ფეხბურთი

10:29 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის ფინალი ქუთაისში: თამაშიც და გამოცდაც

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 25-ჯერ გამართულა და ყოველთვის თბილისში: ოცჯერ “დინამო არენაზე” და ხუთჯერ “მიხეილ მესხზე”. წლეულს, 18 მაისს პირველად მოხდება, რომ ფინალი დედაქალაქს მიღმა ჩატარდება, კერძოდ კი, ქუთაისის “რამაზ შენგელიას” სტადიონზე. მისასალმებელი ფაქტია და თუUრატომ, ამას ახსნაც შეიძლება.

ჯერ ერთი, ქართული ფეხბურთი მხოლოდ თბილისი არ უნდა იყოს, რეგიონებს ყურადღება უნდა ექცეოდეს და კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ მხრივ მიზანმიმართულად მუშაობს. ქუთაისური ფეხბურთის ტრადიციებზე კი ბევრს არ ვისაუბრებთ: მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ დღეს 13 მაისია, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღე და 35 წლის წინ ქუთაისელი მოთამაშეები დიდ როლს ასრულებდნენ თბილისის “დინამოში”. ერთ-ერთი მათგანის სახელობისაა ქუთაისის სტადიონიც – ცხონებული რამაზ შენგელიასი.

თასის ფინალს დავუბრუნდეთ და აღვნიშნოთ, რომ ქუთაისისთვის ეს ტესტია. თუ ყველაფერი კარგად ჩატარდება, “რამაზ შენგელიას” სტადიონზე სანაკრებო თამაშებიც შეიძლება ვიხილოთ. ადგილობრივი გულშემატკივრების გარდა, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამოსა” და ბოლნისის “სიონის” ფანებიც იქნებიან. რისკის ფაქტორი ახლავს თამაშს და ვიმედოვნებთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ემოციები და მხურვალე ქომაგობა უნდა იყოს, აბა, სხვაგვარად ელფერს დაკარგავს თამაში, მაგრამ წესის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, ესაა მთავარი.

მოკლედ, ერთგვარი გამოცდაა ქუთაისისთვის. ნდობა გამოუცხადეს და ახლა მეტი ნდობაა მოსაპოვებელი, რათა საერთაშორისო თამაშებიც გაიმართოს “რამაზ შენგელიას” სტადიონზე.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამოს” 12-ჯერ მოუგია საქართველოს თასი და მოქმედი მფლობელიც გახლავთ, “სიონს” კი ეს ტიტული არ აქვს. მხოლოდ ერთხელ, 13 წლის წინ იყო ფინალში და სწორედ “დინამოსთან” წააგო – 1:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111278