ფეხბურთი

17:54 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: “ყოველდღიურად ვცდილობ, რომ როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო”

პოლონეთის ექსტრაკლასა დასრულდა, ლაშა დვალის “შლიონსკმა” ბოლო 7 ტური ქვედა რვა გუნდს შორის ჩაატარა, რომლებიც ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ. თუმცა “შლიონსკს” დიდი საფრთხე არ დამუქრებია, საკმაოდ ძლიერად ითამაშა და ამ რვა გუნდს შორის მეორეზე გავიდა. დვალიც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო ვროცლავის კლუბში, 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.

Worldsport.ge დვალს ესაუბრა. ლაშამ გვითხრა, რომ მომდევნო სეზონშიც “შლიონსკში” ითამაშებს.

- “დუისბურგში” სეზონის პირველი ნახევარი გაგიცდა, ფაქტობრივად, არ გითამაშია, მაგრამ ზამთარში “შლიონსკში” გადახვედი და კარგად წარმოაჩინე თავი. ეს რის ხარჯზე?

- შეკრება გავიარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩემს საქმეს ვაკეთებდი უბრალოდ, ყოველდღიურად ვცდილობდი და ვცდილობ, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი.

- ამ ეტაპზე როგორ ფორმაში ხარ?

- საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. მზად ვარ, ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო.

- ნაკრებიდან მოწვევა მოგივიდოდა...

- ჯერ ის ვიცი, რომ მოწვევა მომივიდა როგორც ეროვნული, ასევე 21-წლამდელთა ნაკრებიდანაც. სად ვითამაშებ, ჯერ არ ვიცი.

- მარტის ბოლოს ჯერ 21-წლამდელებში ითამაშე, მერე კი ეროვნულ ნაკრებში გადაინაცვლე. გია გეგუჩაძესთანაც იმუშავე და ვლადიმირ ვაისთანაც: რას იტყვი მათზე, რით ჰგავს მათი შეხედულებები ფეხბურთზე და რით განსხვავდება?

- ორივენი მაღალი დონის მწვრთნელები არიან. წარმატებებს ვუსურვებ გეგუჩაძესაც და ვაისსაც. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

- “შლიონსკში” მარცხენა განაპირა მცველადაც თამაშობდი?

- დიახ, ბოლო თამაშები ფლანგზე ვიყავი, მანამდე კი ცენტრალურ მცველად მათამაშებდნენ.

- “კორონას” გოლი რომ გაუტანე, ქართული ცეკვით აღნიშნე. ეს სპონტანურად გააკეთე თუ წინასწარ მოფიქრებული გქონდა?

- დიდი ხანი მინდოდა გოლის გატანა და თან მსურდა, რომ ასე აღმენიშნა. ამის შემდეგ როცა გავიტან, ყოველთვის ასე მოვიქცევი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113585