ფეხბურთი

11:02 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოლოდინი – ვისთვის როგორი

ერთი თვეც კი აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე, მაგრამ 24 წლის წინანდელი აჟიოტაჟით დავიწყებ. შვედეთში ევროპის ჩემპიონატის გახსნიდან მეორე დღეს მთელს უბანში შუქი გამოირთო, ტრანსფორმატორი აფეთქდაო, თქვა ერთმა და მახსოვს, უბანი თითქმის დაცარიელდა: ახალგაზრდებმა და უფროსმა თაობამაც ნათესავ-ახლობლებს მიაკითხა თამაშების საყურებლად.

ზუსტად მახსოვს, ჰოლანდია-შოტლანდია იყო და მერე ღამე გერმანია-დსთ. მაშინ ქვეყანაში დალაგებული პოლიტიკური ვითარება არ იყო, გაჩნდა ლუკმა-პურზე ფიქრიც და მაინც, ფეხბურთით ცხოვრობდა ხალხი. ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატს კი სხვა მუღამი ჰქონდა.

ეზოში ურთიერთობა, აზრების გაცვლა-გამოცვლა, კამათი, სანაძლეოები იყო. დღეს ეს თითქმის მოიშალა, ფეხბურთი და ზოგადად სპორტი ჩაანაცვლა პოლიტიკამ. ადრე კაუნასის “ჟალგირისის” საკალათბურთო გუნდის ხუთეულს უფრო ჩამოგითვლიდნენ, ვიდრე ხუთ პოლიტიკოსს, დღეს კი... სოციალურ ქსელებში, ეზოში, ტრანსპორტში და ყველაზე მეტად, ტელევიზორში.

ერთი თვეც აღარ დარჩა, ადრე კი ხუთი თვით ადრე გრძნობდი, რომ ევროპის ჩემპიონატის წელიწადი იყო. ვერ აღვწერ, ეს უნდა განგეცადა – გრძნობდი ემოციური თვალსაზრისით, ხუთწუთიან საუბარში ვიღაც მაინც დაიწყებდა ლაპარაკს მარკო ვან ბასტენზე, რუუდ გულიტზე, იურგენ კლინსმანზე.

მგონი, ახალს მართლაც არაფერს ვწერ, უბრალოდ, პარალელი გავავლე ძველ წლებსა და ახლანდელს შორის. ეტყობა, საკლუბო ფეხბურთში ამხელა ფულის შემოდინებამ და გლობალიზაციამ, კლუბებს რომ იერსახე დაუკარგა, “ბაიერნი” რომ ესპანურ ყაიდაზე აათამაშაAდა გერმანულისა თითქმის არაფერი დაუტოვა, ამანაც იმოქმედა.

თითქოს ჩაიყლაპა ეროვნულობის განცდა, ერების ბრძოლა, არადა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ამისაა. გულდასაწყვეტია, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ მეხსიერებას უფრო სანაკრებო თამაშები შემორჩება ხოლმე. უკვდავია ვან ბასტენის ყუმბარა რინატ დასაევის კარში, სევილიის ნახევარფინალი (გფრ-საფრანგეთი), პაოლო როსის სამი გოლი ბრაზილიის კარში, დიეგო მარადონას “ღმერთის ხელი” და ზემოდან დაყოლებული სუპერგოლი, დანიის სასწაული 92-ში...

ვისურვებდი, რომ წლების მერე ასე გაეხსენებინოთ 2016 წლის ევროპაზე მომხდარი ამბები. ვნახოთ, რა მოხდება.

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122462