტიას არავინ მოგცემს, მაგრამ იდეაში პირველი მეკარე ვიქნები და მერე იმედია, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

- თუ იცნობთ ვინმეს ახალი თანაგუნდელებიდან?

- დიახ, ერთს ვიცნობ. ბოლო 5 თვე “ფეირენსეში” თამაშობდა იჯარით.

- რა მოლოდინი გაქვთ შემდეგი სეზონიდან და რა ნომრით ითამაშებთ?

- ნომერი ჯერ არ ვიცი, არ ამირჩევია. გუნდი 1 ივლისს იწყებს შეკრებას და მეც შევუერთდები. მოლოდინს რაც შეეხება, წინასწარ მაგაზე არ ვფიქრობ. ვარჯიშზე და თამაშებზე მაქსიმუმის გაკეთება – მოლოდინიც და მიზანის ესაა.

- “ფეირენსეს” დავუბრუნდეთ – როგორ ფიქრობთ, რა მოგცათ ამ გუნდში გატარებულმა პერიოდმა?

- ალბათ, არასდროს დამავიწყდება ეს გუნდი. მხოლოდ და მხოლოდ დადებითად გამახსენდება და სიხარულთან იქნება დაკავშირებული ყველა მოგონება “ფეირენსეზე”. ამ გუნდმა თავდაჯერებულობა დამიბრუნა. მანამდე 1 წელი უგუნდოდ ვიყავი, სანამ აქ ჩამოვიდოდი. ცოტა თავდაჯერებულობა დაკარგული მქონდა და სპორტში ნიჭზე, ვარჯიშზე და ყველაფერზე წინ სწორედ ეს დგას.

- თქვენი ფავორიტი გუნდი პორტუგალიაში...

- “სპორტინგი” უფრო, შმეიხელის გამო.

- ნაკრებზე ვთქვათ – პორტუგალიის სუპერლიგაში სათამაშო პრაქტიკა გექნება, ბუნებრივია, რომ ეროვნული ნაკრების პირველი მეკარეობა არ იქნება უტოპია...

- მგონი ნორმალურია, რომ ყველა ფეხბურთელის მიზანი მაქსიმუმი იყოს. აქედან გამომდინარე ნაკრებში ძირითადში თამაშიც. მიზნად მაქსიმუმი უნდა დაისახო და ისწრაფო ამ მიზნისკენ. სადამდე მიხვალ სხვა საკითხია, მაგრამ მიზანი ყოველთვის მაქსიმუმი უნდა იყოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები?

- მთელი ქვეყნის სახელით თამაშობ და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ალბათ, საკუთარი ქვეყანა ყველას განსაკუთრებულად უყვარს და შენს ხალხს, რომ ანიჭებ ბედნიერებას ორმაგად სასიამოვნოა. თუმცა, ჩემთვის ფეხბურთი მაინც სპორტია, მაგრამ დღეს უფრო მაღლა არის აყვანილი, ვიდრე უბრალოდ სპორტი...

- სხვა გუნდებიდან თუ გქონდა მოწვევები?

- კი მქონდა, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელობა აღარ აქვს ამას.

- და მაინც, საინტერესოა მკითხველისთვის...

- “ნასიონალი”, “ბოავიშტა” – კიდე რამდენიმე გუნდი სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ განმიხილავს, სხვა ქვეყანაში წასვლა, რადგან “მორეირენსესა” და იმ გუნდებში დიდი სხვაობა არ იყო.

- ვინ მიგაჩნია შენს პოზიციაზე საუკეთესოდ?

- ჯანლუჯი ბუფონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11421