27-31 მაისს, თბილისის “დინამოს” ორგანიზებით, ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი გაიმართება. ტურნირი 16-წლამდე გუნდებს შორის ჩატარდება და რვა კლუბი ითამაშებს. ამ რვა კლუბიდან ექვსი უცხოური იქნება, ხოლო ორი – ქართული. როგორც შევიტყვეთ, ეს გუნდები იქნებიან: “ხეტაფე” (ესპანეთი), “ბეშიქთაში”, ტრაბზონსფორი” (ორივე – თურქეთი), “ლეხია”(გდანსკი, პოლონეთი), “ალკმაარი” (ჰოლანდია), “შერიფი” (მოლდოვა), “დინამო” (თბილისი, საქართველო) და “ლოკომოტივი” (თბილისი, საქართველო). წინასწარ ასეა, თუმცა შესაძლოა, გუნდები შეიცვალოს.
16-წლამდელებს შორის (2000 წელს დაბადებულები) კი იქნება ტურნირი, მაგრამ ყველა გუნდს შეეძლება ხუთი 1999 წელს დაბადებულის განაცხადში შეყვანა, ოღონდ, მინდორზე ამ ხუთიდან ერთდროულად სამს შეეძლება ყოფნა.
მატჩებს ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს აკადემია” უმასპინძლებს, ხოლო ფინალი ”დინამო არენაზე” გაიმართება. ამ ტურნირის თაობაზე, უახლოეს დღეებში “დინამოს” ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს.
ისე კი, დაგვეთანხმებით, ეს ტურნირი მართლაც მშვენიერი შანსი იქნება თავის წარმოსაჩენად. ქართველი ჭაბუკები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.







